ავტორი:

როგორ აღმოჩნდა უკრაინაში სააკაშვილთან შეხვედრაზე გუბაზ სანიკიძის 20 წლის ვაჟი და რას ყვება ცნობილ ოჯახზე

როგორ აღმოჩნდა უკრაინაში სააკაშვილთან შეხვედრაზე გუბაზ სანიკიძის 20 წლის ვაჟი და რას ყვება ცნობილ ოჯახზე

20 წლის ლევან სანიკიძე, თსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. ის ცნობილი ოჯახის შვილია - სახელი ბაბუის, მწერლისა და ისტორიკოსის ლევან სანიკიძის პატივსაცემად დაარქვეს.

როგორც უმცროსი ლევანი ამბობს, ეს სახელი და გვარი მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა მოტივაციის მიმცემიც და არანაირ დაბრკოლებას არ უქმნის ადამიანებთან ურთიერთობაში.

უმცროსი ლევან სანიკიძე ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია და საკუთარ მოსაზრებას არაერთ საკითხზე გვიზიარებს:

  • პროფესიული არჩევანი

"თავიდან სწავლა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მინდოდა დამეწყო, მაგრამ სამართალი იმიტომ ავირჩიე, რომ სამართლის ბაკალავრი სამომავლოდ, განვითარებისთვის და მაგისტრატურისთვის, თუნდაც უცხოეთში სწავლისთვის ბევრად უკეთეს შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ მომავალში მოსამართლეობას, პროკურორობას, არც ადვოკატობას არ ვაპირებ. იურისპრუდენცია მაინტერესებდა და მინდოდა, შემესწავლა.

- მამა, გუბაზ სანიკიძე ამ არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარა?

- გადაწყვეტილება მე მივიღე, მამას გავაცანი და როგორც მამამ, ისე დედამ - ორივემ მხარი დამიჭირეს. ისინი ცდილობენ, მათი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე რეკომენდაციული ხასიათის იყოს. მიიჩნევენ, რომ ადამიანი მეტ შეცდომას მაშინ უშვებს, როდესაც მას ამა თუ იმ აზრს თავს ახვევენ.

ასევე მივიღე გადაწყვეტილება, როდესაც ჩინეთში ერთი წლის განმავლობაში სასწავლებლად წავედი, გაცვლითი პროგრამა იყო, ჩინური ენისა და კულტურის კურსები გავიარე ჩინეთის საგარეო სწავლებათა უნივერსიტეტში.

- და ისე დაეუფლე ენას, რომ გამოთქმა "ჩემთვის ეს ჩინურია" - დაამარცხე?

- დიახ. დავეუფლე ჩინურ ენას, კულტურას, ასევე აბრეშუმის გზის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და გეოგრაფიულ ასპექტებს. დღესდღეობით ჩინურ ანბანს დამაკმაყოფილებლად ვფლობ და ამ მიმართულებით სწავლას თბილისშიც ვაგრძელებ. ამასთან, მაღალია ჩემი ინტერესი ისტორიის მიმართ, ძველი ცივილიზაციის ხალხები ყოველთვის მიზიდავდა.

  • ბაბუა - ლევან სანიკიძე

- ბაბუის სახელი გქვია, რას ნიშნავს შენთვის ის, რომ ლევან სანიკიძის შთამომავალი ხარ?

- შეგნებულ ასაკში მე არ მომიწია ბაბუაჩემთან ურთიერთობამ - წლინახევრის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. პიროვნულად არ მახსოვს, მაგრამ მისი წიგნებიდან გამომდინარე, ჩემი ოჯახის წევრების მონაყოლიდან ვგრძნობ, რომ მასთან ბევრი რამ მაკავშირებს.

მისი სახელის და გვარის ტარება დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა არ მამძიმებს, არც მაბრკოლებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას, პირიქით, უფრო მიზრდის მოტივაციას.

რაც შეეხება ბაბუასთან გარეგნულ მსგავსებას, ნამდვილად არ ვგავარ. თავის ქებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ თვისებებით, წერის მანერით, შრომისმოყვარეობით, როგორც ამბობენ, ძალიან ვგავარ. ხანდახან ხისტი ხასიათითაც, 5-წუთიანი გაბრაზებით და წყენის მალე გადასვლით, როგორც მეუბნებიან, ბაბუას ვგავარ. ბევრი მიყვება ბაბუაზე რაღაცებს, ეს ჩემში კიდევ აცოცხლებს ამ საოცარ განცდას და ძალიან მიხარია.

როდესაც უცხო გარემოში ვხვდები და ადამიანები არ მიცნობენ, მაგრამ სახელისა და გვარის გაგონებისას ავტომატურად მეკითხებიან - ხომ არ მაქვს რაიმე კავშირი ლევან სანიკიძესთან? იმ წუთებში ჩემ მიმართ ასმაგად იზრდება ყურადღება და იქვე ჩემი პასუხისმგებლობაც, თუმცა ამ ყველაფერს ბავშვობიდან შევეჩვიე, რომ ეს ჩემი ძლიერი მხარე უნდა იყოს და ჩემზე უარყოფითი გავლენა არ უნდა იქონიოს.

  • მამა - გუბაზ სანიკიძე

- მამა ისტორიასთან, ანტიკურ კულტურასთან, აღმოსავლეთთან დაკავშირებით, ჩემი საუკეთესო მრჩეველია. ადამიანი, რომელიც ყოველთვის კომპეტენტურ პასუხს სცემს ასეთ თემებზე კითხვებს...

ის ჩემი და ჩემი დის ბიბლიოთეკის შევსებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავდა, საშუალებას გვაძლევდა და გვაძლევს, ნებისმიერ წიგნზე გვქონდეს წვდომა და განათლება ასე მივიღოთ. პატარები რომ ვიყავით, მისი პრიორიტეტი იყო, მთელი სახსრები განათლებაში ჩადებულიყო.

- მკაცრი მამაა?

- საერთოდ არა - არ მახსოვს, ოდესმე ხმამაღალი სიტყვა ეთქვას, როდესაც რეალურადაც ვაშავებდით მე და ჩემი და, მუდმივად ჩვენი დამცველი იყო.

- მას როგორც პოლიტიკოსს, პოლიტიკური შეხედულება ხშირად ეცვლება - თავიდან ოპოზიციაში იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან", მერე "ოცნების" ბანაკში აღმოჩნდა, ახლა ისეა, რომ არსებული ხელისუფლების ოპოზიციაშია. რატომ ხდება ასე?

- ამ საკითხზე მიფიქრია და შევეცდები, უფრო ვრცლად ავხსნა. მამაჩემისთვის პრიორიტეტები ყოველთვის შემდეგნაირად იყო გადალაგებული: ჯობია დაიზიანო პოლიტიკური ბიოგრაფია, ვიდრე ნაბიჯის გადადგმა შეგეშინდეს, თუკი ის სახელმწიფო ინტერესს ეწინააღმდეგება.

2003 წლიდან 2012 წლამდე ოპოზიციაში იყო, მაგრამ ის პერიოდი საერთოდ არ მახსოვს. როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, მეშვიდე კლასში ვიყავი... დღევანდელი გადასახედიდან ვიტყვი, რომ იმ წლებში ოპოზიციაში გუბაზ სანიკიძის ყოფნა აბსოლუტურად გამართლებული იყო.

"ოცნებასთან" დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება მაქვს, მიმაჩნია, რომ პრინციპული არჩევანი მისაღები იყო - წინა ხელისუფლების ცვლილება უნდა მომხდარიყო. მამაჩემის ერთ დიდ შეცდომად იმას ვთვლი, რომ როდესაც დაინახა, რომ დღევანდელი ხელისუფლება გარკვეულწილად ავტორიტარიზმის სიმპტომებს ავლენდა, ბევრად ადრე უნდა დაეტოვებინათ "ქართული ოცნების" კოალიცია.

ახლა, როცა მამაჩემის 2003-დან 2012-მდე გამოსვლებს ვუსმენ, მიმაჩნია, რომ ზედმეტად ხისტი იყო. ისეთი სიხისტე ზოგადად არ ვარგა.

ოპოზიციასთან მიმართებაში კი მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. მე, როგორც მამაჩემი, ოპოზიციური სპექტრის მხარდამჭერი ვარ, კერძოდ, პროდასავლური ოპოზიციის.

რა თქმა უნდა, დისკომფორტია იმ ადამიანებთან ყოფნა, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდი, მათი დაუძინებელი მტერი იყავი და ამ დისკომფორტს მამაჩემიც გრძნობს. ამ თემაზე ოჯახშიც უსაუბრია, ჩვენთან ათანხმებს ხოლმე პოლიტიკურ ნაბიჯებს, განსაკუთრებით მაშინ, რაც მე და ჩემი და წამოვიზარდეთ. სახელმწიფო ინტერესი მოითხოვს ყველანაირი ოპოზიციური ძალის გაერთიანებას.

  • ვიზიტი სააკაშვილთან

- თუმცა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი გუბაზ სანიკიძის ამ ნაბიჯებს დადებითად არ აფასებს. სოციალური ქსელი "წალეკა" ამბავმა, როდესაც გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი შვილებით უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან ჩავიდნენ. ამ შეხვედრას შენც ესწრებოდი...

- დავიწყებ იმით, რომ მე და ბატონი ვალერის შვილი იქ ცოტა დაუგეგმავად აღმოვჩნდით, ანუ ჩვენი უკრაინაში ჩაყვანა დაგეგმილი არ იყო. მამაჩემის და ბატონი ვალერის შეხედულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ მძიმე იყო, განსაკუთრებით, ბატონი ვალერის. ის მისი ხელისუფლების დროს პოლიტიკური დევნილი გახლდათ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტს, მანამდე ჩვენთან სახლში ხშირად საუბრობდნენ ამ თემაზე, ამ გადაწყვეტილების მისაღებად, დიდი ხნის განმავლობაში ითრევდნენ ფეხს, მაგრამ ჩემი აზრით, გარემოებებმა, მათ შორის, ობიექტურმა, გამოიწვია ეს შემთხვევა.

რაც შეეხება შეხვედრას, ჩემი დამოკიდებულება მაქვს მიხეილ სააკაშვილის პიროვნების მიმართ და მიმაჩნია, რომ მას წარსულში ორი რიგის ასპექტი აქვს - როგორც პოზიტიური, ისე - ნეგატიური.

პირადადაც მომიწია მასთან საუბარი, მამების გარეშეც შეგვხვდა და პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვუთხარით ის ძველი სათქმელი, რასაც ვფიქრობდით. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ განსხვავებული აზრის მოსმენა შეძლო, დანარჩენი შეფასების საკითხია.

სოციალურ ქსელში ატეხილი ამბავი ახსენეთ და გეტყვით, რომ სოციალური ქსელების მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს... ზოგიერთი ადამიანი გულისწყრომით წერდა, ზოგი ნიშნის მოგებით, პირადად მწერდნენ, მირეკავდნენ. ამ საზოგადოებისაც მესმის, მაგრამ ყველა მინდა, რომ კარგად დაფიქრდეს, ყველას ხედავს, რა პრობლემაც არის, ამიტომ, "მტრის ხატით" არ უნდა მოხდეს რაღაცების შეფასება, რომ ერთი კაცის სიძულვილის გამო, ქვეყანა არ დავაქციოთ. მინდა, რომ არჩევანი კიდევ გავაკეთოთ.

წაიკითხეთ: "მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის, ჩვენი ბიჭების" - მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა

- როგორია შენი პოლიტიკური არჩევანი და ხომ არ ხარ რომელიმე პარტიის წევრი?

- არც ახლა და არც მომავალში პარტიის წევრობას არ ვაპირებ. მიმაჩნია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ბევრად მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთან ეს არ არის ჯერ აქტიური, ნელ-ნელა იდგამს ფეხს.

მე მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, პროდასავლურ ძალას მისცეს ხმა. არის ორი-სამი პარტია, რომელთა პროგრამას და საარჩევნო სიასაც დაველოდები. ძალიან მინდა, საქართველოში დადგეს დრო, როცა პროგრამებს, სიას, კოალიციის გარანტიებს ხალხი ყურადღებას მიაქცევს და არჩევანს ამის მიხედვით გააკეთებს.

"ყოველთვის მზად ვარ პროტესტში მონაწილეობისთვის, მაგრამ 2 პატარა მყავს, ახლაც სულ ეკლებზე ვარ..." - რას აცხადებს აქციაზე მყოფი მაკა ჩიჩუა

"დიღომში ქარმა ბავშვი "წაიღო", ჩამოინგრა მშენებარე კორპუსის კედელი" - ძლიერი ქარი თბილისში, რა კადრები ვრცელდება "ფეისბუქზე"?

ოპოზიციამ 26 თებერვალს მასშტაბური აქცია დააანონსა - "მოგიწოდებთ, დავიწყოთ დიდი მსვლელობა"