ავტორი:

რატომ არის ვალენტინობა სიყვარულის დღე - ლეგენდები და რეალობა 14 თებერვალზე

რატომ არის ვალენტინობა სიყვარულის დღე - ლეგენდები და რეალობა 14 თებერვალზე

ამბობენ, რომ სიყვარულს აღსანიშნად განსაკუთრებული თარიღი არ სჭირდება, რომ ყოველი დღე ისედაც სიყვარულისაა, მაგრამ თუ განვლილ დღეებს გადავხედავთ და გულწრფელები ვიქნებით, ალბათ, უმეტესისთვის სულაც არ ყოფილა ყველა დღე სიყვარულის...

14 თებერვალი შეყვარებულების დღეა. წყვილების ნაწილი მას აღნიშნავს, ნაწილი - არა, მაგრამ უმეტესობა თანხმდება, რომ ამ დღეს ქუჩაში მოსეირნე ბედნიერი შეყვარებულების დანახვა, ყველას ახარებს და აბედნიერებს. ამ დღეს ყველა ვიჯერებთ, რომ დედამიწას ნამდვილად სიყვარული ატრიალებს.

ყველა გზა რომში მიდის

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ყველაფერი უძველეს რომაულ წარმათულ დღესასწაულს - ლუპერკალიას უკავშირდება. მას რომაელები თებერვლის შუა რიცხვებში აღნიშნავდნენ.

დღესასწაულს ეროტიკული შტრიხები ახლდა თან. სრულიად შიშველი მამაკაცები, წარმართულ ღვთაებებს - ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნის, ცხოველებს სწირავდნენ, მათი ტყავისგან კი მათრახებს ამზადებდნენ. ამ მათრახებით რომის ქუჩებში ქალებს სცემდნენ და ამ ფორმით სახლში "მიერეკებოდნენ“.

ძველ რომაელებს სჯეროდათ, რომ მათრახით ნაცემი ქალი ნაყოფიერი იქნებოდა და ის ბევრ შვილს გააჩენდა.

ლუპერკალია პოპულარული დღესასწაული იყო და რომში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც კი აღინიშნებოდა. მხოლოდ ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში, როდესაც რომის პაპი გელასიუს პირველი გახდა, ლუპერკალია აიკრძალა. ამის შემდეგ მალევე, კათოლიკურმა ეკლესიამ 14 თებერვალი წმინდა მოწამე ვალენტინის დღედ გამოაცხადა.

კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ნოელ ლენსკი თვლის, რომ რომის პაპმა ლუპერკალიას ნაცვლად ქრისტიანული დღესასწაული სპეციალურად დააწესა და ამით წარმართულ აღნიშვნას ბოლო მოუღო.

ვინ იყო წმინდა ვალენტინი?

ზოგიერთი შეფასებით მსოფლიოში 10 800-ზე მეტი წმინდანი არსებობს, მათგან 30-ზე მეტს ვალენტინი ჰქვია და 30-მდეს ვალენტინა. მათგან სამი წმინდანია, რომლებსაც, სავარაუდოდ, წმინდა ვალენტინის დღის აღნიშვნა უკავშირდებათ.

სამივე ვალენტინს ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვს, ზოგიერთი კვლევის მიხედვით კი, ისინი, შესაძლოა, ერთი და იგივე პერსონები იყვნენ.

სამივე მათგანი მოწამე იყო, სამივე რომის იმპერატორმა კლავდიუსმა მოაკვლევინა მესამე საუკუნეში და სხვადასხვა ცნობების მიხედვით, სამივე 14 თებერვალს მოკლეს, თუმცა სხვადასხვა წელს.

ამ სამიდან ერთი მღვდელი იყო და ქრისტიანი რომაელების დევნის დროს დაიჭირეს. ვალენტინს სარწმუნოებაზე უარის თქმა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა, ამის გამო საპატიმროში ჩასვეს. გადმოცემის თანახმად, ვალენტინმა გადაწყვიტა ღმერთის ძალა ყველასთვის ეჩვენებინა. მალე მან ახალგაზრდა ბრმა გოგონას სასწაულებრივად დაუბრუნა თვალის ჩინი და ადამიანები ქრისტიანულ რჯულზე მოაქცია. მას შემდეგ, რაც იმპერატორმა ვალენტინის ქმედების შესახებ გაიგო, ის სიკვდილით დასაჯა.

მეორე ვალენტინი ეპისკოპოსი იყო და მისი საქმიანობაც სასწაულებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ის უძლურ ადამიანებს კურნავდა. მას შემდეგ, რაც მღვდლის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ შეიტყვეს, ერთ-ერთმა დიდებულმა მასთან ვაჟი მიიყვანა, რომელსაც ლაპარაკი არ შეეძლო და სიარულის პრობლემა ჰქონდა. ერთი ღამის განმავლობაში განუწყვეტელი ლოცვის შემდეგ, ვალენტინმა ბიჭი განკურნა. ამ სასწაულების გამო ეპისკოპოსი დააკავეს. ხოლო, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობაზე უარი არ თქვა, თავი მოჰკვეთეს.

და ბოლოს, კიდევ ერთი პოპულარული თეორია წმინდა ვალენტინზე - ლეგენდის თანახმად, იმპერატორ კლავდიუსს სჯეროდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც არც ოჯახი ჰქონდა და არც საყვარელი ქალი ჰყავდა, უკეთ იბრძოდა, ვიდრე დაოჯახებული, ამიტომ კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა, მაგრამ ვალენტინი ჩუმად აქორწინებდა შეყვარებულებს. როცა იმპერატორმა ამის შესახებ შეიტყო, ის სიკვდილით დასაჯა.

ჯეფრი ჩოსერი, უილიამ შექსპირი და ვალენტინობა

ზოგიერთი თვლის, რომ ვალენტინობის დღის თანამედროვე გაგება შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. კანზასის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეკ ორუჩი მიიჩნევს, რომ XIV საუკუნის ინგლისელი პოეტი და პროზაიკოსი, ჯეფრი ჩოსერი იყო პირველი, ვინც ვალენტინობის დღე რომანტიკულ მოტივებს დაუკავშირა და ეს გააკეთა პოემაში - The Parlement of Foule.

მოგვიანებით ვალენტინობის რომანტიკული გადააზრება გვხვდება უილიამ შექსპირთანაც.

ხვალ წმინდა ვალენტინის დღეა,

დილას ადრე შენთან მოვალ

შენს სარკმელთან დავდგები,

მე ვალენტინი ვიქნები“ - ვკითხულობთ "ჰამლეტში"

ჯეკ ორუჩი მიიჩნევს, რომ საერთო ჯამში, სწორედ პოეტებმა და მათმა ნაშრომებმა მოახდინეს საზოგადოებაზე გავლენა და ასე იქცა ვალენტინობა წელიწადის ყველაზე რომანტიკულ დღედ...

როგორ აღნიშნავენ ვალენტინობას?

ამ დღეს შეყვარებულების უმეტესობა ერთმანეთს საჩუქრებს, ტკბილეულს, ყვავილებს, სამკაულს და სპეციალურ ბარათებს ჩუქნის.

ვალენტინობის პირველი ბარათი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, 1415 წლითაა დათარიღებული და ის პატიმრობაში მყოფ ორლეანის ჰერცოგს თავისი ცოლისთვის გაუგზავნია.

აშშ-ში ვალენტინობის დღის ბარათებმა პოპულარობა რევოლუციური ომის შემდეგ მოიპოვა. ამ პერიოდში ამერიკელებს ჩვევად გადაექცათ თავიანთი შეყვარებულებისთვის ხელით დაწერილი ბარათების გაგზავნა. ბარათების წარმოება სადღესასწაულოდ კი მასობრივად 1900 წლიდან დაიწყო.

ვალენტინობას დღეს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ, მაგრამ არის ისეთი ქვეყნები, სადაც ამ დღეს პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გამო არ ზეიმობენ. მაგალითად: ინდონეზიაში, საუდის არაბეთსა და მალაიზიაში ვალენტინობა არ არის პოპულარული რელიგიური შეხედულებების გამო.

ზოგიერთ ქვეყანაში ვალენტინობის აღნიშვნის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მაგალითად, ინდოელი პოლიტიკოსები დიდ სიმკაცრეს იჩენენ ამ დღის მიმართ, რადგანაც თვლიან, რომ მისი აღნიშვნა ქვეყანაში დასავლური ღირებულებების გაღვივებას უწყობს ხელს.

მომზადებულია www.nationalgeographic.com-ის მიხედვით

მეგან მარკლი და ჰარი გაჭირვებულებს საკვებს ურიგებენ - წყვილის პირველი ფოტოები აშშ-დან

პირველად, Fuckup Nights ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მისი ნახვა ყველა მსურველს შეეძლება

ვინ იყო წმინდა მოწამე კორონა და სად ინახება მისი ნეშტი?