ავტორი:

"მიწის ეკონომიის მიზნით ააშენეს, თუმცა იქ კრემაცია არ შემდგარა" - რა ვიცით მუხათგვერდის კრემატორიუმზე და რა საერთო აქვს მას რიტუალების სასახლესთან

"მიწის ეკონომიის მიზნით ააშენეს, თუმცა იქ კრემაცია არ შემდგარა" - რა ვიცით მუხათგვერდის კრემატორიუმზე და რა საერთო აქვს მას რიტუალების სასახლესთან

საქართველოში ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ მთელ კავკასიაში პირველი და ერთადერთი კრემატორიუმის შენობა თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე 1970 წელს აშენდა. როგორ მოხდა ეს, როდესაც კრემაციის კულტურა საქართველოში გავრცელებული არასოდეს ყოფილა, ამის შესახებ პოლიტოლოგი, ექსპერტი ედიშერ ჯაფარიძე გვიამბობს:

- 1970 წელს, თბილისის მერიამ და მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ხუთოთახიანი კრემატორიუმის მშენებლობის ნებართვა გასცა, იმისათვის, რომ დედაქალაქში სასაფლაოებისთვის გამოყოფილი სივრცეების არეალი არ გაზრდილიყო. სასაფლაოები დიდ ადგილს იკავებდა და მიწის ეკონომიის მიზნით კრემატორიუმის აშენება გადაწყდა. შენობის ავტორი ცნობილი ქართველი არქიტექტორი ვიქტორ ჯორბენაძეა, რომელიც ასევე თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის არქიტექტორია. კრემატორიუმი ე.წ. მუხათგვერდის სასაფლაოზეა აშენებული და არსებული შენობა ნაგებობა დღემდე არავის გამოუყენებია, იქ კრემაცია არასოდეს შემდგარა. მას მხოლოდ მუშები იყენებენ, სამუშაო იარაღების შესანახად. კრემაციის კულტურა საქართველოში გავრცელებული არაა, თუმცა ჩვენთან ცოტამ თუ იცის, რომ მთელ კავკასიაში პირველი კრემატორიუმის შენობა სწორედ თბილისში აშენდა და ეს სწორედ საბჭოთა ეპოქის ნანგრევებზე აღმოცენებული ძეგლია, რომელიც კავკასიაში პირველი და ერთადერთია.

მუხათგვერდის კრემატორიუმი

თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლე

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში კრემაცია დადასტურებულია ბრინჯაოს ხანიდან. როგორც ცნობილია, სამგორის ერთ-ერთ გორა-სამარხსა და თრიალეთში ამ წესით მხოლოდ მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლები ყოფილან დაკრძალული, ხოლო ადრინდელ რკინის ხანაში მასობრივი კრემაციული სამარხები ჩნდება სვანეთში, მთიან რაჭაში, აფხაზეთში, სამეგრელოსა და გურიაში. რაც შეეხება მსოფლიოს გამოცდილებას, მსოფლიოს მასშტაბით კრემაცია ფართოდ გავრცელებული ფორმაა და ის მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც გამოიყენება, მათ შორის რუსეთსა და საბერძნეთში. მსოფლიოს სტატისტიკის თანახმად კრემაცია მთელ მსოფლიოში თითქმის ორჯერ იაფია, ვიდრე დაკრძალვა.

მაგალითად ამერიკაში დაკრძალვის მომსახურება 2000 დოლარიდან იწყება, ხოლო კრემაცია - 1000 დოლარიდან, დიდ ბრიტანეთში კი დაკრძალვა 1750 ფუნტიდან იწყება, ხოლო კრემაცია 890 ფუნტს შეადგენს. ყოველივე ამის მიუხედავად, უნდა აღნიშნოს ისიც, რომ საქართველოში რელიგია კრემაციას კრძალავს და ეს ქართველი საზოგადოების უმეტესი ნაწილისათვის მიუღებელია, თუმცა ესეც გემოვნების საკითხია და ამის განსჯა ქართველი მკითხველისთვის მიმინდია.

- საინტერესოა, სამართლებრივი მიდგომა, რამდენად კრძალავს კანონი კრემაციას საქართველოში?

- როგორც ცნობილია საქართველოში არ არსებობს კანონი კრემაციის შესახებ, რომელიც კრძალავს მიცვალებულთა დაწვას. თბილისში სარიტუალო საქმიანობას, დაკრძალვას, სასაფლაოს მოწყობას და ა.შ. არეგულირებს საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება, რომელშიც არაფერი წერია კრემაციის შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი. ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებს 96.03.0 ქვეკლასი შეიცავს და ეს საქმიანობებია: პირველი - გვამის მომზადება დაკრძალვის ან კრემაციისათვის და მეორე დაკრძალვის ან კრემაციის მომსახურება, რომელიც ყველასთვის საერთოა არსებული დადგენილების შესაბამისად.

მთავარი ფოტო: გრიგოლ ფერაძე

"ჩემზე გადმოსული დენი მამაზე გადავიდა და გარდაიცვალა" - გაიცანით თვითნაწავლი მხატვარი ბათუმიდან, რომელსაც ხატვა წარსულის ტრაგედიამ დააწყებინა

"თავზე ტომარა ჩამოაცვეს, წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს" - ომბუდსმენი მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს სასტიკი გატაცების დეტალებზე

რას ჰყვება სოფელ ყანობის ბაგა-ბაღის მასწავლებელი, რომლის მუსიკის გაკვეთილიც ინტერნეტ-ჰიტად იქცა