ავტორი:

არის თუ არა საფრთხის შემცველი ორსულისთვის ექოსკოპიის ხშირად გაკეთება - რადიოლოგ ალექსანდრე გვასალიას რჩევები

არის თუ არა საფრთხის შემცველი ორსულისთვის ექოსკოპიის ხშირად გაკეთება - რადიოლოგ ალექსანდრე გვასალიას რჩევები

ორსულობის დროს ექოსკოპიის გაკეთება საქართველოში სამჯერ არის სავალდებულო: 11 კვირასა 3 დღიდან და 13 კვირასა და 7 დღემდე, 18-22 კვირაზე და 30-34 კვირაზე. ყველა ქვეყანაში განსხვავებული გაიდლაინი მოქმედებს და ეს ციფრიც შესაბამისად იცვლება. კლინიკებსაც აქვთ თავისი ინდივიდუალური გაიდლაინები, რომლის ფარგლებშიც დამატებითი პროცედურები სავალდებულოა. ეს ყველაფერი კი ორსულის მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ხდება.

როგორც „გაგუას კლინიკის“ რადიოლოგი ალექსანდრე გვასალია განმარტავს, აღნიშნული ვადები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ორსულისთვის, რადგან თითოეულ მათგანზე ნაყოფის კონკრეტული მდგომარეობის შემოწმება ხდება. შესაბამისად, არ შეიძლება მათი გამოტოვება ან გადავადება.

რას ვამოწმებთ ორსულობის მე-12 კვირაზე გაკეთებული ექოსკოპიით და შესაძლებელია თუ არა ამ პროცედურით დაუნის სინდრომის გარანტირებულად დიაგნოსტირება?

12 კვირაზე (11კვირისა და 3 დღიდან 13 კვირასა და 6 დღემდე) ვაფასებთ ე.წ. კისრის ნაოჭს, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელი ქრომოსომული აბერაციების, ანუ როგორც საზოგადოებაში ცნობილია დაუნის სინდრომის. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის დიაგნოსტირების ზუსტი მეთოდი. კისრის ნაოჭის ზრდა ამ პათოლოგიის მიმანიშნებელია. ანუ როდესაც კისრის ნაოჭი აღემატება ნორმას, იზრდება ალბათობა იმისა, რომ ბავშვს შეიძლება აღნიშნული ან სხვა ქრომოსომული პათოლოგია აღმოაჩნდეს. ამ შემთხვევაში დამატებით ინიშნება რამდენიმე კიდევ უფრო სიღრმისეული გამოკვლევა, რომელთა საფუძველზეც საბოლოო დიაგნოზის დასმაა შესაძლებელია.

რისი შემოწმება ხდება ექოსკოპიის სხვა სავალდებულო პროცედურების დროს?

18-22 კვირაზე ჩატარებულ ექოსკოპიას მორფოლოგიურ ან სკრინინგულ გამოკვლევას ვუწოდებთ. ამ დროს დეტალურად ვამოწმებთ, თუ როგორ არის ჩამოყალიბებული ბავშვის თითოეული ორგანო ანუ ნაყოფის სრული ანატომია. ამ კვლევის შემდეგ მშობელმა იცის, რომ მის შვილს მაღალი პროცენტულობით არანაირი პათოლოგია არ ემუქრება.

30-34 კვირაზე ჩატარებულ გამოკვლევაზე კი ყურადღების ქვეშ ექცევა მონაცემები, როგორიცაა: ნაყოფის ზრდის პარამეტრები, წონაში მატება, სანაყოფე სითხის რაოდენობა და ასე შემდეგ. ამ ვადაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას აქვს თუ არა ნაყოფს ჰიპოქსიის ნიშნები. ამის გამოსავლენად ვიყენებთ დოპლერომეტრულ გამოკვლევას. პარალელურად, თავიდან დეტალურად ვამოწმებთ ნაყოფის ანატომიას.

რა შემთხვევაში ინიშნება დამატებითი ექოსკოპიური გამოკვლევა?

აღნიშნული სამი პროცედურის გარდა ექოსკოპიური გამოკვლება ტარდება ორსულობის დასადასტურებლად. ეს არის მეოთხე სავალდებულო პროცედურა ორსულობის დროს. დამატებითი პროცედურების დანიშვნა კი დამოკიდებულია ექიმსა და კონკრეტული კლინიკის გაიდლაინზე. ამა თუ იმ ვადაზე სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება ჩათვალოს ექიმმა საჭიროდ ექოსკოპიის გაკეთება. 36-40 კვირაზე ხშირად პროცედურა საჭიროა ნაყოფის წონის გადასაკონტროლებლად, ჰიპოქსიის ნიშნების გამოსავლენად, სანაყოფე სითხის ოდენობის განსაზღვრისთვის. ეს არ არის სავალდებულო, თუმცა ექიმების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის მშობიარობის ყველანაირი გართულების მინიმუმადე დაყვანის მიზნად.

ექოსკოპიის ხშირი გაკეთება გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული?

ამ კითხვით ძალიან ბევრი ორსული მოდის ჩემამდე. თუმცა უნდა დავაკონკრეტოთ, თუ რა იგულისხმება ხშირ გაკეთებაში. დღეგამოშვებით ექოსკოპიის ჩატარება, რა თქმა უნდა, სასურველი არაა. თუმცა თვეში ერთხელ ან ორჯერაც კი ეს სრულიად მისაღებია. როდესაც პროცედურის დროს გამოსავლენი პრობლემის რისკი აღემატება მისი გაკეთების რისკს, ექოსკოპია აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ყოველთვის სჯობს, ორსულს ჩაუტარო პროცედურა და გაარკვიო, რა საფრთხის წინაშე დგას ის თავად ან ნაყოფი.

თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე ყველაზე ხშირად რა პრობლემები ვლინდება ხოლმე ექოსკოპიის დროს?

12 კვირაზე ჩატარებულიექოსკოპიის დროს, თუ არ ჩავთვლით ქრომოსომული აბერაციების მარკერებს, ყველაზე ხშირია თავის ტვინის განვითარების ანომალიები.

18-22 კვირაზე გამოვლენილი პათოლოგიები უფრო მრავალფეროვანია, რადგან ამ დროს ყველა ორგანო უკვე ჩამოყალიბებულია. მითითებულ ვადებზე პირველ ადგილზე გადის გულის, გულ-სისხლ-ძარღვთა და თავის ტვინის განვითარების ანომალიები. აგრეთვე გვხვდება საშარდე სისტემის პათოლოგიები. უფრო იშვიათია კუჭ-ნაწლავი ტრაქტის და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანომალიები.

ექოსკოპიის დროს გამოვლენილი პრობლემების მოგვარება რამდენად შესაძლებელია?

ყველაფრის მოგვარება შეუძლებელია.თუმცა არის რიგი პრობლემებისა, რომელიც მედიკამენტური ჩარევით გვარდება. გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როდესაც პრობლემა გადაუჭრელია და საჭირო ხდება ორსულობის ნაადრევად დამთავრება. მედიცინის განვითარების ტემპის მიუხედავად, გარკვეული პრობლემების, მაგალითად, წონაში ჩამორჩენის ან ნაყოფის ჰიპოქსიის მკურნალობა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ვხედავთ, რომ მკურნალობის ყველა მეთოდი უძლურია, ორსულობის ნაადრევად დასრულება გვიწევს.

ექოსკოპიის გაკეთების დროს, აქვს მნიშვნელობა რომელი აპარატით ვაკეთებთ მას? რა განსხვავებაა 3D და 4D აპარატებს შორის?

აპარატს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რადიოლოგის კვალიფიკაცია და აპარატის შესაძლებლობები ტანდემში იყოს. რაც უნდა კარგი აპარატი ჰქონდეს კლინიკას, თუ ექიმი თითოეულ პათოლოგიას კარგად არ იცნობს, მას პროცედურის დროს მაინც ვერ ამოიცნობს. მე არაერთ აპარატზე მიმუშავია და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ რაც უფრო კარგია აპარატი, მით უფრო მარტივი ხდება ამა თუ იმ პათოლოგიის გამოვლენა. მაგალითად, ამ ეტაპზე „გაგუას კლინიკაში“ ყველა რადიოლოგი გამოკვლევებს ატარებს Voluson E8 აპარატებზე. ეს არის მსოფლიოში მეანობა-გინეკოლოგიაში წამყვანი ბრენდის ტექნიკა, რომელმაც განვითარებით ათეული წლით გაასწრო კონკურენტებს. მას იმდენად კარგი გამოსახულება აქვს და პროგრამულად იმდენად დახვეწილია, რომ რადიოლოგს სწორი დასკვნის გაკეთება მნიშვნელოვნად უმარტივდება.

რაც შეეხება 3D და 4D გამოსახულებას, მათ შორის არის სხვაობაა და სპეციალისტები სხვადასხვა მიზნით იყენებენ. 3D არის სტატიკური სამგანზომილებიანი გამოსახულება - სურათი. 4D არის იგივე სამგანზომილებიანი გამოსახულება რეალურ დროში ანუ ვიდეო. არის შემთხვევები, როდესაც სწორედ 4D გვეხმარება კონკრეტული პათოლოგიის გამოვლენაში.მაგალითად,სამგანზომილებიან გამოსახულებას აქვს წამყვანი როლი სახის ანომალიების, ცხვირ-ტუჩის და ხერხემლის სვეტის პრობლემების გამოვლენაში.

მეორე მხრივ, 4D გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, რადგან ისინი უყურებენ ბავშვის მოძრაობას, მიმიკას რეალურ დროში. აქედან გამომდინარე მშობლების და განსაკუთრებით მომავალი დედის დადებითი ემოციები ახდენენ პოზიტიურ გავლენას ორსულობის მიმდინარეობასა და შედეგზე.

თუ გქონიათ შემთხვევები, რომ ორსულებს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონიათექოსკოპიის პროცედურისგან?

სამწუხაროდ, ასე ხშირად ხდება. საზოგადოება ჯერ კიდევ აქტიურად ექცევა სხვისი, არა სამედიცინო პერსონალის ზეგავლენის ქვეშ. სწორედ ეს იწვევს გადაჭარბებულ მოლოდინს. ყოფილა შემთხვევა, რომ პირველივე კვირიდან გვთხოვენ სქესის დადგენას. ხანდახან იმითაც კი ინტერესდებიან, თუ რა ფერის თვალები აქვს ბავშვს.

ვურჩევ ყველა ორსულს,რომ დაუჯეროს მკურნალ ექიმსა და რადიოლოგს, ვადაზე გაიკეთონ ექოსკოპიაც და ყველა სხვა დანიშნული კვლევაც, არ იყვნენ საზოგადოების გავლენის ქვეშ. არ ეცადონ, გამოვლენილი პრობლემების საზოგადოების რჩევით ან ინტერნეტის გადაჭრას. კვალიფიცური სპეციალისტისა და კარგი აპარატურის საშუალებით გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია.

REDMED-ი ყველა მომხმარებელს ექიმის უფასო აუდიო რჩევას სთავაზობს

„სოკარი“ გაძლევთ შანსს, დაესწროთ ევრო 2020-ის გახსნას რომში - კომპანიამ გრანდიოზული გათამაშება დაიწყო

თურქეთის კლინიკაში გამოჯანმრთელებული ქართველი ფეხბურთელი სპორტს  დაუბრუნდა - განკურნებული პაციენტის ისტორია