ავტორი:

როგორ ცხოვრობს გერმანიაში თსუ-ს ყოფილი რექტორი, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეზიდენტია - "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ოჯახია"

როგორ ცხოვრობს გერმანიაში თსუ-ს ყოფილი რექტორი, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეზიდენტია - "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ოჯახია"

თითქმის 10 წელია, მთელი ოჯახით გერმანიაში ცხოვრობს. ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდა იენას, ბამბერგის და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტებში.

პროფესორი გიორგი ხუბუა იურისტია, სამართლის ფილოსოფოსი, ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორი. 2006-2010 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ, დღეს კი ბერლინის Steinbeis University-ის რექტორია (უნივერსიტეტის პრეზიდენტი).

როგორ გახდა ქართველი მეცნიერი გერმანიის პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეზიდენტი, როგორ ცხოვრობს უცხო ქვეყანაში და რას ფიქრობს ქართული განათლების სისტემაზე - გია ხუბუა ექსკლუზიურად ესაუბრა AMBEBI.GE-ს:

"ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტად 2018 წელს ამირჩიეს. ამ თანამდებობაზე ღია კონკურსი იყო გამოცხადებული. 40-მდე კანდიდატმა მიიღო კონკურსში მონაწილეობა. შერჩევა რამდენიმესაფეხურიანი გახლდათ. საწყის ეტაპზე კომისიამ 5 კანდიდატი შეარჩია, მათგან უნივერსიტეტის სენატმა და შტაინბაისის ფონდის გამგეობამ, ჩემს კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

როგორც გერმანული უნივერსიტეტის ქართველი პრეზიდენტი ორმაგ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. მინდა, აუცილებლად გავამართლო გერმანელი კოლეგების ნდობა და ცხადია, როგორც ქართველს, მუდმივად მახსოვს, რომ ამ პოსტზე საქართველოც ღირსეულად უნდა წარმოვადგინო.

- უცხოელისთვის, უცხო ქვეყნის უნივერსიტეტის მართვა რთული არ არის?

- თითქმის 25 წელია, გერმანულ აკადემიურ და სამეცნიერო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირი მაქვს. ამიტომ, ეს საზოგადოება ჩემთვის უცხო არ არის. თუ შევადარებ თსუ-ს რექტორობის პერიოდს, ჩემთვის გაცილებით უფრო კომფორტულია გერმანული უნივერსიტეტის მართვა.

გარდა იმისა, რომ აქ ტრადიციულად ჩამოყალიბებული მართვის სტრუქტურებია, ბევრ რამეს აადვილებს შრომის გერმანული კულტურაც. გერმანიაში გაცილებით უფრო დაცული ხარ ყოველგვარი გარეშე, მათ შორის, პოლიტიკური, კონიუნქტურის გავლენებისგან. შესაბამისად, უფრო სტაბილურად გრძნობ თავს. შეგიძლია უფრო თამამად დაგეგმო მომავალი, მათ შორის, პროფესიული კარიერაც.

სირთულეებიც მსგავსია. უნივერსიტეტი ვერ იტანს იერარქიული მართვის სტილს - აქ ყველამ უნდა იგრძნოს, რომ ჩართულია მართვის პროცესში. უნივერსიტეტი ისე უნდა მართო, "სხვებმა" არ იგრძნონ, რომ მართავ. უნივერსიტეტში აუცილებელიცაა ერთგვარი ინტელექტუალური ქაოსის დაშვება, ან პროვოცირება. მართვის ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ "ქაოსიდან" მოხდეს საუკეთესო იდეების კრისტალიზაცია.

საუნივერსიტეტო საზოგადოება გენდობა მხოლოდ მაშინ, როდესაც გაღიარებს. ეს აღიარება კი მოდის "ქვევიდან". უნივერსიტეტში მხოლოდ თანამდებობა ვერ ქმნის ავტორიტეტს.

- საინტერესოა, გერმანული პედაგოგიური საზოგადოების შედარება ქართულთან - რით განსხვავდება და რაში ჰგავს ისინი ერთმანეთს?

- აკადემიურ საზოგადოებას, როგორც წესი, ბევრი საერთო, უნივერსალური ნიშანი ახასიათებს. საუნივერსიტეტო საზოგადოება ძალიან ინდივიდუალურია. თითოეულ პროფესორს, შესაბამისი ამბიციებიც აქვს და აღიარებას ესწრაფვის.

გერმანულ და ქართულ პროფესურას შორის არსებულ განსხვავებას ბევრად განაპირობებს ის გარემოება, რომ ევროპული უნივერსიტეტები უწყვეტად ვითარდებოდნენ XI საუკუნიდან დღემდე. ჩვენთან, სამწუხაროდ საუნივერსიტეტო განათლების სისტემას ასეთი ფუფუნება არ ჰქონია. პირველი ქართული უნივერსიტეტი დაარსებიდან უკვე მესამე წელს მოწყვიტეს განვითარების ევროპულ ორბიტას და ევროპის საგანმანათლებლო სისტემაში რეინტეგრაცია, არ არის მარტივი პროცესი.

გერმანულ საზოგადოებაში გაცილებით უფრო პრესტიჟულია უნივერსიტეტის პროფესორის სტატუსი. გერმანული პროფესურა სოციალურად უფრო აქტიურია და ინტენსიურადაა ჩართული საზოგადოებრივ დისკურსში. საზოგადოებაც უფრო მეტ ანგარიშს უწევს პროფესურის მოსაზრებებს.

- შტაინბაისის უნივერსიტეტზე მოგვიყევით… როგორია სტუდენტების დამოკიდებულებაზე სასწავლო პროცესის მიმართ…

- ჩვენი უნივერსიტეტი ატარებს შტაინბაისის სახელს, ის XX საუკუნის დასაწყისში იყო ეკონომიკის მინისტრი. შტაინბაისმა ხელი შეუწყო ისეთი ინდუსტრიული გიგანტების დაფუძნებას, როგორიცაა Bosch და Daimler. სწორედ შტაინბაისმა შემოიღო განათლების ე.წ. დუალური მოდელი, რომელიც თეორიისა და პრაქტიკის მჭიდრო კავშირს ეფუძნება.

რაც ჩვენს უნივერსიტეტს სხვებისგან გამოარჩევს, ეს არის სწავლების განსხვავებული მეთოდი, ე.წ. პროექტზე დაფუძნებული კომპეტენცია.

ჩვენთან თითოეული სტუდენტი ვალდებულია, ჩარიცხვიდანვე განახორციელოს რეალური პროექტი ფირმაში, დაწესებულებაში. ძირითადი აქცენტი კეთდება ცოდნის ტრანსფერზე და სტუდენტების ინდივიდუალური უნარებისა და ინიციატივის განვითარებაზე.

გერმანიაში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 0,3% აფუძნებს საკუთარ ფირმას, მაშინ როდესაც ჩვენს უნივერსიტეტში ეს ციფრი 7%-ზე მეტია. ჩვენი უნივერსიტეტის ძირითადი პროფილია ინოვაციები და მენეჯმენტი. გვაქვს ტექნოლოგიების ფაკულტეტიც.

- თსუ-ს რექტორობის პერიოდში მიღებული გამოცდილება თუ გეხმარებათ გერმანიაში იმავე თანამდებობაზე საქმიანობისას?

- თსუ-ს რექტორობის გამოცდილება ძალიან დამეხმარა შესარჩევი კონკურსის წარმატებით დაძლევასა და მეხმარება მუშაობაშიც. საკმაოდ რთულ პერიოდში მომიწია თსუ-ს რექტორობა, როდესაც განხორციელდა ბევრი მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი რეფორმა. არის ბევრი რამ, რასაც წიგნებში ვერ ამოიკითხავ და რაც მხოლოდ გამოცდილებას მოაქვს.

მართვისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების უნარი. სხვანაირად, ნებისმიერი მართვის მოდელი განწირულია „დამბლისათვის“. მართვა არ არსებობს რისკის გარეშეც. შეცდომებისაგან დაზღვეული არავინაა. მთავარია, არ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა.

თსუ-ში მოგვიწია რადიკალური ცვლილებების განხორციელებამ. გარდამავალ პერიოდში ასეთი გარდაქმნები აუცილებელიცაა. როგორც იტყვიან, უფსკრულს ვერ გადააბიჯებ - უფსკრულს უნდა გადაახტე. თუმცა, ასეთი მტკივნეული ცვლილებებისათვის დრო ცოტაა და საზოგადოების ნდობის მანდატიც დროში ძალიან ლიმიტირებულია.

- დღეს რომ თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყოთ, გერმანული გამოცდილებით რა რეფორმების გაატარებდით?

- თსუ-ს, პირველ რიგში, ვუსურვებდი თავისუფლებას, როგორც უნივერსიტეტის განვითარების მთავარ პირობას. უნივერსიტეტი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი, მათ შორის, პოლიტიკური გავლენისგან.

მნიშვნელოვანია საკუთარი პროფილის გამოკვეთა - უნივერსიტეტი ვერ იქნება თანაბრად ძლიერი ყველა მიმართულებით. არ უნდა მოვერიდოთ პროფესურის დიფერენციაციას. არ უნდა გვქონდეს იმის შიში, რომ კარგი პროფესორი მოითხოვს მეტ რესურსს, მათ შორის, სამეცნიერო კვლევებისათვის. არასტანდარტული, ინოვაციური აზროვნების პროფესურა გარკვეულ პრივილეგიებსაც იმსახურებს.

უნივერსიტეტის წარმატება ბევრადაა დამოკიდებული სამეცნიერო და კვლევითი კლასტერების შექმნაზეც, რომელშიც ჩართული იქნებოდა სხვადასხვა დარგის პროფესურა.

უნივერსიტეტი არ უნდა მოერიდოს ექსპერიმენტებსა და უნდა იყოს უფრო რისკიანი. თსუ-ს ვუსურვებდი, იყოს მუდმივი ცვლილებებისა და განახლების დინამიურ პროცესში - ის, რაც არ იცვლება, უბრალოდ არ არსებობს.

- როგორც პედაგოგისთვის რა არის თქვენთვის სტუდენტებთან ურთიერთობისას მთავარი?

- სტუდენტი უნდა იყოს საუნივერსიტეტო განათლების პროცესის აქტიური სუბიექტი და არა პასიური „ობიექტი“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიფერენცირება, სელექცია გამორჩეულად ნიჭიერ და "დანარჩენ" სტუდენტებს შორის. თანამედროვე, „მასიურ“ უნივერსიტეტში რთულია ამის გაკეთება. შესაბამისად, პროფესორი იძულებულია იყოს "მასაზე" ორიენტირებული. მასა კი ყოველთვის საშუალოა. გამორჩეული შესაძლებლობების სტუდენტი არ უნდა ჩაიკარგოს მასაში...

სტუდენტობა საზოგადოების ყველაზე ჯანსაღი ნაწილია. არ არსებობს იმაზე უფრო დიდი პრივილეგია, ვიდრე ემსახურო სტუდენტობას. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პროფესორისთვის უმთავრესია სტუდენტთან ურთიერთობა ამ პასუხისმგებლობაზე დააფუძნოს.

- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს ჰყავდეს რეალურად განათლებული ახალგაზრდები. პრობლემის მოგვარება საიდან უნდა დაიწყოს?

- პრობლემის მოგვარება უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ბაღიდანვე ბავშვებს ვასწავლოთ ცნობისმოყვარეობა. ცნობისმოყვარეობით იწყება ყველაფერი, მათ შორის, დიდი სამეცნიერო მიღწევებიც!

ცნობისმოყვარეობა ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ბავშვები სვამენ ყველაზე რთულ შეკითხვებს. დიდაქტიკის ძალიან ცნობილ გერმანელ პროფესორს ჟურნალისტმა ჰკითხა: თავისი მნიშვნელობით, რომელ ადგილს მიანიჭებდა უნივერსიტეტის პროფესორის წოდებას. პასუხი იყო, რომ უნივერსიტეტის პროფესორი თავის მნიშვნელობით მესამეა, ბაღისა და სკოლის მასწავლებლის შემდეგ...

ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება, გავუწიოთ ახალგაზრდებს, ეს არის საუნივერსიტეტო განათლების "ინფლაცია". შემთხვევითი არ არის, რომ ეკონომიკურად ძლიერები არიან სწორედ ის ქვეყნები, სადაც მკაცრად უდგებიან განათლების სტანდარტებს და სადაც შედარებით დაბალია უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მქონე პირთა ქვოტა.

ახალგაზრდებს უნდა გადავცეთ არა მხოლოდ ცოდნა და ინფორმაცია, არამედ პირველ რიგში მოვამზადოთ იმ ცვლილებებისთვის, რომლის პირობებშიც მოუწევთ საქმიანობა. თანამედროვე დროში ცოდნა ძალიან მალე „ძველდება“. მხოლოდ კრიტიკული და შემოქმედებით აზროვნების პიროვნებას აქვს რადიკალურად შეცვლილ გარემოებებთან სწრაფი ადაპტირების უნარი.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კლასიკური განათლება თანდათან ჩავანაცვლოთ კრიტიკული აზროვნების განვითარებისაკენ მიმართული სისტემით.

- დაბოლოს, რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ მიღწევად და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა - ჩემი ოჯახია. 2010 წელს გერმანიაში საკუთარი ნებით არ წამოვსულვართ. განსაკუთრებით რთული იყო ის პერიოდი ბავშვებისათვის, სრულიად უცხო სასკოლო გარემოში, ენა თითქმის არ იცოდნენ...

გია ხუბუას შვილები - დავითი და გიორგი

ეს რთული პერიოდი მხოლოდ ოჯახურმა სოლიდარობამ გადაგვატანინა. ჩემი უფროსი ვაჟი გიორგი, სტარტაპ-პროექტს ახორციელებს, ხოლო უმცროსი, დავითი, Delloite-ის მიუნხენის ოფისში მუშაობს. რა თქმა უნდა, მეუღლე - ნატო, რომელმაც შესაძლებელი გახადა ამ "სამი კაცის" წარმატება გერმანიაში.

უმცროსი გიორგი ხუბუა

ჩემი სამომავლო გეგმები უახლოეს წლებში დაკავშირებულია გერმანიასთან და გერმანულ უნივერსიტეტთან. მინდა, გავაგრძელო გერმანულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ტრადიციულად ჩამოყალიბებული ინტენსიური თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ბევრი ახალი, საინტერესო პროექტის რეალიზაციას შევძლებთ.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია

"დილით ადრე წამოსულა, მდინარით უნდა გადმოსულიყო, არც ცოცხალი ჩანს, არც მკვდარი", - გალში 60 წლის ქალს ეძებენ

როგორი იქნება ზღვის სანაპირო ზოლი და დასვენება პანდემიის პირობებში - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები