ავტორი:

მიხეილ კალანდიას 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

მიხეილ კალანდიას 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვის ვადით შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდარიდან მალევე სამართალდამცავებმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე გიორგი ჯანაშია, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე კი გუგა ბარბაქაძე დააკავეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა.

კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა. რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გუგა ბარბაქაძე.

მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში სცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა, მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

19 წლის ბიჭს, რომელმაც დედა და ბებია ნაჯახით მოკლა, პატიმრობა შეეფარდა

"ოთხი სკოლა აქვს გამოცვლილი ბავშვს... იყო ბულინგის მსხვერპლი" - რას ამბობს ადვოკატი დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულზე

ახალი ჩანაწერი გუდაურის მკვლელობის საქმეზე - "ჩანს, რომ კობიაშვილი აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით"