ავტორი:

"რომ გავიგე, თურმე, სიმსივნე არ მქონდა, შოკში ჩავვარდი" - რას ჰყვება პაციენტი, რომელსაც არასწორი დიაგნოზის შემდეგ, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა 3-ჯერ ჩაუტარეს

"რომ გავიგე, თურმე, სიმსივნე არ მქონდა, შოკში ჩავვარდი" - რას ჰყვება პაციენტი, რომელსაც არასწორი დიაგნოზის შემდეგ, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა 3-ჯერ ჩაუტარეს

ქართველ ექიმებს, არასწორი დიაგნოზის დასმაში, კიდევ ერთი პაციენტი ადანაშაულებს. ახალგაზრდა მამაკაცი გიორგი ბობოხიძე აცხადებს, რომ უროლოგმა და ონკოლოგმა ქიმიოთერაპიის კურსი ისე დაუნიშნა, რომ მის ორგანიზმში არც სიმსივნე და არც მეტასტაზი არ იყო. გიორგი ბობოხიძემ ქიმიოთერაპიის სამი კურსი ჩაიტარა (15 გადასხმა), რის შემდეგაც სამკურნალოდ საფრანგეთში გაემგზავრა. საფრანგეთის წამყვანი საავადმყოფოების ექიმებმა საჭირო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ უთხრეს, რომ იგი სრულიად ჯანმრთელი იყო.

„თავიდან ტკივილმა შემაწუხა და ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში უროლოგთან მივედი. იქ მითხრეს, სასწრაფოდ საოპერაციო ხარო და გამიშვეს თბილისში. თბილისშიც იგივე პასუხები მივიღე, რომ მქონდა სათესლე ჯირკვლის სიმსივნე და საოპერაციო ვიყავი. ჩემი ოჯახის წევრები დიაგნოზს არ მეუბნებოდნენ. დამინიშნეს ქიმიოთერაპია და სამი კურსი ჩავიტარე - საერთო ჯამში, 15 გადასხმა. ძალიან მძიმედ იმოქმედა, დავსივდი მთლიანად, თმები და წარბები დამცვივდა და ა.შ. სამი კურსის შემდეგ მითხრეს, რომ სიმსივნე შემცირებულია ზომაშიო და შესაბამისი დოკუმენტებიც მომცეს.

"დედების ფონდის" დახმარებით, საფრანგეთში გავემგზავრეთ და იქ ორ სხვადასხვა საავადმყოფოში წამყვანმა ექიმებმა შემამოწმეს, ჩამიტარეს ყველა საჭირო კვლევა და მითხრეს, რომ არანაირი სიმსივნის კვალი არ ფიქსირდებოდა ჩემს ორგანიზმში, რომ ვიყავი სრულიად ჯანმრთელი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი გამხარებოდა თუ არა. რომ გავიგე, თურმე, სიმსივნე არ მქონდა შოკში ჩავვარდი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა მეგრძნო. გაბრაზება, სიხარული და ყველა ურთიერთსაპირისპირო შეგრძნება ერთდროულად დამეუფლა.

ჩამოვედი ჩემი ახალი პასუხებით საქართველოში და მივაკითხე ჩემს ქართველ მკურნალ ექიმებს, მოვთხოვე პასუხი იმაზე, თუ რატომ მიკეთებდნენ ქიმიებს, მაშინ როდესაც სიმსივნე არ მქონდა. ისეთი პასუხები გამცეს, აზრი ვერ გამოვიტანე", - უყვება AMBEBI.GE-ს გიორგი ბობოხიძე.

როგორც გიორგი ბობოხიძე აცხადებს, სურს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სამართლებრივ გზას მიმართოს, თუმცა ადვოკატისა და სხვა ხარჯების დაფარვა მის ოჯახს ამ ეტაპზე არ შეუძლია.

"ძალიან მინდა, რომ სასამართლოში დავამტკიცო ჩემი სიმართლე და კომპენსაცია მოვითხოვო, რადგან ამ მკურნალობის გამო, ყველაფერი გამოვიტანე სახლიდან და გავყიდე. ბოლოს სახლიც გავყიდე და ახლა ღია ცის ქვეშ ვართ მთელი ოჯახი დარჩენილები. ნათესავებისა და ახლობლების მიერ გაწეულ დახმარებაზე აღარაფერს ვამბობ. ადვოკატის ფულიც კი არ მაქვს, რომ ვუჩივლო, რადგან ძალიან გვიჭირს ახლა მატერიალურად", - განუცხადა AMBEBI.GE-ს გიორგი ბობოხიძემ.

აღსანიშნავია, რომ ექიმების მიერ სიმსივნის არასწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევაზე AMBEBI.GE რამდენიმე თვის წინაც წერდა იხილეთ სტატია

"არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ..." - 17 წლის ლუკა ბუსკივაძეს აშშ-ს უნივერსიტეტი სწავლას 320 000 დოლარით დაუფინანსებს

"18 წელია მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით, 5 შვილით ღია ცის ქვეშ ვრჩები..." - 34 წლის მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს

რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე და ვინ არის მისი მეუღლე - გენპროკურორის ოჯახური ფოტოები