ავტორი:

მინისტრი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელიც სიმსივნეს ებრძვის - "8 თვის ორსულს მუცელში ავტომატის კონდახი მომხვდა..."

მინისტრი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელიც სიმსივნეს ებრძვის - "8 თვის ორსულს მუცელში ავტომატის კონდახი მომხვდა..."

პროფესიით ფილოლოგი დარე ლაცუზბაიას ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. წლების წინ, აფხაზეთის ომამდე, ახალგარზდა ქალი ბედნიერად ცხოვრობდა მშობლიურ სოხუმში და ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. ომმა კი ყველაფერი შეცვალა - ჯერ იყო ლტოლვილობის რთული ხვედრი, შემდეგ მოსკოვში, ნოსტალგიაში გატარებული წლები და სიმსივნის დიაგნოზი, რომელიც 12 წლის წინ განაჩენად იქცა და სამშობლოში დააბრუნა...

დარე ორი წელია სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კულტურის მინისტრის - ირინა კუპრავას როლს თამაშობს. ახლა AMBEBI.GE-ს საკუთარ ცხოვრებაზე უყვება, რომელიც ერთი შეხედვით კინოს ჰგავს...

- სოხუმიდან მოვდივარ... მართალია, გალში დავიბადე, რადგან დედა იქ იყო სამსახურებრივად განაწილებული, მაგრამ იქ არ მიცხოვრია, მთელი ჩემი შეგნებული წლები სოხუმში ვიცხოვრე. ქალაქი 1993 წლის 18 სექტემბერს დავტოვე. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი პირველ შვილზე.

- სოხუმში დაოჯახდით?

- ძალიან საინტერესო დაოჯახების ისტორია მაქვს. აფხაზეთის ტელევიზიაში ვმუშაობდი, საინფორმაციო პროგრამების მთავარი რედაქტორის მოადგილე ვიყავი. მასალებს თბილისში სარელეო ხაზით ვგზავნიდით და როდესაც ომის დროს ეს ხაზი ააფეთქეს, საიდუმლო მასალები კასეტების საშუალებით თბილისში მომქონდა თვითმფრინავით.

ერთ-ერთი ფრენისას გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც მებრძოლი და "შავი ავაზას" წევრი გახლდათ. ის თავის რაზმთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა. ეს იყო ომის დროს, 1992 წელს და ძალიან მალე დავოჯახდით.

- ორსულმა დატოვეთ აფხაზეთი?

- დიახ, რვა თვის ორსული ვიყავი. ბოლო შეტაკებებისას სოხუმში ვიყავი. მანამდე თბილისში ჩამოვედი ცოტა ხანს, მაგრამ ნეიტრალური პერიოდი იყო გამოცხადებული და უკან დავბრუნდი.

მეგონა ომი დამთავრდა და კარგად იქნებოდა ყველაფერი და ჩვენც მშვიდ ცხოვრებას გავაგრძელებდით, მაგრამ ტყვარჩელიდან მოულოდნელად დაიწყო შეტაკებები და შეიძლება ითქვას, ბოლო თვიმთმფრინავით დავტოვე სოხუმი.

ტრაპზე ასვლისას, შემთხვევით, ჩვენი მებრძოლის ავტომატის კონდახი მომხვდა მუცელში, ის საკუთარი ოჯახის წევრებს აცილებდა. ამან პროცესი დააჩქარა და ჩამოსვლისას საავადმყოფოში დამაწვინეს ნაყოფის შენარჩუნებაზე, მაგრამ ძალიან მალე რვა თვეზე ვიმშობიარე.

შვილთან ერთად

- თქვენი მეუღლე სად იყო ამ დროს?

- მეუღლე 21 წლის იყო, კოლხიდაში იბრძოდა და გულში დაჭრეს. როდესაც ვტოვებდით სოხუმს, ჩემმა ძმამ სთხოვა, დაჭრილი ხარ, მაინც სუსტად ხარ და წაიყვანე თბილისში ქალები და ბავშვები და უკან დაბრუნდიო. მაშინ ვერც წარმოვიდგენდით რომ სოხუმი ჩაბარდებოდა... რა თქმა უნდა, უკან ვეღარ დაბრუნდა, რადგან ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ მაინც არ მაქვს ეს შეგრძნება და იმედი მაქვს, რომ ოდესმე დავბრუნდებით.

- თბილისმა როგორ მიგიღოთ?

- არაჩვეულებრივად... ჯერ კიდევ, მაშინ, როდესაც გაგრა დაეცა და ლტოლვილების პირველი ნაკადი ჩამოვიდა, ჩემი და გამოვაცილე, რომელმაც მცირეწლოვანი შვილებით ერთ-ერთ პუნტქს შეაფარა თავი. ამ დროს მოხდა სასწაული ისტორია - ამ პუნქტში მოვიდა ერთი თბილისელი ბიჭი, სოსო ხოკერაშვილი და თქვა, რომ ერთ ბავშვებიან ოჯახს თავისთან წაიყვანდა და შეიფარებდა. ნაძალადევში, ზესტაფონის ქუჩაზე ცხოვრობდა. თავისი სახლის ნაწილი, ჩემ დას, მის შვილებს და დედაჩემს დაუთმო.

წარმოიდგინეთ, სახლში რომ მივედით, მაცივარი სავსე დაგვახვედრა, ბავშვებისთვისაც კი გაემზადებინა სათამაშოები, მანამდე ფიქრობდა, რომ ბავშვიან ოჯახს მიიყვანდა სახლში. ერთი წელი იცხოვრეს ჩემი ოჯახის წევრებმა მის ოჯახში. ახლა ეს ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, სამწუხაროდ არ გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ აუცილებლად მოვძებნი.

რაც შეეხება ჩვენს დაბრუნებას, ჩემი მეუღლე თბილისელია და მე ბინის პრობლემა არ მქონია. პირდაპირ სახლში დავბრუნდით, მაგრამ არაფერი არ გვქონდა, ცარიელი იყო სახლი, რადგან მანამდე გადაწყვეტილი გვქონდა, ჩემთან სოხუმში გვეცხოვრა. მეზობლები გვაწვდიდნენ შაქარს და პროდუქტებს.

- შემდეგ როგორ გააგრძელეთ ცხოვრება თბილისში?

- ძალიან მალე წავედით მოსკოვში, როგორც მაშინ ბევრი ადამიანი. ძალიან გაგვიჭირდა, პატარა ბავშვი გვყავდა. ჩემი მეუღლე მანამდე რუსეთში სწავლობდა, მისი დეიდაშვილებიც იქ ცხოვრობდნენ და ჰქონდა კავშირები. 1994 წლის იანვრიდან 2006 წლამდე ვიცხოვრეთ იქ. მეორე ბავშვი რუსეთში შემეძინა.

- საქართველოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

- შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მკერდზე კვანძი მქონდა. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მეორე სტადიის სიმსივნე აღმოჩნდა. გავიკეთე ოპერაცია და ქიმიოთერაპიიის პერიოდში პატარა შვილი თბილისში გამოვუშვი დედასთან, რადგან მე ვერ მოვუვლიდი. შემდეგ მეც დავბრუნდი, ვერ გავძელი.

მკურნალობის შემდეგ, 5 წლის განმავლობაში სკრინინგს ვიკეთებდი და მშვიდობა იყო. ამასობაში გავიდა ათი წელი. 2018 წლის აგვისტოში წელის ტკივილმა შემაწუხა, გამოკვლევებში არაფერი ჩანდა. ბოლოს ჩემი ინიციატივით გავიკეთე კომპიუტერული ტომოგრაფია და აღმოჩნდა, რომ ძვლებში იყო მეორადი მეტასტაზები გასული და დამიდგინეს მეორე ხარისხის ძვლის კიბო, კარცენომა. ეს იყო რეციდივი, რომელიც მკერდიდად მოდიოდა.

ყოველთვის მზად ვიყავი იმისთვის, რომ რაღაც მოხდებოდა, მაგრამ ერთადერთი ის მაფერხებს, რომ ორი ვაჟი მყავს და მათ სჭირდებათ დედა, თორემ საკუთარ თავზე ნაკლებად ვფიქრობ

მეგობრები გვერდში დამიდგნენ და თურქეთში გადავფრინდი, იქაც იგივე დიაგნოზი მითხრეს რაც საქართველოში. მდგომარეობა ისეთი მაქვს, რომ განკურნებდია, მაგრამ უფრო ადრე რომ მივსულიყავი, შეიძლება უკეთესი მდგომარეობა მქონოდა. ყოველ შემთხვევაში არ უთქვამთ, რომ ერთ და ორ თვეში მოვკვდები...

- სად მკურნალობთ თბილისში თუ თურქეთში?

- თურქეთში გამიწერა ექიმმა სქემა, რომლის მიხედვითაც თბილისში ვმკურნალობ. ოთხი კურსი ჩავიტარე და შემდეგ მეოთხე თაობის პრეპარატებით 18 ინექცია გავიკეთე. ერთი წელი სულ მკურნალობაში ვიყავი. ახლა ჰორმონზე ვარ დამოკიდებული და მუდმივად გამოკვლევებს ვიკეთებ.

თავს უკეთესად ვგრძნობ, ტკივილებმა იკლო, მაგრამ თითქოს დოზიმეტრი მიყენია ორგანიზმში, ისე ვგრძობ ამინდის ცვლილებას. თან თავი არ მომიხრია, იუმორით ვუყურებდი ჩემს ავადმყოფობას, ველაპარაკებოდი, ვეხუმრებოდი. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ბრძოლის პერიოდში ვარ, ჯერჯერობით კარგი დინამიკა მაქვს, მზად ვარ, გავუმკლავდები.

- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ მოხვდით?

- მსახიობი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ბავშვობაში წრეებზე დავდიოდი, ვმღეროდი ანსამბლში. ეკა მჟავანაძემ მიმიწვია კასტინგზე და დამამტკიცეს. სასწაული აურაა გადასაღებ მოედანზე. მე კულტურის მინისტრის როლს ვთამაშობ და ჩემი მეგობრები არიან - მინისტრები, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი. გადასაღებ მოედანზე დიდი ჟრიამული გვაქვს, ყველას ნახვა მიხარია.

პრეზიდენტის როლის შემსრულებელი კახა გოგიძე სასწაული ადამიანია, მღერის, ცეკვავს, ლექსებით გვართობს ხოლმე. როდესაც ჩემი ავადმყოფობის შესახებ გახდა ცნობილი, მეგობრებმა - ნანა ცინცაძემ და ეკა კვალიაშვილმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს და ყველა გვერდში დამიდგა. არ მეგონა თუ ამდენ ადამიანს ვუყვარდი! მეგობრებს ვეუბნებოდი თუ არ გინდათ რომ მოვკვდე, აღარ მოვკვდები-მეთქი.

- ამ დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა განწყობას აქვს?

- რა თქმა უნდა, კიბო არ არის განაჩენი, ოპტიმიზმი არ უნდა დაკარგოს ადამიანმა! შეიძლება გამორიცხვითი მეთოდებით დაირღვეს სამედიცინო შაბლონი და მოხდეს სასწაული. მეოთხე სტადიაც კი დაუმარცხებიათ ადამიანებს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შინაგან განწყობას, ლოცვას და ამ ლოცვის დროს ვიზუალიზაციას.

მოსკოვში ყოფნისას, როდესაც ქიმიებს ვიკეთებდი, თვალებს რომ დავხუჭავდი თვალწინ მედგა ახალი მარჯანიშვილის ტერიტორია. მახსოვს, ბავშვობაში სოხუმიდან თბილისში რომ ჩამოვდიოდით, მანდ ვცხოვრობდით ახლობელთან. ვფიქრობდი, რომ თუ საქართველოში დავბრუნდებოდი და მარჯანიშვილის მოედანზე გავივლიდი, აუცილებლად მოვრჩებოდი. მოსკოვიდან რომ ჩამოვფრინდი, მეორე დღესვე გავიარე და მაშინ ვთქვი, რომ აი, ნამდვილად დავამარცხე სიმსივნე!

ანუკი არეშიძე პარიზის მოდის კვირეულზე - რა ფოტოებს აქვეყნებს დიზაინერი "ინსტაგრამზე"

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს!!!

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"