ავტორი:

"ეგ ისეთი მამაძაღლი ჩანს, უთუოდ დიდი კაცი დადგებაო..." - ილია ჭავჭავაძის და სტალინის შეხვედრის უცნობი ეპიზოდები

"ეგ ისეთი მამაძაღლი ჩანს, უთუოდ დიდი კაცი დადგებაო..." - ილია ჭავჭავაძის და სტალინის შეხვედრის უცნობი ეპიზოდები

ილია ჭავჭავაძისა და იოსებ სტალინის ურთიერთობა საზოგადოებაში ხშირად არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს...

ფილოლოგი მადინა კარტოზია AMBEBI.GE-ს ამ ორი ისტორიული ფიგურის ურთიერთობისა და შეხვედრის რამდენიმე ეპიზოდს უამბობს, მათი თანამედროვეების ნაამბობზე დაყრდნობით...

- როგორც ცნობილია, ილიამ თავის "ივერიაში" 1895 წელს ხუთი ლექსი დაბეჭდა, რომელთა შორის, ჯუღაშვილის ყველასთვის ცნობილი "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი" იყო.

ისიც ცნობილია, რომ 1895 წლის 22 ოქტომბერს რაფიელ ერისთავის საიუბილეო საღამოზე გამოიყვანეს იმხანად დამწყები პოეტი იოსებ ჯუღაშვილი, რომელმაც წაიკითხა ლექსი "თ.რ.ერისთავისას". ილია საიუბილეო კომიტეტის წევრი გახლდათ და სავარაუდოა, რომ ახალბედა პოეტი იქ მისი უშუალო რეკომენდაციით მოხვდა.

ამბობენ, შემდეგ მათი გზები გაიყოო, თუმცა ამ მოსაზრებას რამდენიმე მოგონება აბათილებს...

კერძოდ, ილიას ყოფილი მზარეული მაქსიმე მეტრეველი იგონებდა (ჩაიწერა ილიას სახლ-მუზეუმის თანამშრომელმა შალვა მარკოზაშვილმა. სავარაუდოდ, პირველად გამოაქვეყნა გურამ ყორანაშვილმა წიგნში "ილიას ფენომენი" 2007 წ.):

"ერთ დღეს, როდესაც მე წყაროსთან ახლოს ბოსტნეულს ვარჩევდი, იქვე იყვნენ საგურამოელი გლეხებიც, რომლებიც ილიას ესაუბრებოდნენ. მოულოდნელად, გამოჩნდა ჩვენსკენ მომავალი იოსებ ჯუღაშვილი. ილიამ გლეხებს უთხრა: ამ ყმაწვილთან მარტო დამტოვეთ, უნდა ვესაუბროო. გლეხები იქაურობას მოსცილდნენ და მეც განზე გავდექი.

სოსო ახლობლურად მიესალმა ილიას, მაგრამ წყაროს ხმაურში მათი საუბარი არ მესმოდა. მათ კარგა ხანს ილაპარაკეს, მერე წასვლის წინ სტუმარმა წყალი დალია, ილიას გამოეთხოვა და დაღმართზე დაეშვა. ილია გლეხებთან ახლოს მივიდა და უთხრა: "ხომ შეხედეთ იმ ყმაწვილს? სახით არაფერია, მაგრამ ისეთი მოაზროვნეა, თუ დასცალდა, მსოფლიოში სახელს გაითქვამსო" მერე კი დაუმატა: "ეგ ისეთი მამაძაღლი ჩანს, რომ უთუოდ დიდი კაცი დადგება და ღმერთმა ქნასო" - გვიყვება ქალბატონი მადინა ილიას ყოფილი მზარეულის მოგონებას.

ფილოლოგი AMBEBI.GE-სთან საუბარში კიდევ ერთ ეპიზოდს იხსენებს:

"1987 წელს ქართველი საზოგადოება ილიას დაბადებიდან 150 და ტრაგიკულად გარდაცვალებიდან 80 წლისთავს აღნიშნავდა. შემთხვევით კომისიის ერთ-ერთი წევრის, აკადემიკოს იური კაჭარავას საუბარს შევესწარი. ბატონი იური ყვებოდა ამბავს, რომელიც თავად დემნა შენგელაიასგან მოუსმენია. შემდგომში იგივე მოგონება ბატონმა გურამ ყორანაშვილმა თავის წიგნში "ილიას ფენომენი" გამოაქვეყნა.

ხნიერ კაცს ბატონ დემნასათვის უამბნია: "მე ილიასთან დარაჯად ვმუშაობდი. ერთ დღესაც ილიამ დამავალა გზად საგურამოსკენ ერთ კაცს დავხვედროდი, რომელიც ილიასთან ღამით უნდა მოსულიყო. დავხვდი სტუმარს და ილიასთან მოვაცილე. თანაც დამავალეს - არსად წავსულიყავი. საუბარი დიდხანს გაგრძელდა. უკვე შუაღამეს გადასცდა, როდესაც ილიას მეუღლე ოლღა შეწუხდა და ქმრის კაბინეტში შეიხედა. მას ოლღასთვის უნიშნებია, გასულიყო. თან, უთქვამს: ნუ შემოხვალ, სერიოზული სალაპარაკო გვაქვსო. საუბარი გაგრძელდა გარიჟრაჟამდე.

სტუმარი მე გავიყვანე სოფლიდან და გზამდე ჩავაცილე. შემდეგში, როდესაც სტალინის სურათი ვნახე, ადვილად ვიცანი მასში ილიას მაშინდელი სტუმარი... რა საკითხზე საუბრობდა ეს ორი ქართველი, ძნელი მისახვედრია. ფაქტი ერთია, დრომ, ეპოქამ, მათი გზები გაყარა..."

ომალოში პოლონელი ტურისტი დაშავდა - მეხანძრე-მაშველებმა ის თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს

"კახეთში კორონავირუსის ინფექციის წყარო არ არის, ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც რუსეთიდან შემოვიდა" - ამირან გამყრელიძე

"მუშახელი ჭირს, თვითონ მიწევს ყველაფერის კეთება... მომავალ წელს მასშტაბურ აგროსკოლას შევქმნით" - ბიომეურნე წნორიდან, რომელიც ბავშვებს ბიოპროდუქტების მოყვანას ასწავლის