ავტორი:

საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ

საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ

როგორც ცნობილია, ფიტოთერაპია სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მეთოდია, რომელიც უძველესი ხალხური მედიცინის საფუძველზე გაჩნდა. ის მცენარეებისა და მათგან მიღებული წამლების გამოყენებას ეყრდნობა. ამიტომაც ფიტოთერაპიას „ბალახებით მკურნალობასაც“ უწოდებენ. ამდენად, ფიტოთერაპია არატრადიციული მედიცინის ერთ-ერთი ნაწილია.

პრაქტიკულად არ არსებობს მცენარე, მისი გამოყენება პრეპარატების მოსამზადებლად არ შეიძლებოდეს (როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად, სხვებთან კომბინაციაში).

გვინდა რამდენიმე ძალიან ცნობილ მცენარეს შევეხოთ, რომელთა სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრი რამ ვიცით, თუმცა ზოგიც უცნობია. ამასთან, გავიხსენოთ მათი გარკვეული უკუჩვენებებიც.

  • მრავალძარღვა

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვისებრთა ოჯახიდან. გავრცელებულია მთელს საქართველოში გზის პირებზე, ბილიკებზე, ეზოებში, ბაღებში, საძოვრებზე, საცხოვრებლის ახლოს, ტენიან ნიადაგებში. მთაში გვხვდება თითქმის 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.

ფოთლების შეგროვება მიზანშეწონილია მშრალ ამინდში. აშრობენ ჩრდილში, ფარდულში, რომელიც კარგად ნიავდება.

როგორც აპი და ფიტოთერაპევტი მაკა ჭავჭანიძე გვეუბნება, მას საფაღარათო, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი, ჭრილობის შემახორცებელი ეფექტი აქვს.

გამოიყენება: დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, ენტერიტის, კოლიტის, წყლულოვანი დაავადებების დროს. ასევე როგორც ამოსახველებელი, ბრონქიტების, ყივანახველას დროს.

მრავალძარღვას საწინააღმდეგო ჩვენება: გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების, მაღალი მჟავიანობისას არ გამოიყენება.

  • პიტნა

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარია ტუჩოსანთა ოჯახიდან. 50-100 სმ სიმაღლის ფესურიანი მცენარეა. გვარი მდიდარია სახეობებით. საქართველოში ველურად იზრდება მხოლოდ 4 სახეობა: ომბალო, მინდვრის პიტნა, წყლის პიტნა, ტყის პიტნა. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლის ტენიან მდელოებზე, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მდინარეთა სანაპიროებზე.

პიტნის ფოთოლი და ყვავილედი ეთეროვან ზეთს შეიცავს, რომლის ძირითადი კომპონენტი მენთოლია. ფოთლისგან დამზადებულ ნაყენს იყენებენ მედიცინაში. ფოთლისა და მიწისზედა ნაწილებისაგან მიიღება პიტნის ზეთი, რომელსაც, როგორც არომატულ ნივთიერებას, პარფიუმერია-კოსმეტიკაში ხმარობენ. კვების მრეწველობაში პიტნის ზეთი და ფოთოლი კარგი სანელებელია.

მაკა ჭავჭანიძე მის სამკურნალო მოქმედებას ასე განმარტავს: ახასიათებს დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ნაღველმდენი, შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების მომადუნებელი და საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციის გამაძლიერებელი მოქმედება. ეს ეფექტები განპირობებულია მასში შემავალი მენთოლით, რომელიც იწვევს გულის, ფილტვისა და თავის ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას.

გამოიყენება: ნევროზების, უძილობის, სტენოკარდიის, ნაღვლის ბუშტისა და ზედა სასუნთქი გზების ანთების, კბილის ტკივილისას.

საწინააღმდეგო ჩვენება კი ასეთია: არტერიული ჰიპერტონია. მაღალ დოზებში შესაძლოა გულის ტკივილი გამოიწვიოს.

  • გვირილა

რთულყვავილოვანთა ოჯახის რამდენიმე გვარის მცენარეთა კრებითი სახელწოდება. საქართველოში 24-მდე სახეობაა ცნობილი, მათგან 10 კავკასიის ენდემია, 3 - საქართველოსი. იზრდება მთის ქვემო სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე, მდელოებსა და მაღალბალახეულში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში, ქვიან და კლდოვან კალთებზე, ჩამონაზვავებზე.

გვირილა ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით გამოირჩევა, ამასთან, ოფლმდენი, ნაღველმდენი, ანტიალერგიული, დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო მცენარეა.

გამოყენება: ქრონიკული გასტრიტის, ქოლეცისტიტის, ნაწლავების დისკნეზიის, მეტეორიზმის, უძილობის, შეშუპების, ნევროზისა და ნევრალგიის დროს.

ადგილობრივად იყენებენ - ფურუნკულის, დამწვრობის, ანგინის, სტომატიტის დროსაც.

უკუჩვენება: პირებს, რომელთაც მიდრეკილება აქვთ ფაღარათისკენ, გვირილა სიფრთხილით ენიშნება.

  • კუნელი

კუნელი ეკლიანი ხეებისა და ბუჩქების გვარია ვარდისებრთა ოჯახიდან.

მოიცავს 200-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერსა და ნაწილობრივ სუბტროპიკული ჰავის ზონაში.

კავკასიაში ბუნებრივად გავრცელებული 20-მდე სახეობიდან საქართველოში 9 იზრდება. მათგან კავკასიური კუნელი და კოლხური კუნელი ენდემებია.

საკმაოდ ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა და ცოცხლობს 200-300 წელს.

მოქმედება: კორონალური და თავის ტვინის სისხლძარღვების გამაფართოვებელი, ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, გულისა და თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგების გამაძლიერებელი, ნივთიერებათა ცვლის და ძილის მომაწესრიგებელი, გულის რითმის მანორმალიზებელი და სისხლში ქოლესტერინის შემამცირებელია.

გამოიყენება: სტენოკარდიის, ტვინის სისხლძარღვების შევიწროების, გულის რითმის დარღვევის, უძილობის, კლიმაქსის, ჰიპერტონიის საწყისი სტადიის დროს.

საწინააღმდეგო ჩვენებაა: არტერიული ჰიპოტენზია.

  • ცხენისწაბლა

ხეების, იშვიათად ბუჩქების გვარია საპინდუსისებრთა ოჯახიდან. 15-მდე სახეობა იზრდება ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. უმეტესად გავრცელებულია ჩვეულებრივი ცხენისწაბლა, რომელიც ბაღებსა და პარკებში გვხვდება. მისი სიმაღლე 30 მეტრს აღწევს, ღეროს დიამეტრი 2 მეტრამდეა.

მოქმედება: მატონიზირებელია, სისხლდენის შემაჩერებელი, ანტიბაქტერიული, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო. მასში შემავალი ბიოლიგიურად აქტიური ნივთიერებები ამცირებს სისხლძარღვების, კაპილარების შეღწევადობას, აქვეითებს სისხლის სიბლანტეს, ზრდის მათ ტონუსს, როცა დარღვეულია ვენოზური გამტარობა.

გამოყენება: ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას, ჰემოროის, მიოზიტების, ნევრალგიის, ათეროსკლეროზისას.

საწინააღმდეგო ჩვენება კი ასეთია: ნედლი ცხენისწაბლას მიღება უარყოფით გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე, შეიძლება, გამოიწვიოს ტკივილი მუცლის არეში და შებერილობა.

დღეს ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ბრუნდება - ისინი კარანტინის პერიოდს საჩხერეში გაივლიან

საქართველოში +18 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი

სპეციალური შეთავაზება Toyota C-HR-ის პოტენციური მომხმარებლებისთვის