ავტორი:

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

2020 წლის პირველ მარტს გერმანიაში ძალაში შევა სპეციალისტთა იმიგრაციის შესახებ კანონი, რომლის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

მთავარი ამ სიახლეში ის არის, რომ ცვლილება საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ.

როგორც AMBEBI.GE-ს გერმანიის საელჩოში განუცხადეს, სპეციალისტთა იმიგრაციის შესახებ კანონის მიღების ინიციატივა, გერმანიის ფედერალურ მთავრობას ეკუთვნის.

გერმანიის საელჩოს განცხადებით, სამუშაო ვიზის მიღების წინაპირობა გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის აღიარებაა. რაც როგორც წესი, ორწლიან პროფესიულ განათლებას ან უმაღლეს განათლებას ითვალისწინებს.

"აკადემიური კვალიფიკაციის (უმაღლესი განათლების) აღიარება ხდება გერმანიის კულტურის სამინისტროთა კონფერენციის მიერ. ყველას აქვს შესაძლებლობა anabin-ის მონაცემთა ბაზაში გადაამოწმოს, აღიარებულია თუ არა მისი უნივერსიტეტის დიპლომი გერმანიაში. თუ ამ მონაცემთა ბაზაში თქვენი სპეციალობა არ არის მოცემული, მაშინ საკვალიფიკაციო საბუთები აღიარებისთვის ეგზავნება კულტურის სამინისტროთა კონფერენციას.

გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება გერმანიის ადგილობრივი სახელობო პალატების პრეროგატივაა. ვებ-გვერდზე anerkennung-in-deutschland.de მსურველს შეუძლია ჩაწეროს თავისი პროფესია და მიუთითოს ადგილი გერმანიაში, სადაც სურს დასაქმება, რის შემდეგაც ვებ-გვერდი უჩვენებს, თუ რომელი გერმანული უწყებაა კომპეტენტური მისი პროფესიული კვალიფიკაციის აღიარებისათვის" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს გერმანიის საელჩოში.

დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ასევე გვითხრეს, რომ პროფესიული განათლების მიღების ან გერმანიაში სამუშაოს დაწყების მსურველებმა, უნდა მიმართონ გერმანიის საკონსულოს, შეიტანონ განაცხადი შესაბამისი კატეგორიის ვიზაზე და წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია. ასევე, დაინტერესებულთათვის შექმნილია დასაქმების პორტალი Make it in Germany, რომელზეც განთავსებულია საჭირო ინფორმაცია და ის პერიოდულად განახლდება.

2019 წელს გერმანიაში სამუშაოდ 60 000 ადამიანი ჩავიდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან.

გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, გერმანიაში 1,36 მილიონი ვაკანსია იყო, რომელთა შევსებაც მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებით ვერ ხერხდება.

ამავე მედიასაშუალების ცნობით, კადრების ყველაზე დიდი დანაკლისია მათემატიკის, ინფორმატიკისა და ტექნიკის სფეროში, ასევე სამშენებლო სექტორსა და მედიცინაში. დეფიციტურია ავადმყოფებისა და მოხუცების მომვლელებიც, თავისუფალი ვაკანსიებია სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესშიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიემგზავრებიან, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ ისარგებლონ დასაქმების შესახებ ახალი კანონმდებლობით.

AMBEBI.GE-ს გერმანიის საელჩოში განუმარტეს, რომ შეკითხვების შემთხვევაში, ნებისმიერი მოქალაქე კონსულტაციას მიიღებს გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს წინასწარ მოძიებული ჰყავს დამსაქმებელი, კვალიფიკაციის აღიარების პროცედურის გავლას გერმანიაში განახორციელებს დამსაქმებელი, რის შემდეგაც ინფორმაციას მიაწოდებს გერმანიის საკონსულოს და ის გასცემს დასაქმების მსურველზე შესაბამის ვიზას.

"შემიძლია დავიტრაბახო, შესაძლოა ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს" - კალაძე

"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ უწყებებთან მქონდა კონტაქტი და..." - რას ამბობს ელჩი სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე?

"პანდემიისას უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა - ოჯახების გარკვეულ კატეგორიას ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე