ავტორი:

"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო

"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო

17 თებერვალს მაია ასათიანი საქართველოდან გაემგზავრა. სამი წლის წინ, თებერვლის თვეში ტელეწამყვანის 18 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა და ყოველ წელიწადს, ეს პერიოდი ასათიანისთვის განსაკუთრებით მძიმეა.

ამჯერად, ტელეწამყვანმა მარტო მოგზაურობა გადაწყვიტა და კუნძულ ბალიზე გაემგზავრა: "16 საათი უნდა ვიფრინო, ჩემი შვილის წლისთავია" - ამ სიტყვებით გამოაქვეყნა ვიდეო "ინსტაგრამის" პირად გვერდზე მაია ასათიანმა.

როგორც ის ამბობს, ამ მოგზაურობით ოცნება აისრულა და მისი საყვარელი წიგნის - ელიზაბეტ გილბერტის ბესტსელერის "ჭამე, ილოცე, შეიყვარეს" მთავარი გმირის გზის გავლას აპირებს...

წიგნის სიუჟეტი, რომლის კინოვერსიაშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს, ასეთია: მთავარი გმირი - ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ძალიან აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას... რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს... საბოლოოდ, კი კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.

კუნძულ ბალიზე ჩასულმა მაია ასათიანმა გადაწყვიტა გულშემატკივრებისთვის "ინსტაგრამზე" გულახდილად მოეყოლა, თუ რა მიზანს ისახავდა მისი მოგზაურობა და რატომ გაემგზავრა მარტო:

"ძალიან ბევრი სითბო და სიყვარული მინდა გამოგიგზავნოთ აქედან. ვერ წარმოიდგენთ, რა რაოდენობით ტკბილი, თბილი, სიყვარულით სავსე წერილები მივიღე... ასმაგად და ათასმაგად მინდა დაგიბრუნდეთ. ძალიან ბევრ ღიმილს გიგზავნით, მადლობა! დაგიბრუნდეთ თითოეულ თქვენგანს ეს ბედნიერებით სავსე ემოციები, რომელსაც მიგზავნით.

დღეს, საინტერესო საუბარი მქონდა ბალის რიგით მაცხოვრებელთან. მიხსნიდა, როდესაც მიჭირს ადამიანს გავაგებინო რა მინდა, უბრალოდ ვიღიმი და ეს ყველაფერში მშველისო, რა მაგარი რაღაც არის, არა?!

ბევრი მეკითხებით, რატომ ვარ მარტო წამოსული. ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ შენს თავთან მარტო ხარ... მე ძალიან მიყვარს საკუთარი თავის შეცნობა, მეკითხებით მწყინდება თუ არა - არა, იმიტომ რომ ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოვაჩენ ხოლმე. როცა საკუთარ თავთან ყოფნას შეიყვარებთ, აღმოაჩენთ რომ საშიში არაფერი არ არის და მარტოობის აღარ შეგეშინდებათ.

აქ მარტო რომ ვარ წამოსული, ამას თავისი მიზეზები აქვს. თებერვლის ბოლოს ჩემი შვილის წლისთავია, ამიტომ მარტო მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან, რომ ჩემს თავთან დავრჩე და ველაპარაკო. ყოველ წელს ვზრდი მანძილს - თავიდან ძალიან მიჭირდა ფიზიკურად, ახლა კარგად ვარ და შემიძლია შორ გზაზე მგზავრობა.

რატომ ბალი? - ამასაც თავისი მიზეზი აქვს, ეს იყო ჩემი ოცნების ქვეყანა და დიდი ხანია მინდოდა ამ ოცნების ასრულება. აქ არის ერთი ადგილი, რომელსაც ჰქვია მუსა. 23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მინდა მისვლა, ასე ჩავუთქვი ჩემ თავს.

მეორე ის, რომ პოზიტივის კუნძულია ბალი და მჭირდებოდა პოზიტივით დამუხტვა. მესამე მიზეზია ის, რომ გგონიათ ძლიერი ვარ და სხვა გზა არ მქონდა.

კუნძული ბალი, სემინიაკის სანაპირო

გიგზავნით ბევრ პოზიტივს, სიყვარულს და რა მოხდება ტრადიციად დავამკვიდროთ ქართველებმა, მარტო პოზიტივი გავუზიაროთ ერთმანეთს და არ ვუთხრათ საძაგლობები?!" - ამბობს ვიდეომიმართვაში მაია ასათიანი.

მაია ასათიანის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 2017 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.

"ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა... მამიკო, გილოცავ" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით

ჩოგბურთის კორტებისკენ მიმავალი 92 წლის ლანა ღოღობერიძე - "რა ენერგია, რა შემართება და ცხოვრების ხალისი"

"ვეხმაურები ჩემი მეუღლის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს... გაუთვითცნობიერებულმა პირებმა მინდა იცოდეთ..." - რას წერს ნინო არაზაშვილი?