ავტორი:

"ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინება რუსეთისგან" - საერთაშორისო და ქართული მხარის გამოხმაურებები "გრუ"-ს კიბერშეტევაზე

"ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინება რუსეთისგან" - საერთაშორისო და ქართული მხარის გამოხმაურებები "გრუ"-ს კიბერშეტევაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

როგორც კონსტანტინიდმა განმარტა, კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

"ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევა დაგმო დანიის და ნორვეგიის საგარეო უწყებებმა. მათ აღნიშნულთან დაკავშირბებით განცხადებები გაავრცელეს.

დანიის საგარეო უწყება: "დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა განცხადებები გააკეთეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხრციელებულ კიბერშეტევებთან დაკავშირებით. დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის დესტრუქციული კიბერაქტივობების გამო, რომელიც ხელს უშლის მშვიდობიან, თავისუფალ, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცის ჩამოყალიბებას",- წერია განცხადებაში.

ნორვეგიის სამეფოს საგარეო უწყება:"ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას საქართველოში განხორციელებულ კიბერ ოპერაციებთან დაკავშირებით. წესების, ნორმებისა და პრინციპების პატივისცემა პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო ქცევისთვის აუცილებელია კიბერსივრცეში საერთაშორისო დონეზე სიმშვიდისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ნორვეგიის სამეფოს საგარეო უწყება ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფაქტს Twitter-ზე გამოეხმაურა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"ჩვენ უაღრესად ვაფასებთ, სახელმწიფო მდივან პომპეოსგან მიღებულ მხარდაჭერას და რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევისა და კიბერსივრცეში უკანონო შეღწევის ფაქტის მკაცრ დაგმობას. ჩვენ განვაგრძობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას მსგავსი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით" - წერს ზალკალიანი.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა.

"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას. აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

გაერთიანებული ოპოზიციის  წევრის ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს