ავტორი:

"ისეთი ლამაზი იყო, მოსკოვის სვეტებიან დარბაზში შესულს, იქ მყოფმა ყველა მამაკაცმა დაუჩოქა" - ორი აბაშიძის საოცარი სიყვარულის ამბავი

"ისეთი ლამაზი იყო, მოსკოვის სვეტებიან დარბაზში შესულს, იქ მყოფმა ყველა მამაკაცმა დაუჩოქა" - ორი აბაშიძის საოცარი სიყვარულის ამბავი

კიდევ ერთი უსაზღვრო სიყვარულის ამბავი ადამიანებზე, რომლებიც საოცრად უხდებოდნენ და ალამაზებდნენ თბილისსა და მთელ საქართველოს; ამბები ურთიერთობებსა და სიყვარულზე, რომელიც მუდამ თან სდევდა მწერლისა და მთარგმნელის, გრიგოლ აბაშიძის ოჯახს. მათზე ბევრი ამბავი მომისმენია და ახლა თქვენც მინდა, გიამბოთ ბატონ გრიგოლსა და მის მეუღლეზე - ლამარა აბაშიძეზე, ქალზე, რომელიც მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების მუზად იქცა; ქალზე - ისეთ ლამაზსა და მომხიბვლელზე, რომ მოსკოვის სვეტებიან დარბაზში შესულს, იქ მყოფმა ყველა მამაკაცმა დაუჩოქა.

ორი აბაშიძის გაცნობა

აბაშიძე ჩვენში საკმაოდ გავრცელებული გვარია და საქართველოს ბევრ კუთხეში შეხვდები. მართალია, ერთი გვარისანი იყვნენ და თანაც - იმერელი აბაშიძეების შთამომავლები, მაგრამ მათი წინაპრები ერთმანეთს არ ენათესავებოდნენ.მწერალმა ძალიან ახალგაზრდა და გამორჩეულად ლამაზი ლამარა აბაშიძე პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნახა. იმხანად იგი 30-31 წლის იქნებოდა, ქალი - 12 წლით უმცროსი. ქალს დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, ინგლისურის განხრით და ფრანგულიც კარგად იცოდა, მუსიკა კი მისი დიდი გატაცება იყო და საოპერო სპექტაკლს არ აცდენდა. სხვათა შორის, ფრანგული მამაკაცმაც ძალიან კარგად იცოდა. პიერ რონსარი ბწკარედის გარეშე ჰქონდა ნათარგმნი. მწერალს ლამარა აბაშიძე დანახვისთანავე მოეწონა და შეუყვარდა კიდეც. ლექსიც მიუძღვნია - "ჯიქთა-ხათუნი", რომელიც მერე ყველას პირზე ეკერა.

შინ

მალე დაოჯახდნენ და ორი შვილი ეყოლათ. მწერალმა ორივეს დიდი ქართველი მეფეების სახელები უწოდა: ქალიშვილს - თამარი და ვაჟს - დავითი. მართალია, ცოლ-ქმარს შორის 12 წელიწადი იყო სხვაობა, მაგრამ ეს არ იგრძნობოდა. გრიგოლ აბაშიძე ბუნებით ისეთი ახალგაზრდული ტიპი იყო, ისეთი ხალისიანი, იუმორით სავსე, რომ მასთან ურთიერთობა ოჯახშიც და მის გარეთაც ყველას უადვილდებოდა.

ეს ადამიანი სულ სიკეთეს ასხივებდა. ამბობენ, შინ რომ შედიოდა, თითქოს, კედლებიც იცინოდნენო. რაიმესაც რომ შეეწუხებინა, ოჯახის წევრებს არასდროს აგრძნობინებდა. ბევრ ადამიანს საგანგებო პირობები უნდა შეუქმნა სამუშაოდ, იგი ამ შემთხვევაშიც არავის უქმნიდა პრობლემას - მუშაობისასაც კი არ წუხდებოდა. თამარი მუსიკაზე დადიოდა და მამის შინ ყოფნისასაც ხშირად უწევდა მეცადინეობა. ერთმანეთში გამავალი ოთახები ჰქონდათ და მამა თავის ოთახში რომ წერდა, აქეთ თამარი უკრავდა, თანაც მარტო შოპენსა და ბეთჰოვენს ხომ არ შეასრულებდა? - ხან გამებს უკრავდა, ხან სხვა სავარჯიშოებს, მამა კი მას ერთ საყვედურსაც არასდროს ეტყოდა.

აბაშიძეებისეული "შერბურგის ქოლგები"

ცოლ-ქმარი ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდა... თითქოს, კუნძულზე იყვნენ... რაღაც აღმაფრენა იყო მათ ურთიერთობაში. გრიგოლის ცხოვრებაში ლამარას გარეშე არაფერი ხდებოდა, არაფერი, რაშიც ქალი არ იყო ჩართული. შვილებიც კი მეორეხარისხოვანნი იყვნენ მათთვის... თითქოს, ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულები, როგორც ერთი მთლიანობა.ლამარა აბაშიძე ძალიან ნაზი ქალი იყო და მუსიკალური ხმა ჰქონდა - რომ ლაპარაკობდა, გეგონებოდა, მღერისო. ერთხელ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს უთქვამს, გრიგოლს რა უჭირს, "შერბურგის ქოლგები" აქვს სახლშიო. მწერალი ყვავილების დახლთან თუ გაივლიდა, მეუღლესთან აუცილებლად იები ან სხვა ყვავილი მიჰქონდა. ქალს სილამაზე უყვარდა, ნიჭიერ მხატვრებთან ურთიერთობდა და სახლიც განსაკუთრებულად ლამაზად ჰქონდა მოწყობილი.

ამგვარი მეუღლის გვერდით ყოფნა იმდენად ალამაზებდა მწერლის შემოქმედებასაც, რომ თუკი სადმე ვინმე გაჭაჭანდებოდა თბილისში, ან მოსკოვიდან, ან უცხოეთიდან ჩამოსული, აუცილებლად მათ ოჯახში მიდიოდა. მიდიოდნენ იმიტომ, რომ აბაშიძეების ოჯახს გამორჩეულად მიიჩნევდნენ. ძალიან კარგი ხალხი იკრიბებოდა მათთან. ლამარა აბაშიძე ძალიან კარგი დიასახლისი იყო და მაგიდასაც ისე ლამაზად გააწყობდა ხოლმე, მართლა ხელოვნების ნიმუში იყო. ყველა, ვინც მათ სახლში ხვდებოდა, აღტაცებული რჩებოდა. წაიკითხეთ სრულად