ავტორი:

ინტერვიუ, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილმა მერაბიშვილის შეცდომებზე ისაუბრა - რატომ გადათქვა ექსპრეზიდენტმა საკუთარი სიტყვები

ინტერვიუ, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილმა მერაბიშვილის შეცდომებზე ისაუბრა - რატომ გადათქვა ექსპრეზიდენტმა საკუთარი სიტყვები

"მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ... " - აღნიშნული განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ "მთავარის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, რომ არა ეს გადაცდომები, ივანიშვილს "ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდება შედარებით გაუძნელდებოდა".

"რაც შეეხება ვანოს, ვანო მერაბიშვილს, რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და ისე უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი წელია ზის იქ მხოლოდ იმის გამო, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და რაღაც ტყუილი არ მოაბოდიალა, რაც ვიღაც-ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ მე მაქვს მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა.

თუმცა, მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ. მე ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ თუ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, რომ ჩვენი ქვეყანა ხელში ჩაეგდო და ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად ლუკმად.... მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ დავუბრუნდებოდი ოჯახს და დავტკბებოდი შვილებთან ახლოს ყოფნით, ვომოგზაურებდი, გავახელდი თვალებს და რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებებს" - განაცხადა სააკაშვილმა.

მას შემდეგ რაც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ციხე დატოვა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი განცხადება გადათქვა და აღნიშნა, რომ "მას არ უთქვამს, რომ ვანომ შეცდომები დაუშვა".

როგორც ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩართვაში აცხადებს, ვანო მერაბიშვილი მისგან განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს.

"მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები და ეს მართლაც ასეა, ვინც არაფერს აკეთებს, ისიც უშვებს შეცდომებს"

"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები, კიდევ უფრო უშეცდომოები, თუმცა, შეუცდომელი არავინ არსებობს. საინტერესო რა იყო ვანოს საუბარში - ახლა ამბობენ, რომ ენა ისე არ აქვს მომართული და რაღაც, უკაცრავად მეგობრებო, ეს ადამიანი 7 წელი იყო წამების პირობებში, იმიტომ, რომ სამარტოო საკანი, ეს არის წამება ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით. ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა, ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან და ის არ გატყდა, არ შეეპუა, ძალიან მტკიცედ გამოვიდა და ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხით თავის პოზიციაში.

ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას. ჩემგან იმსახურებს დიდ მადლიერებას, იმიტომ რომ გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს, აი, ახლა გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე, იგუგუნე, ერთადერთი დაწერე რა, რომ ჟვანია მოკლეს და რა თქმა უნდა, სააკაშვილმა. ალბათ, რომ სააკაშვილს აქვს ანგარიშები სხვადასხვა ქვეყნებში. მერაბიშვილმა დასცინა, პრაქტიკულად სახეში შეაფურთხა მათ, ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში და ეს მეტყველებს რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც ამდენ ხანს ავიწროებდნენ მას",- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა შერიგების დროა და არა პარტიებად დაყოფის. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს ტყუილად ეკითხებიან, რომელ პარტიაში ხედავს თავს.

"ერთი რამ, რაც უნდა ითქვას, ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების. ახლა არის შერიგების დრო, თანხმობის დრო და ტყუილად უსვამენ კითხვებს - ვაიმე, იმ პარტიაში, ამ პარტიაში? რა მნიშვნელობა აქვს, ახლა არის ყველას ერთიანობის დრო. პარტიებად, სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის დრო არ არის, არც ვიღაცაზე შურისძიების დროა და არც უნდა იყოს საქართველოში იმიტომ, რომ დავემსგავსებით ამ გნომს, ამ ქონდრის კაცს - ივანიშვილს. ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

LIVE "ნიუსრუმიდან" - ნინო ბურჯანაძე

"მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც... წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა" - ეკონომიკის მინისტრი

LIVE: "360 გრადუსი" - თამარ ჩუგოშვილი, რამაზ საყვარელიძე, ირაკლი მეზურნიშვილი