ავტორი:

"მოჩვენებების სოფელი“ უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ - რატომ გაიქცნენ ადამიანები ალ მადამიდან

"მოჩვენებების სოფელი“ უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ - რატომ გაიქცნენ ადამიანები ალ მადამიდან

ალ მადამი - ასე ჰქვია არაბთა გაერთიანებული საამიროების უდაბნოს მისტიკურ სოფელს, რომელიც დუბაისთან ახლოს მდებარეობს. სოფელი ქვიშის ტალღებშია ჩაფლული. მას "მოჩვენებების სოფელს“, ასევე "გადამწვარ სოფელს“ უწოდებენ.

CNN მისტიკურ ადგილს ასე აღწერს - აქ ნახავთ ერთმანეთის პარალელურად განლაგებულ სახლების რიგებს. ასევე, არის ერთი მეჩეთიც. როდესაც სოფელში მიხვალთ, ისეთი განცდა დაგრჩებათ, თითქოს ადამიანებს სადღაც ეჩქარებოდათ, გარბოდნენ, კარი და ფანჯრები კი ღია დარჩათ.

"მოჩვენების სოფლის“ სახლების ნაწილს კარი და ფანჯრები საერთოდ არ აქვს, ნაწილის კი გაღებულია. ყველა მათგანი ქვიშითაა სავსე.

მისტიკური ისტორიები, რომლებსაც ალ მადამთან ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები ჰყვებიან:

ხალხში უამრავი მისტიკური ისტორია არსებობს ალ მადამის შესახებ. ადამიანები ყვებიან, რომ მოსახლეობამ ეს ადგილი ზებუნებრივი ჯინის გამო დატოვა. სწორედ ამიტომ, მას "მოჩვენების სოფელს“ უწოდებენ. ისინი CNN-თან მოჩვენებას ასე აღწერენ - "ეს არის ქალი კატის თვალებით, რომელსაც ხელში მაჩეტე უჭირავს.“

"ალ მადამი თითქოს რაღაც საშინელ საიდუმლოს ინახავს“, - წერს ბრიტანელი მოგზაური და ბლოგერი ვანესა ბოლი, რომელიც "მოჩვენების სოფელს“ 2019 წელს ესტუმრა.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოფელში დიდი განძია დამალული. რამდენიმე ადამიანი კი ყვება, რომ აქ ძლიერი ქვიშის შტორმი იყო, რის გამოც ადგილობრივები იძულებულნი გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ.

მიუხედავად სხვადასხვა შემზარავი ისტორიისა, ბოლო პერიოდში ეს ადგილი ტურისტებისთვის საინტერესო გახდა. სოციალურ ქსელებში მოგზაურები ალ მადამს გაერთიანებული არაბთა საამიროების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილს უწოდებენ და აუცილებლად სანახავ მიმართულებებში შეჰყავთ.

"მოჩვენებების ადგილი იზიდავს ტურისტებს და ამავდროულად, ის ძალიან საინტერესოა მკვლევართათვის“, - ამბობს დუბაის ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილის პოპულარობა იზრდება, ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი გეგმა მისი განვითარებისთვის.

2018 წელს Sharjah Art Foundation-მა სოფლის ისტორიის დასადგენად მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო პირი გამოკითხა.

სხვადასხვა მოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ სავარაუდოდ, სოფელში ეს სახლები მეოცე საუკუნის 70-იან წლებში აშენდა, თუმცა სავარაუდოა ისიც, რომ ამ სახლების აშენებამდე აქ ცხოვრებისთვის მკაცრი პირობები არ იყო და უფრო ადრეულ წლებში ქუთბის ტომი ცხოვრობდა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორმა იაშერ ელშესტავმა მოკვლევა დამოუკიდებლად ჩაატარა. მან შეისწავლა ის, თუ როგორ განაშენიანდა არაბთა გაერთიანებული საამირო. პროფესორი წერს, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამუშავდა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ყველასთვის საცხოვრებელი პირობების შექმნას ისახავდა მიზნად და ცხოვრების შედარებით მოდერნისტულ სტილზე გადასვლას ითვალისწინებდა. თავის მხრივ კი, ყოველივე ნავთობის ახალი რესურსების აღმოჩენას მოჰყვა.

"ხელისუფლებას სურდა, რომ შეექმნა სახელმწიფო, ისეთი ქალაქები და დასახლებები, რომლებიც განსხვავებული იქნებოდა უდაბნოს ბედუინების ცხოვრებისგან. ცხოვრების ტრადიციული სტილი ასოცირებული იყო სიღარიბესა და გაჭირვებასთან“, - ამბობს პროფესორი.

ის ამავდროულად დასძენს, რომ მიუხედავად სახლების აშენებისა, კლიმატური პირობების გამო, ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა ვერ განვითარდა, არ იყო წყალი, ელექტროენერგია, არ არსებობდა არანაირი პირობები და ამის გამო ადამიანებმა სახლები დატოვეს.

მიუხედავად უკვე ჩატარებული რამდენიმე კვლევისა, უამრავი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება - მათ შორის, რატომ არის კარი და ფანჯრები ღია, რატომ არ აქვს ზოგიერთ სახლს ისინი საერთოდ, იყო თუ არა ყოველთვის უდაბნო ამ ტერიტორიაზე, თუ სხვა კლიმატური პირობები არსებობდა და რას უკავშირდება ხალხში გავრცელებული მოსაზრებები პარანორმალურ მოვლენებზე? ამ კითხვებზე მეცნიერები პასუხების გაცემას ცდილობენ, მანამდე კი, ალ მადამი მისტიკური ამბებით დაინტერესებულ ტურისტებს სულ უფრო მეტად იზიდავს.

"მე შენ მიყვარხარ 67 წელია, ქორწინების იუბილეს გილოცავ!" - რა სიურპრიზი გაუკეთა ამერიკელმა პენსიონერმა კარანტინში მყოფ ცოლს

გერმანელი ფსიქოთერაპევტის საოცარი დასკვნა ოჯახურ და ფინანსურ ბედნიერებაზე - "ღიპი - დედასთან პრობლემებია, უფულობა - მამასთან"

რატომ ყიდულობენ ადამიანები პანიკურად ტუალეტის ქაღალდს - "ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?"