ავტორი:

თბილისის რეალური ისტორია "ხოხბის ლეგენდის" მიღმა - "რატომ ვაკლებთ ქალაქს 200 წელს?!"

თბილისის რეალური ისტორია "ხოხბის ლეგენდის" მიღმა - "რატომ ვაკლებთ ქალაქს 200 წელს?!"

...ნადირობისას, მეფე ვახტანგ გორგასლის მიმინო ხოხობს დასდევნებია, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვენილან და დაფუფქულან. გოგირდის წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო, მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია, რომელსაც "თბილისი" ეწოდა - თბილი, მინერალური წყაროების გამო...

ამ ლეგენდაზე საქართველოში თაობები გაიზარდნენ და დღემდე იზრდებიან, თუმცა ცოტამ თუ იცის თბილისის რეალური ისტორია, რომელიც ბევრად უფრო ძველია, ვიდრე ხოხბისა და მიმინოს ამბავი - ისტორიული ფაქტები ამტკიცებს, რომ ამ, ერთი შეხედვით უწყინარმა ისტორიამ, თბილისს განვითარების 200 წელი მაინც მოპარა...

ისტორიკოსი ჯაბა სამუშია გვიამბობს, რომ ამ ლეგენდამ ისტორიულ მეცნიერებასაც კი აჯობა და ხალხური გადმოცემა იმდენად მყარი აღმოჩნდა, რომ დღესაც საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ თბილისი ვახტანგ გორგასლის დროს დაარსდა. რეალურად კი, ერთადერთი წვლილი, რომელიც გორგასალს თბილისის განვითარებაში მიუძღვის, ისაა რომ მან დედაქალაქი მცხეთიდან ამ უძველეს ქალაქში გადმოიტანა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ჯაბა სამუშია ამბობს, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე ქვის ხანის ნამოსახლარებიც კი არის შემორჩენილი, რაც მის ასაკს კიდევ უფრო ზრდის:

"რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თბილისის ტერიტორიაზე შემორჩენილია ქვის ხანის ანუ პირველყოფილი ადამიანების ნამოსახლარებიც კი, მაგალითად ეს არის საბურთალოზე, ოქროყანაში, სადაც არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა პირველყოფილი ადამიანის ნაკვალევის დამადასტურებელი კაჟის ქვის ხელშუბები.

ენეოლითის პერიოდში უკვე დღევანდელი თბილისის ტერიტორიაზე რამდენიმე სხვადასხვა სახის ნამოსახლარი იყო და საერთოდ, საქართველოში აშკარად შეინიშნება, რომ ენეოლითის ხანაში აღმავლობაა და ჩნდება ახალთახალი დასახლებები, მათ შორის, დღევანდელი თბილისის ტერიტორიაზე ამ პერიოდის, დაახლოებით, 3-4 ათასი ნასახლარია.

რაც შეეხება ბრინჯაოს ხანას, მთელი დღევანდელი თბილისის ტერიტორიაზე, მათ შორის, ძველი თბილისის ადგილას არსებობდა ბრინჯაოს ხანის დასახლება. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში ნარიყალაზე ერთ-ერთმა მოსწავლემ აღმოაჩინა ბრინჯაოს პერიოდის ცული და ეს იყო დასტური, რომ დაახლოებით, ამავე პერიოდის ნამოსახლარი იქ იქნებოდა.

რაც შეეხება, ძვ.წ პირველ ათასწლეულს, ანუ როდესაც რკინის ეპოქა დაიწყო, ამ პერიოდის ნამოსახლარები უკვე მთელს თბილისში უამრავია აღმოჩენილი. ამიტომ საუბარი იმაზე, ამ პერიოდში იყო თუ არა აქ დასახლება, აზრსმოკლებულია",- განმარტა ისტორიკოსმა და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ იმ პერიოდისთვის თბილისი იყო ერთი კონკრეტული მიკროუბანი, რომელიც დღევანდელი აბანოების უბანს მოიცავდა, დანარჩენ დასახლებებს კი, რომლებიც დღეს თბილისის შემადგენლობაშია, თავისი სახელები ჰქონდა.

"ტფილისის ჰამქარის" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი AMBEBI.GE-ს იმ ისტორიას უყვება, რასაც ის თბილისის ტურების დროს, ქალაქით დაინტერესებულ პირებს უამბობს:

"ლეგენდები, მითები, თქმულებები ძალიან უხდება ნებისმიერ ქალაქს და მათ შორის, თბილისსაც. ძალიან საინტერესოა ლეგენდა ხოხობსა და გოგირდის წყლებზე. ალბათ, ბევრი ქალაქი ისურვებდა, რომ ასეთი ლეგენდა უკავშირდებოდეს მას, მაგრამ ლეგენდების გარდა, უნდა ვიცოდეთ სინამდვილეც.

არქეოლოგიაც და ისტორიული წყაროებიც ადასტურებენ, რომ თბილისი გაცილებით ადრე არსებობდა როგორც ქალაქი, ვიდრე გორგასალი აღმოაჩენდა თავისი მიმინოთი. "მატიანე ქართლისაი" არის წყარო, სადაც წერია, რომ "მოვიდა სპარსთა პიტიახში ქრამხორსბორზარდ თბილისად, ქალაქად ციხედ და ქართლი მის ხარკად შეიქცა". ანუ 150 წლით ადრე, სანამ გორგასალი დაიბადებოდა სპარსთა პიტიახში მოვიდა თბილისში, რომელიც იყო ციხე და ქალაქი. ეს ადასტურებს რომ ქალაქი არსებობდა გორგასლამდე, სულ მცირე, 150 წლით ადრე" - განმარტა ალეკო ელისაშვილმა.

კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ლეგენდა დედაქალაქს თითქმის ორ ასეულ წელს "პარავს", აბანოთუბანში 40 მოწამის ეკლესიის საძირკველში იმალება:

"ძველ თბილისში, 40 მოწამის ეკლესიის ფუნდამენტში II-III საუკუნეების აბანო აღმოჩნდა. აქ არის არა მხოლოდ დასახლება, ვახტანგ გორგასლამდე სულ მცირე, ორი-სამი საუკუნით ადრე, არამედ არის დასახლება, რომელსაც ჰყავს წარჩინებული ფენა და თბილისი, მხოლოდ დღევანდელი ნარიყალას ტერიტორიას კი არ მოიცავს, არამედ ქალაქი ჩამოსულია მტკვრამდე. ეს ნიშნავს, რომ თბილისის ტერიტორია მეტნაკლებად მოხაზულია.

მეტიც, ძველ თბილისში აღმოჩნდა ვახტანგ გორგასლის დროინდელი გალავნის ნაშთები, ესეც 40 მოწამის ეკლესიის მიდამოებში და ეს V საუკუნის გალავანი უფრო ძველ გალავანზეა დაფუძნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ გორგასალი აქ დაიწყებდა დიდ გამაგრებით, საფორტიპიკაციო სისტემის შეცვლას, აქ უკვე არსებობდა გალავანი, ნარიყალიდან მტკვრამდე" - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საუბარში ჯაბა სამუშია.

ალეკო ელისაშვილი კი იმასაც გვიყვება, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა რიცხვებში, თბილისის იუბილე აღინიშნა, სადაც მეცნიერების წინააღმდეგობის მიუხედავად, დედაქალაქის ასაკად 1500 წელი განსაზღვრეს, რაც თითქმის ორი საუკუნით ნაკლები იყო დედაქალაქის რეალურ ასაკზე:

"საბჭოთა პერიოდში, 1958 წელს თბილისის 1500 წლისთავი აღინიშნა, რაც ხელოვნური თარიღი იყო. ჯერ კანდიდ ჩარკვიანს უნდოდა მისი 1946 წელს აღნიშვნა, მაგრამ ომი ახალი დასრულებული იყო და ვერ მოხერხდა. 1958 წელს კი დიდი ზარზეიმით აღნიშნეს თბილისის იუბილე.

თუ დააკვირდებით ეროვნულ მუზეუმს, ფასადზე არის დიდი ჰორელიეფი, რომელსაც აწერია "თბილისი 1500 წლის ქალაქი". ამას სხვათაშორის მაშინაც ბევრი ისტორიკოსი აპროტესტებდა და ამბობდა, რომ თბილისი 1500 წლის დედაქალაქია და არა ქალაქი!

თბილისი არის, სულ მცირე, 1700 წლის და კიდევ უფრო ძველიც, თუ ეს არქეოლოგიური გათხრები დასრულდება. რატომ ვაკლებთ დედაქალაქს 200 წელს არ ვიცი, მსოფლიოში ზოგიერთი ქალაქი საერთოდ არ არის 200 წლის. ლეგენდები უნდა ვიცოდეთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ სინამდვილეც" - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

მისივე თქმით, გეგმავს თბილისის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო შეადგინოს, რომლითაც თბილისის სკოლებში დედაქალაქის ისტორიას ისწავლიან:

"უნდა დაიწეროს საქართველოს ყველა ქალაქის ისტორია. პატრიოტიზმი აქედან იწყება, ვერ გეყვარება თუ ისტორია არ იცი. ჩვენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ქალაქებს ვექცევით ცუდად იმიტომ, რომ არ ვიცით რა საგანძურს ვფლობთ. თბილისზე ძალიან ბევრი დამახინჯებული სტერეოტიპი ვიცით და არ ვიცნობთ ქალაქის ისტორიას" - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მთავარი ფოტო: დავით თაბაგარი

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამას ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

"მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან, დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ..." - მიტროპოლიტი გრიგოლი