ავტორი:

"ჰეიდარ ალიევმა ჩემი სახელი ყველას გაამეორებინა: "ეს დაიმახსოვრეთო!" - მანანა ჯაფარიძის არნახული წარმატება აზერბაიჯანში და ოჯახური ტრაგედიები

"ჰეიდარ ალიევმა ჩემი სახელი ყველას გაამეორებინა: "ეს დაიმახსოვრეთო!" - მანანა ჯაფარიძის არნახული წარმატება აზერბაიჯანში და ოჯახური ტრაგედიები

მანანა ჯაფარიძე აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველი მომღერალი და აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტია და დაახლოებით 20 წელია, ბაქოში ცხოვრობს. მეზობელ ქვეყანაში პირველად 17 წლის ასაკში ჩავიდა და ამ წლების განმავლობაში წარმატებული კარიერა ააწყო.

სამშობლოს ხშირად სტუმრობს, შვილებს საქართველოში ზრდის და ამბობს, რომ საკუთარ მიწა-წყალს ძალიან უფრთხილდება.

მანანა ჯაფარიძე AMBEBI.GE-ს საკუთარი წარმატების ისტორიის, ოჯახის, აზერბაიჯანისა და საქართველოს შესახებ, ბაქოში ესაუბრა.

- 1997 წელს, 17 წლის ასაკში, 3-დღიან გასტროლებზე ვიყავი, მისტერ და მისის აზერბაიჯანის კონკურსი ტარდებოდა. მე როგორც მომღერალი, სტუმარი და ამომავალი ვარსკვლავი - მაშინ საქართველოში ასე მეძახდნენ, მიმიწვიეს და დედასთან ერთად ჩამოვედი. მოხდა ისე, რომ ჩემი შემოქმედება, საქართველოს სახელი ღირსეულად წარვადგინე.

შემომთავაზეს, ერთი კვირის შემდეგ მორიგ ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა. მშობლებისა და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დავრჩით. ერთ კვირაში კიდევ ერთი თვით დარჩენის შემოთავაზება მოვიდა, თითქოს უკვე ბედად იყო გადაწყვეტილი...

ამ პერიოდში ბაქოში, თბილისის პროსპექტზე სოლიდური "როიალ კლუბი" გაიხსნა, სადაც სტაბილური სამუშაო შემომთავაზეს. ვერ დავიტრაბახებ, რომ საქართველოში იყო ეს პირობები და მომღერლებს მაშინ თავის გატანა შეგვეძლო. ეს ძალიან დიდი რამ იყო თუნდაც იმისთვის, რომ ჩემი შემოქმედება მესაზრდოებინა. ის შემოსავალი, რაც ყოველდღიური მოღვაწეობიდან შემომდიოდა, ისევ ჩემს შემოქმედებაში იდებოდა...

მას მერე აზერბაიჯანიდან გავედი და დღესაც ხშირად გავდივარ საზღვარგარეთ, ავსტრიაში, ლონდონში ალბომები მაქვს ჩაწერილი, მაგრამ აქაურობა მაინც უფრო ჩემია, საქართველოსთან სიახლოვეც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ალბათ, ამიტომაც ვერ ვიცხოვრებდი საზღვარგარეთ სხვაგან.

მაშინ გადაწყვეტილებებს ჩემი მშობლები იღებდნენ, დღესდღეობით კი სამწუხაროდ, მამა არ მყავს, ჩერნობილში დასხივდა და დავკარგეთ, მაგრამ მაინც ოჯახთან ერთად ვიღებ გადაწყვეტილებებს. მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს, რომ ჩემს შემოქმედებაში ფული ჩაედოთ, პატარა ბინაში გადავიდნენ, 1980-90-იან წლებში ექიმს და არქიტექტორს ეს ყველაფერი საიდან უნდა მოეტანათ? ბედნიერი ვარ, თუ ჩემმა ბედმა და შრომისმოყვარეობამაც ასე გადაწყვიტა და თუ აზერბაიჯანში დარჩენა მეწერა.

- ბედსა და და შრომისმოყვარეობასთან ერთად, შეგიძლიათ რომელიმე ფაქტორის გამოყოფა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა თქვენს წარმატებაში?

- გეტყვით, რა იქნებოდა გადამწყვეტი ფაქტორი. საქართველოში, მეორე არხზე "ჰიტ პარადში" ვიღებდი მონაწილეობას, ნანი ბრეგვაძის, ჩემთვის უსაყვარლესი შემოქმედისა და ადამიანის რეპერტუარიდან ვასრულებდი - "ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს", ჩემი პედაგოგის ინტერპრეტაციით.

გავიმარჯვეთ, დაჯილდოვებაზე მიმიწვიეს, თუმცა ამ პერიოდში აზერბაიჯანში ვიყავი, სადაც მაშინდელი რესპუბლიკის, ახლა კი ჰეიდარ ალიევის სასახლეში კონცერტზე ვიყავი მიწვეული, რომელსაც მაშინდელი პრეზიდენტი და ლიდერი, ჰეიდარ ალიევი ესწრებოდა. არაჩვეულებრივი წესი და კულტურა იყო, რომ კონცერტის შემდეგ პრეზიდენტი მოგვიახლოვდებოდა კულისებში, ხელს ჩამოგვართმევდა, მადლობას გადაგვიხდიდა, რაც ძალიან დიდი მოტივაცია იყო შემდეგი გამარჯვებებისთვის.

ის არაჩვეულებრივი კულტურის მქონე ადამიანი და დიდი პიროვნება იყო. წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანში ახალბედა ვიყავი, პრეზიდენტი კულისებში მობრძანდა, მონაწილეები კი სახალხო არტისტები იყვნენ. დიდი სიმაღლით არ გამოვირჩევი და მორიდებულად უკან ვიდექი, მან კი ხელებით გაწია და გამოწია არაჩვეულებრივი ადგილობრივი შემსრულებლები, ხელი მომკიდა და მითხრა: "შვილო, მომიახლოვდიო“.

ალიევმა მკითხა, აზერბაიჯანულად თუ ვსაუბრობდი. მხოლოდ "ისე რა" ვიცოდი და ეს ვუპასუხე, რაზეც გაეცინა, ხელის ჩამორთმევასთან ერთად გულში ჩამიკრა, გზა დამილოცა და მითხრა, ძალიან კარგად ასრულებ აზერბაიჯანულად სიმღერას და არაჩვეულებრივად ცეკვავო.

შემდეგ ყველა მის თანამშრომელს ჩემი სახელი გაამეორებინა და უთხრა - "ეს სახელი დაიმახსოვრეთო"

ასეთი თბილი მიღების შემდეგ, ღამეები აღარ მეძინა და ოჯახში ვამბობდი, რომ მინდოდა, რომელიმე საერთაშორისო კონკურსზე აზერბაიჯანის სახელი წარმედგინა. თავიდან საქართველოს სახელით მინდოდა გავსულიყავი "აზიის ხმაზე" ყაზახეთში, მაგრამ სამწუხაროდ, პირობები ვერ შეიქმნა - ბევრი საბუთი იყო საჭირო კულტურის სამინისტროდან და აღარ გამოვიდა.

ამ სურვილით მივმართე აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს, სადაც მითხრეს: "გაგვიხარდება, მაგრამ რისკავთ, ქრისტიანი, ქართველი ხართ, ამხელა ტვირთს იღებთ თავზე და აზერბაიჯანის წარდგენა დიდი პასუხისმგებლობააო". ვუთხარი: თუ ჩემი ბედი იქნება, იქ ღირსეულად წარვადგენ აზერბაიჯანს და გრან პრი თუ არ მერგება, პირდაპირი რეისით დავბრუნდები საქართველოში, აზერბაიჯანში აღარ ჩამოვალ-მეთქი. არ ვიცი, ეს რა რწმენამ მათქმევინა...

როცა გამოაცხადეს, გრან პრი აზერბაიჯანის წარმომადგენელს, მანანა ჯაფარიძეს ერგოო, პირჯვარი გადავიწერე, ღმერთო, დიდება შენდა-მეთქი. ამას მოჰყვა სხვა საერთაშორისო კონკურსები, სადაც აზერბაიჯანის სახელით ისევ ვიმარჯვებდი. ერთი სიტყვით, ეს იყო ჩემი მადლიერება აზერბაიჯანის მიმართ იმ დიდ დახვედრაზე.

პოპულარობას არასდროს ვედევნებოდი. შემოქმედებაში ჩემმა გარდაცვლილმა ძმამ მომიყვანა, რომელიც 9 წლით უფროსი იყო. ფორტეპიანოზე, ვოკალის მასწავლებელთან სიარული მისი ინიციატივა იყო. ვაკეში დავიბადე და გავიზარდე, 55-ე სკოლაში ვსწავლობდი, მზიური, ვაკის პარკი, ვაკე, კუს ტბა - ეს ჩემი მასაზარდოებელი წყაროებია, სადაც ოჯახს დავყავდი.

როცა ჭავჭავაძეზე ძმა მასეირნებდა, მეუბნებოდა, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს ახედე და დაიმახსოვრე, უნდა შეეცადო, იყო საყვარელი მომღერალი და არა - პოპულარული და როდესაც იგრძნობ, რომ მარტო ხარ, თუ მე შენ გვერდზე არ ვიქნები, იცოდე, ეს ვარსკვლავი მე ვარ და მფარველობას გიწევო. ეს ვარსკვლავი ჩემი დიდი ძალაა, ამიტომ ჩემთვის მთავარი პოპულარობა არ არის.

ზოგი ფიქრობს, რომ მივაღწიე რაღაცას, უხვ პოპულარობას და მაგარი ტიპი ვარ - არა, ჩემთვის სხვა ფასეულობებია. მთავარია, ჩემი ოჯახის სახე ვატარო, შემდეგ კი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი ვიყო.

- რამდენად ხშირად გიწევთ საქართველოში ჩამოსვლა, უკავშირდება თუ არა ეს პროფესიულ კუთხეს და გიფიქრიათ, რომ სამშობლოში ჩაგეწერათ ალბომი?

- ქართული სიმღერები ჩემს რეპერტუარში იყო და ყოველთვის იქნება. საქართველოს ტელეეთერებსა და რადიოში ამომავალ ვარსკვლავს მეძახდნენ, ჩამოსვლის შემდეგ კი აზერბაიჯანში მოღვაწეობას მეტი დრო დავუთმე და საქართველოში ეს ნელ-ნელა მივიწყებას მიეცა. იყო გულისწყვეტაც, ძალიან მენატრებოდა სამშობლო, მინდოდა ჩამოსვლა, უძილო, თეთრი და ცრემლიანი ღამეები გამიტარებია, მაგრამ იმ პერიოდში ამის პირობა არ იყო. უკვე გადადგმული მქონდა ნაბიჯები, ჩემი ყოველი დღეც გაწერილი იყო.

ყოფილა დღეები, თბილისში მატარებლით ჩამოვსულვარ, მოვფერებივარ ჩემს მეგობრებსა და ნათესავებს, საღამოს კი დავბრუნებულვარ - დღეც არ ვრჩებოდით. ახლა შედარებით თავისუფალი გრაფიკი მაქვს და უფრო ხშირად ჩამოვდივარ. მაგალითად, ბათუმსა და თბილისში კერძო მიწვევებით ჩამოვდივარ, შეიძლება, სოლო-კონცერტის სახით სამსაათიანი გამოსვლაც იყოს, მაგრამ მაინც კერძო მიწვევაა.

ყოველთვის მზად ვარ ქველმოქმედებისთვის, კონცერტის გამართვისთვის, უბრალოდ, ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, იქიდან უნდა იყოს ინიციატივა. სახელმწიფო მიწვევებს რაც შეეხება, ეს 2015-ში იყო, ასევე, მაგალითად თბილისობაზე საპატიო სტუმარი ვიყავი, შემდეგ საპატიო თბილისელის სტატუსიც მომანიჭეს, ღირსების ორდენის მფლობელიც გახლავართ - ეს ჩემთვის ძალიან დიდი ჯილდოა. აზერბაიჯანში კი დამსახურებული არტისტი ვარ.

ჩემი შვილები საქართველოში იზრდებიან, მეუღლე ქართველი მყავს, გიორგი გაბეჩავა. ამიტომ, საქართველოში სტუმარი არ ვარ, ვუფრთხილდები ჩემს ქართველობასა და მიწა-წყალს, ამიტომაც ვარ ახლოს.

- ძმა და მამა ახსენეთ... მათ რა ტრაგედიები შეემთხვათ?

- ძმა ჯარში მსახურობდა, 1989 წელს, 9 აპრილის ტრაგედიამდე. აგვისტოში, 17 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანიაში. 6 თვე იყო დარჩენილი მის ჩამოსვლამდე. იქ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, ამას ბოლომდე ჩვენც ვერ ვარკვევთ და მან ალბათ ასევე განაპირობა ჩემი აზერბაიჯანში დარჩენა - მინდოდა, დედა განმერიდებინა საქართველოდან, მან მომხდარი ძლივს გადაიტანა.

ჩემს ძმასთან ახლოს ალბათ, ვერასდროს მივალ - უგანათლებულესი, მუსიკალური იყო, ათწლედი ჰქონდა დამთავრებული ვიოლონჩელოს განხრით, იყო ევროპის ჩემპიონი ბოქსში, დადიოდა კარატეზე. ამ სიტყვებით ვიტყვი: ის იყო "უჯიგრესი" ძმა, სხვანაირად ამას ვერ ვიტყვი. იმ დღიდან ჩემი ბავშვობა გაქრა, სულ დეპრესია იყო და მშობლები ცოცხალი თუ გადამირჩებოდნენ, არ ვიცოდი.

გასტროლი უცაბედად დაიგეგმა, დედაჩემის სტიმულით აღვსილი თვალები დავინახე, ტრაგიკულ ცრემლს უკვე იმედის ცრემლიც ახლდა და ვუთხარი, კარგია აქ და ვიყოთ-მეთქი. მამა კი სამწუხაროდ, განუკურნებელმა დაავადებამ წაგვართვა. ჩერნობილში მსახურობდა, ჩერნობილმა კი თავისი ნაკვალევი დაუტოვა. 40 წლის ასაკში დაავადება დაეწყო, 56 წლის ასაკში კი დავკარგეთ. ბოლო დღემდე ერთად ვიყავით, ჩავდიოდი, ვლოცულობდი და მეც და დედაც მისით ვცოცხლობდით.

ბოლო 5 თვე მამა პარალიზებული იყო, ვერ დადიოდა და დედა ამბობდა, ცოცხალი იყოს, ოღონდ ხმა მესმოდეს, სულ ნუ იმოძრავებს, თვალები დამიხამხამოს, დამეთანხმოს და იყოსო... გარდაცვალების წინა პერიოდში ვკითხე, როგორ ვიცოცხლო-მეთქი. სხვას შეეძლო ეთქვა, ასე და ასე მოიქეციო, მაგრამ მან ერთი სიტყვით ყველაფერი თქვა - ყოველთვის გახსოვდეს, ვისი შვილი ხარო.

- როგორც აღნიშნეთ, მეუღლე ქართველია, მოგვიყევით ოჯახზე...

- იცით მერედა, რა ქართველი?! ადრე მითქვამს, მინდა, ჩემს მეუღლეს გიორგი ერქვას-მეთქი, წმინდა სახელია ჩემთვის. ჩემი მეორე ნახევარი კი არა, მთლიანად ჩემნაირია, მე კი - მისნაირი. ოჯახისეული, ქართული ტრადიციები, კულტურა უმაღლეს დონეზე გვაქვს აყვანილი.

მამაჩემის წლისთავზე მე და დედა ზღვაზე, ქობულეთში ჩავედით, რომელიც მამას ძალიან უყვარდა. დედას იქ ჩასვლა არ უნდოდა, მაგრამ დამთანხმდა. კარიერისტი ვიყავი, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც დავინახე, რომ სახლში მარტო მე და დედა დავრჩით, ვუთხარი ზღვას და მამაჩემს, მის სულს და ჩემს ძმას: ოჯახის შესაქმნელად მზად ვარ და თუ არსებობს ზღვა სიყვარული, დაე, მეწვიოს-მეთქი.

10 დღით ვიყავით ჩასულები, მე-9 დღეს კი გიორგი, რომელიც ქობულეთელია, სახლში ჩამოვიდა. ზღვაში შეცურვას აპირებდა, მისმა ძმებმა შეცურეს, მან კი გამოიხედა და მკითხა: "თქვენ ის ბავშვი არ ხართ, აზერბაიჯანში რომ მოღვაწეობთ და ჩვენ რომ ძალიან ვამაყობთო?" მეუხერხულა, აზერბაიჯანში წარმადგენდნენ, როგორც "მანანა ხანუმ", რაც ქალბატონოს ნიშნავს და ვიფიქრე, რა ბავშვი?! მერე დავუბრუნდი ჩემს საწყისს და ვუთხარი, დიახ, ის გახლავართ-მეთქი. თბილი საუბრის შემდეგ ყველაფერი შეწყდა. გავიდა 1 თვე, მან მიპოვა, ბაქოში გაგვაცილა, 3 თვის მერე შემდეგი ზარი იყო და ასე გაგრძელდა.

წელიწადნახევარში ჩვენმა მშობლებმა ჩვენი გულის ჩივილი გაიგონეს და დაგვლოცეს. ჯვარი სამებაში დავიწერეთ, ჩვენმა პატრიარქმა დაგვლოცა მამაო თეიმურაზთან ერთად - მათ ვადიდებთ და მთელი ცხოვრების განმავლობაში გვეყვარება. ვუფრთხილდებით ჩვენს დალოცვილ, წმინდა ურთიერთობას, რომელსაც დიდი სიყვარული ეწოდება.

11 წლის ელისაბედი და 5 წლის დავითი გვყავს. ძირითადად, საქართველოში იზრდებიან, ქართულ ტრადიციებსა და ადათ-წესებში. ლიზიკო ცეკვაშია წარმატებული, სუხიშვილებში დადის, სკოლაში წარჩინებული მოწაფეა, ორივე მღერის და ჩემს პედაგოგთან, რუსიკო ბახტაძესთან დადიან. იმ სიყვარულით იზრდებიან, რაც მე ჩემი სამშობლოსგან მივიღე. მე და მეუღლე ხან აზერბაიჯანში ვართ, ხან საქართველოში. დედაჩემი ხუმრობით ჩიტო-გვრიტოს მღეროდა ჩვენზე - რადგან ხან აქეთ დავფრინავთ, ხან - იქით.

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

"ეს ის მაიაა, ნუციკოს რომ მოეწონებოდა“ - მაია ასათიანის მოკლე, შავი თმა და შეცვლილი იმიჯი საზოგადოების განხილვის თემად იქცა (ფოტოები)

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე