ავტორი:

კლავს თუ არა ალკოჰოლი კორონავირუსს? - მითები და რეალობა ვირუსის მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით

კლავს თუ არა ალკოჰოლი კორონავირუსს? - მითები და რეალობა ვირუსის მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით

მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსს ებრძვის. ვირუსის კერა ჩინეთის ქალაქი უხანია, საიდანაც ის არაერთ ქვეყანაში გავრცელდა.

საქართველოში ამ ეტაპზე 9 ადამიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. მათი უმრავლესობა იტალიაში მოგზაურობის შემდეგ დაინფიცირდა. საზოგადოების დიდი ნაწილი პანიკაშია, რადგან ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები და ვაქცინა არ არსებობს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ათასგვარი ინფორმაცია კორონავირუსის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებზე, თუმცა მათი დიდი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.

პანიკის ფონზე კი განსაკუთრებით რთულია ე.წ. ფეიკ ნიუსისა და ნამდვილი ამბის გარჩევა. არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კორონავირუსს ხელის საშრობით, ან ალკოჰოლის მიღებით დაამარცხებენ.

მსგავი ინფორმაციების სჯერათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც.

სწორედ ამიტომ, AMBEBI.GE გთავაზობთ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, რომელიც კორონავირუსის პრევენციის შესახებ მითებსა და რეალობას გაგაცნობთ:

  • კლავს თუ არა კორონავირუსს ხელის საშრობი?

არა! ხელის საშრობი კორონავირუსს არ კლავს. იმისთვის, რომ თავი ვირუსისგან დაიცვათ, ხელები დაიმუშავეთ ალკოჰოლის შემცველობის ანტისეპტიკური საშუალებით, ან დაიბანეთ წყლითა და საპნით.

მას შემდეგ, რაც ხელებს დაიბანთ, შეგიძლიათ გაიმშრალოთ პირსახოცით, ქაღალდის პირსახოცით, ან ხელის საშრობით.

  • კლავს თუ არა კორონავირუსს ულტრაიისფერი სხივები?

არა, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ეს მეთოდი. კორონავირუსი ასე არ მოკვდება, ამასთან, შესაძლოა, ყოველივემ კანის დამწვრობა და გაღიზიანება გამოიწვიოს.

  • მოკვდება თუ არა კორონავირუსი, თუ ალკოჰოლს, ან ქლორს მთელ ტანზე გადაივლებთ?

თუ უკვე კორონავირუსმა ორგანიზმში შეაღწია, ალკოჰოლისა და ქლორის სხეულზე მიშხურება მას ვეღარ მოკლავს. სხეულის, სამოსის ალკოჰოლით, ან ქლორით დამუშავება შეიძლება საზიანო იყოს თქვენი სამოსისთვის, ასევე თვალებისთვის, კანისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ დეზინფექციისთვის ალკოჰოლისა და ქლორის გამოყენება სასარგებლოა, მაგრამ აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება იმისთვის, რომ საკუთარ თავს არ ავნოთ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალკოჰოლის დალევა კორონავირუსს კლავს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ამირან გამყრელიძემაც გააკეთა: "ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება ასე გამოიყენოთ".

  • არის თუ არა უსაფრთხო ჩინეთიდან ამანათების მიღება?

დიახ, ამანათების მიღება უსაფრთხოა! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ადამიანები, რომლებიც ჩინეთიდან ამანათებს იღებენ, არ არიან კორონავირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ. კვლევის მიხედვით, ტვირთზე, სხვადასხვა საგნებზე მოხვედრის შემთხვევაში, კორონავირუსი დიდხანს ვერ ძლებს.

  • დაგიცავთ თუ კორონავირუსისგან პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინა?

არა. ასეთი ვაქცინა არ არის ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ურჩევს ადამიანებს, რომ არ გამოიყენონ პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში. მედიკოსების განმარტებით, ეს არსებული ვირუსებისგან სრულიად განსხვავებული და ახალი ტიპის ვირუსია, რომლის დამარცხებასაც ახალი ვაქცინა სჭირდება.

  • არის თუ არა კორონავირუსის პრევენციის საშუალება ცხვირის მარილიანი წყლით რეგულარული გამორეცხვა?

არა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მარილიანი წყლით ცხვირის გამორეცხვა კორონავირუსისგან დაგიცავთ. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს მარილიანი წყლით ცხვირის გამორეცხვა ჩვეულებრივი გაციების სწრაფად დამარცხებაში დაეხმარათ, თუმცა კორონავირუსის შემთხვევაში ეს არაეფექტურია.

  • დაგიცავთ თუ არა ნივრის მირთმევა კორონავირუსისგან?

ნიორი სასარგებლო საჭმელია და აქვს ანტიმიკრობული მახასიათებლები. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ნიორი კორონავირუსის პრევენციისთვის ეფექტურია.

  • არის თუ არა კორონავირუსის პრევენციისთვის სასარგებლო სეზამის ზეთი?

არა. სეზამის ზეთი ვერ კლავს კორონავირუსს. არსებობს დეზინფექციის ქიმიური საშუალებები, რომლებიც კლავენ ზედაპირული დეზინფექციის დროს ვირუსს. მათ შორის, ქლორინი, ქლოროფილი, ეთანოლი, მაგრამ სეზამის ზეთს ეს თვისება არ აქვს.

  • არის თუ არა უფრო საშიში კორონავირუსი მოხუცებსა და ბავშვებში?

კორონავირუსით შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაინფიცირდეს. დაავადების გართულების უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან ხანში შესული ადამიანები, ასევე ისინი, ვისაც სხვა დაავადებები აწუხებთ, როგორებიცაა ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადებები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ურჩევს ყველა ასაკის ადამიანს, რომ ვირუსისგან თავდაცვის მიზნით, მკაცრად დაიცვან ხელებისა და ცხვირის ჰიგიენის წესები.

  • არის თუ არა ანტიბიოტიკები ეფექტური კორონავირუსის სამკურნალოდ?

არა, ზოგადად, ანტიბიოტიკები ვირუსების წინააღმდეგ არაეფექტურია, ის გამოიყენება ბაქტერიებთან ბრძოლის დროს. კორონავირუსი არის ვირუსი და შესაბამისად, ანტიბიოტიკების მიღება არ იქნება ეფექტური და ვერ უმკურნალებს დაინფიცირებულ ადამიანს.

  • არსებობს თუ არა სპეციალური წამლები ვირუსით დაინფიცირებულთა სამკურნალოდ?

ამ მომენტისთვის ვირუსის სამკურნალოდ შესაბამისი მედიკამენტები არ არსებობს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მედიკამენტების შექმნა და გამოცდა თუ რამდენად ეფექტურია ისინი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან კორონავირუსის წინააღმდეგ შესაბამისი მედიკამენტებისა და ვაქცინის შესაქმნელად..

ბოლო ცნობებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია დამოუკიდებლად მუშაობს და სავარაუდოდ, მის შექმნას 8-დან 12 თვემდე დასჭირდება.

წყარო: stopcov.gov.ge/ka/Myth

ვახტანგ გომელაურის მადლობა მოქალაქეებს, მედიას და სახელმწიფო უწყებებს

"მე და ანას შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს..." - თენგიზ ცერცვაძე მეუღლეზე, კარიერასა და უცნაურ ჰობზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 70-მდე გაიზარდა