ავტორი:

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში მწეველ ქალთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც ქალბატონების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში მიმდინარე აქტიური ანტითამბაქოს კამპანიის მიუხედავადაც კი, მწეველობაზე უარს ყველაზე ძნელად ქალები ამბობენ.

რა სიტუაციაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა განსაზღვრავს ქალი მწეველების სიმრავლეს, რატომ ვერ ამბობენ უარს ადამიანები მოწევაზე და რა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს თამბაქოს მოხმარება, ამ თემაზე AMBEBI.GE-ს სპეციალისტები ესაუბრებიან.

კახა ღვინიანიძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის თამბაქოს კონტროლის პროგრამის ოფიცერი:

- ბოლო 30 წლია, განვითარებად ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, ქალებში მწეველობის რიცხვმა მოიმატა. ეს დიდწილად თამბაქოს ინდუსტრიის დამსახურებაცაა. ბოლო წლებში ქალები მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. განვითარებულ ქვეყნებში ქალებში მწეველობის დინამიკა კლებადია, მაგრამ განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, პირიქითაა. თამბაქოს ინდუსტრია გამალებით ცდილობს, თამბაქოს პროდუქტებით უფრო მეტი ქალი მიიზიდოს და დამოკიდებული გახადოს. ძალიან აგრესიულ მარკეტინგს ახორციელებენ. შედეგად საქართველოში ქალების 12% მწეველია, მაშინ, როდესაც 90-იან წლებში ეს ციფრი 1-2%-ის ფარგლებში მერყეობდა

მისივე თქმით, საქართველოში თამბაქოს რეკლამის აკრძალვამდე, უზარმაზარ ბანერებზე და თამბაქოს პროდუქციის რეკლამებში აქცენტი ყოველთვის ქალებზე, მათი ცხოვრების ახალ სტილზე და არჩევანის თავისუფლებაზე კეთდებოდა. უნდოდათ, რომ თამბაქოს მოხმარება ქალებში ემანსიპაციის ტრენდისთვის მიებათ.

"ამ დროს, დასავლეთის ქვეყნებში თავისუფლება თამბაქოსგან გათავისუფლებასთან, ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირდება. ადამიანის თამბაქოზე მიჯაჭვულობა განვითარებულ ქვეყნებში მოდური არ არის. ჩვენთან კი ისინი ცდილობენ, ამ გარდამავალ ეტაპზე, ისე წარმოაჩინონ ყველაფერი, თითქოს თავისუფლება უპასუხისმგებლობას ნიშნავს, რაც აბსურდია.

მათი პროდუქციის შეფუთვა, კოლოფები ისეთი ლამაზი და ფერადია, გეგონება, შიგნით რაღაც ჯანსაღი პროდუქტი იდოს, რომელიც ადამიანს არ კლავს. ეს თამბაქოს ინდუსტრიის ტაქტიკა და სტრატეგიაა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში მამაკაცებში 55% ეწევა, ქალებში კი თითქმის 12% მწეველია, ანუ ჯერ კიდევ დიდი რესურსი ჰყავთ დასაპყრობი, რომ ბაზარი გააფართოონ. ამიტომაც, ათასნაირ, მიმზიდველი დიზაინის კოლოფებს უშვებენ" - ამბობს კახა ღვინიანიძე.

- რატომ უჭირს ადამიანს თამბაქოსთვის თავის დანებება?

- პირველ რიგში, აუცილებელია, რომ არამწეველები მოწევის ცდუნებისგან დავიცვათ, მათ არ უნდა გასინჯონ ეს პროდუქტი, არ უნდა გაუჩნდეთ ცრუ მოლოდინები და არ წამოეგონ ინდუსტრიის ანკესს! მათ კი, ვინც ცდუნება ვერ ძლია და მწეველობაზე თავის დასანებებლად მკურნალობა სჭირდებათ, მხოლოდ სურვილი არ შველით. ძალიან ბევრი, სამედიცინო მნიშვნელობის ფაქტორი გროვდება. მწეველთა უმრავლესობას სურს, თავის დანებება, მაგრამ ნიკოტინი იმდენად ძლიერი ნარკოტიკია, თან ლეგალურად მოწოდებული, რომ მისთვის თავის დანენება ისევე რთულია, როგორც თუნდაც ჰეროინისთვის. ბევრად ადვილია, მოწევა არ დაიწყო, ვიდრე ის "გადააგდო"...

14 იანვრიდან მოწევაზე თავის დასანებებელი სამკურნალო საშუალებები დღგ-ს და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდა. ვიმედოვნებ, ეს მათ გაიაფებას გამოიწვევს და უფრო მეტი მწეველისთვის გახდება ხელმისაწვდომი, რომ უარი თქვან თამბაქოს მოხმარებაზე. მწეველთა უმრავლესობას სურს თავის დანებება, ისინი როგორც წესი, გამოცდიან ხოლმე აბსინენციის სინდრომს ე.წ. "ლომკას" და შემდგომ მისი გადალახვა უჭირთ, ხოლო თუ გადალახეს, ამ მდგომარეობის შენარჩუნება უჭირთ. ამ დროს კარგი დახმარება და საუკეთესო ხერხია "ცხელ ხაზთან" დაკავშირება, სადაც გამოცდილი სპეციალისტები მუშაობენ. თუკი მათგან დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა, შეიძლება, ექიმთან გადაამისამართონ.

თამაზ მაღლაკელიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი:

- თამბაქოს მოხმარება წამლავს ორგანიზმს, მისი მომხმარებლების ნახევარი ნაადრევად იღუპება. ადამიანებს ვინც თამბაქოს პროდუქტებს მოიხმარს, დიდი ალბათობით ქრონიკული, ფილტვის ობსტრუქციული და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები უვითარდებათ, მათ შორის გულის იშემია, ჰიპერტონია... ეს ყველაფერი კი მოქმედებს ონკოლოგიაზე. განსაკუთრებით ქალებს უვითარდებათ ონკოლოგიური დაავადებები - ძუძუს კიბო, საშვილოსნოს ყელის სიმსივნეები, ასევე კანის ნაადრევი სიბერე. ამის გარდა, უვითარდებათ კატარაქტა, დიაბეტი, სისხლძარღვთა დაავადებები. თამბაქოს ნაწარმში შემავალი 7000 ქიმიური ნივთიერებიდან 250 ჯანმრთელობისთვის საზიანოა, 70 კი უშუალოდ კიბოს გამომწვევია.

- თამბაქოზე დამოკიდებული ქალი მეტად ხდება, თუ მამაკაცი?

- რატომღაც ასეა ცნობილი, რომ ქალები ნარკოდამოკიდებულები მეტად არიან. თუ ორსულად არის და ეწევა, განსაკუთრებით ნაყოფია საფრთხეში. შესაძლოა, ბავშვი დაბადების შემდგომ მიდრეკილი იყოს ბრონქიალური ასთმისკენ, ჰქონდეს ფილტვების ზრდაში ჩამორჩენა, მორეციდივე ხშირი ინფექციური დაავადებები. ასევე დიდია პირის ღრუს, საყლაპავის, შარდსაწვეთის, საშილოსნოს ყელის, პანკრიასის კიბოს განვითარების რისკი.

- თამბაქოსთვის თავის დანებების შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რა ცვლილებები ჩნდება ორგანიზმში?

- 20 წუთში გულისცემის სიხშირე და არტერიული წნევა იწევს, 12 საათში სისხლში ნახშირორჟანგის დონე ნორმამდე იკლებს, 2-12 კვირაში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ფილტვის ფუნქცია იზრდება. 1-დან 9 თვეში ხველა და სუნთქვის უკმარისობა მცირდება. ერთ წელიწადში გულის კორონარული დაავადებების რიცხვი, მწველებთან შედარებით 2-ჯერ უფრო დაბალია, 5-10 წელიწადში ინსულტის განვითარების რისკი შემცირებულია, 10 წელიწადში ფილტვის კიბოს განვითარების რისკი 2-ჯერ ნაკლებია. თუ 30 წლის ასაკში შეწყვეტენ მოწევას, სიცოცხლე 10 წლით გაუხანგრძლივდებათ, 40 წლის ასაკში - 9 წლით, 50 წლის ასაკში - 6-ით და 60 წლის ასაკში 3 წლით გახანგრძლივდება.

- როგორ დავანებოთ თავი თამბაქოს?

- ვთქვათ, გადაწყვიტეთ თავის დანებება, დათქვით თარიღი. უნდა გამოიყენოთ ყველა ის საშუალება, რაც თქვენ გარშემოა - დახმარება შეიძლება მივიღოთ ოჯახისგან, მეგობრებისგან, ექიმისგან. როდესაც თავის დანებებას გადაწყვეტეთ, შინიდან უნდა მოაშოროთ საფერფლე, თამბაქოს კოლოფი, რომ მოწევის მოტივაცია არ გაიზარდოს. მეგობრებთან უნდა გამოაცხადოთ, რომ აღარ ეწევით... ასევე არსებობს მედიკამენტების ჯგუფი, რაც თამბაქოსგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.

ანა დეკანოსიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თამბაქოს ჯგუფის მთავარი სპეციალისტი:

- მწეველების დიდი რაოდენობა დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში გვხვდება, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში. თამბაქოს ინდუსტრიის ფოკუსი სწორედ ასეთ ქვეყნებზეა, სადაც საზოგადოება თამბაქოს მოხმარების თვალსაზრისით ყველაზე მოწყვლადია. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მაგალითად, დასავლეთ ევროპაში ათწლეულებია, ეს ციფრი აქტიურად იკლებს. იციან, რომ ამ ქვეყნებში ფეხს ვეღარ მოიკიდებენ და მთელი აქცენტი ჩვენნაირ ქვეყნებზეა გადატანილი, მათ შორის, ფოკუსი უფრო მეტად ქალებზე კეთდება.

ისტორიულად მწეველები მამაკაცები იყვნენ, ქალებში ტაბუც მოქმედებდა. დღეისათვის მსოფლიო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მწველებს შორის 35% მამაკაცია და 6% - ქალი. მსოფლიოს ზოგადი მონაცემებით ქალებშიც იკლებს მწეველობა, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ქალებსა და მამაკაცებს შორის მწეველობა ერთმანეთს უთანაბრდება.

ჩვენი ცენტრი ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. მათი დახმარებით ბევრ კვლევას ვატარებთ. რა ხდება ჩვენთან? მაგალითად, "სტეპის" კვლევის მიხედვით მწეველობამ ზოგადად 2010-დან 2016 წლამდე 2-3%-ით მოიმატა. 2016 წლის მონაცემით, ქალებში მწეველობა 7,3% იყო. ასევე ამ კვლევის ფარგლებში ჩატარდა ნიკოტინის ტესტი, რომელიც შარდში ნიკოტინის შემცველობას ადგენს. აღმოჩნდა, რომ ქალების 12,2%-ია მწეველი, ესეც იმის შედეგია, რომ ყველა მწეველობას არ აღიარებს, ხშირად მკვლევარებს ისეთი ადამიანებიც შეხვედრიათ, რომლებიც ამბობენ - კი ვეწევი, მაგრამ მანდ არ ჩაწერო.

ასევე ჩავატარეთ კვლევა, რომელიც იანვარში დასრულდა, ახლა ამ ყველაფრის დამუშავების პროცესში ვართ, ახალი ინფორმაცია მარტის ბოლოს გვექნება, თუ რა მდგომარეობაა ქვეყნის მასშტაბით მწველობასთან დაკავშირებით .

რადგანაც 2018 წლის 1-ელ მაისს ძალაში შევიდა ახალი კანონი თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით, რომელიც შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოხმარებას კრძალავს. საინტერესოა, კანონის მიღების შემდეგ, რა სურათი გვაქვს, მაგრამ მწეველობის დონე ჯერ არ ვიცით.

მოლოდინია, რომ მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების რაოდენობა უნდა შემცირდეს, შემცირდეს მოხმარებული სიგარეტების, მწეველების რაოდენობაც, - თუმცა ამ ყველაფრის ასე სწრაფად შეცვლა რთულია, პროცესი დიდ დროს მოითხოვს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, Amazon-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი სტუდენტებს წარმატებული კარიერის შექმნის შესაძლებლობებზე ესაუბრა

UFC -ის მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა საქართველოში მასტერკლასი ჩაატარეს

"ნუ აჰყვებით ცილისწამებას" - კულტურის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის შენობის დანგრევა სურთ