ავტორი:

ფეხბურთის მეფეს სიარული აღარ შეუძლია - პელეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და დეპრესია სტანჯავს

ფეხბურთის მეფეს სიარული აღარ შეუძლია - პელეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და დეპრესია სტანჯავს

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, პელეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემა ტელეკომპანია GLOBO-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პელეს სიარული აღარ შეუძლია და მძიმე დეპრესია სტანჯავს.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, რომელსაც ყველა დროს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ, გასულ წელს საავადმყოფოში მოხვდა და ექიმებმა მას საშარდე გზების ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს.

79 წლის პელეს წელის პრობლემებიც აწუხებს და დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია, ის შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით გადაადგილდება.

"ის ძალიან მოწყენილია და თავს ცუდად გრძნობს“, - ამბობს ტელეკომპანია "გლობოსთან“ პელეს ვაჟი, ედინიო.

ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეირყა. ფეხბურთის მეფეს პროსტატის ოპერაცია ჩაუტარდა და ხშირად უწევს საავადმყოფოში ყოფნა.

"წარმოიდგინეთ, ის მეფეა, რომელიც ყოველთვის მოძრაობაში იყო და დღეს სიარული აღარ შეუძლია.

ის ამბობს, რომ გარეთ გასვლა აღარ უნდა, არ უნდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ვინმემ დაინახოს, არ სურს სახლის დატოვება, ის გულგატეხილია. წელზეც ჩაუტარდა ოპერაცია და რეაბილიტაციამ ვერ ჩაიარა კარგად. ვეღარ დადის. ყოველივემ კი დეპრესიაში ჩააგდო“, - ამბობს პელეს შვილი.

პელე თავის ვაჟთან, ედინიოსთან ერთად

თავისი 21 წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში პელემ 1 363 მატჩში 1 281 გოლი გაიტანა და ეს შედეგი დღემდე რეკორდულია. მისი გამეორება ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო.

ჩრდილოეთ კორეაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, ადამიანი დახვრიტეს

მსოფლიო მოსახლეობის ორ-მესამედს კორონავირუსით ინფიცირება ემუქრება? - რას ვარაუდობს ჯანმო-ს მრჩეველი

ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა - რა გავლენას მოახდენს გაყინული კონტინენტის  ლღობა დედამიწაზე