ავტორი:

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

ნაცისტური გერმანიის სამხედრო ტყვეთა ბანაკში, რომელიც ქალაქ შვერინთან მდებარეობდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლების გარდა, ფრანგი, ბელგიელი, სერბი და იტალიელი სამხედრო ტყვეებიც ჰყავდათ, ასევე აღმოაჩინეს რამდენიმე ქართველის გვარიც...

ქერჩის კომისიის მიერ მოწოდებულ სიაში, იმ ადამიანების გვარ-სახელებსაც იპოვით, რომელთა შესახებ ინფორმაციას დაკარგულების ახლობლები AMBEBI.GE-ს სტატიების კომენტარებში ითხოვდნენ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, გვარში, მამის სახელსა და მისამართებში, შეცდომა იყოს, რადგან სამხედროების მონაცემები თავიდანვე არასწორად ივსებოდა.

რაც შეეხება შვერინის სამხედრო ტყვეთა ბანაკს, იქ სამხედრო ბაზა იყო, სადაც ფიურერის დაბადების დღესთან დაკავშირებით სამხედრო საზეიმო ღონისძიებები იმართებოდა. 1939 წლის შემდეგ, ბანაკში დაახლოებით 17 000 სამხედრო ტყვეს მოუწია ყოფნა... მოგვიანებით, სამხედროებისთვის ლაზარეთი გააკეთეს, რომლის ერთ-ერთი თანამშრომელი, 96 წლის ჰუბერტი რამდენიმე წლის წინ, ტყვეთა მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული სისასტიკისთვის გაასამართლეს.

ლაზარეთში მუშაობის კვალდაკვალ, SS-ის წევრმა 1939-1944 წლებში, 3 681 ადამიანი დახოცა. პროკურატურამ მისი ომის შემდგომი ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყვნენ საბჭოთა ტყვეები, მათზე კი არანაირი კონტროლი არ ხორციელდებოდა, იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, თუ გაქცევის მცდელობა ექნებოდათ.

შვერინის სამხედრო ტყვეთა ბანაკში დაღუპულ ქართველ სამხედროთა გვარ-სახელები:

შალვა ვარლამის ძე წყაროზია - დაბადებული 1922 წლის 22 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში. 1942 წლის 16 ივნისს ტყვედ ჩავარდა შეპეტოვკაში, საიდანაც გერმანიაში, შვერინის სამხედრო ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს. იქ გარდაიცვალა კიდეც. დაკრძალულია შვერინის საერთო სასაფლაოზე.

ილია ჭინჭარაძე (ან ჯინჭარაძე) - დაბადებული ჭიათურის რაიონის სოფელ ჩხირაულში, უმცროსი ლეიტენანტი. ტყვედ ჩავარდა როსტოვში 1942 წლის 28 აგვისტოს. ერთი წლის შემდეგ, გერმანიის ქალაქ რუდენვალდში გადაიყვანეს, საიდანაც 1944 წლის 19 ივნისს გაქცევა სცადა... დაჭრილი იყო, თუმცა, რამდენიმე დღის განმავლობაში იმალებოდა. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივებმა შეიფარეს.

გერმანელი ოფიცრები ქართველი ლეიტენანტის კვალს შეუსვენებლად ეძებდნენ. დასახლებაში, სადაც სავარაუდოდ დაჭრილ ქართველ მეომარს მალავდნენ, ძებნა ძაღლებით მიმდინარეობდა, თუმცა ვერ იპოვნეს...

ის მაშინ დააკავეს, როდესაც ადგილობრივ მაცხოვრებელს ურმით სამშვიდობოს გადაჰყავდა. ადამიანი, რომელმაც ის შეიფარა, სავარაუდოდ, ზოოპარკის თანამშრომელი იყო და გაქცეულ ტყვეს რამდენიმე დღე ზოოპარკში მალავდა. ილია ჭინჭარაძის აყვანის შემდეგ, გერმანული ოჯახი და მათი ხელშემწყობები მკაცრად გაასამართლეს და დახვრიტეს.

გაქცეული ტყვის ბანაკში დაბრუნების თარიღად, არქივში 1944 წლის 26 ივნისია მითითებული. იმავე წლის 14 ივლისს სპეციალური დანიშნულების მეთაურობამ თავისი მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანა... არქივის მიხედვით ირკვევა, რომ ორ ბანაკში ყოფნის შემდეგ, 1945 წლის 15 თებერვალს, შვერინის ბანაკში უმძიმეს მდგომარეობაში გარდაიცვალა...

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივ სამხედრო ტყვეებში ჭინჭარაძე (ან ჯინჭარაძე) დიდი პატივისცემით სარგებლობდა - გაუტეხელ ტყვესთან დანარჩენებს წყალი და პურის ნაჭრები ჩუმად შეჰქონდათ... გარდაცვალების შემდეგ კი, მისი ცხედარი რომ სხვების საჩვენებლად გარეთ არ დაეტოვებინათ, მისი ჩუმად დასაფლავება გადაწყვიტეს...

აქვე ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ, ქართველი ემიგრანტის, მეგი სტემპენი-გიუნტერის მიერ ლუკენვალდეს ტყვეთა ბანაკიდან მოპოვებულ ინფორმაციას უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ:

არონ ესტაეს ძე ანთიძე - დაბადებული 1919 წლის 19 ნოემბერს ჩოხატაურის რაიონში. დედა ანეტა ჩიტაიშვილი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 2 ივლისს.ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 93022. დაიღუპა 1942 წლის 3 ივნისს.

ანთიძის პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ლუკენვალდე.

ვასილ გიორგის ძე ბაღათურია - დაბადებული 1913 წლის 10 მარტს, ნოქალაქევში (სენაკი), დედის სავარაუდო გვარი - დარსამია (ან დარსალია.) ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 9 ოქტომბერს. ბანაკი: შტალაგი III. ბანაკის ნომერი: 100489. დაიღუპა 1942 წლის 13 ნოემბერს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ლუკენვალდე.

ნოე ილიკოს ძე ხვედელიანი - დაბადებული 1919 წლის 14 აგვისტოს, თბილისში. დედის გვარი - ხომასურიძე. ტყვედ ჩავარდნის თარიღი: 28.06.1941 ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 93030. 1942 წლის 30 აპრილს, გესტაპოს გადასცეს, მიზეზი გაურკვეველია.

ხვედელიანის ოჯახის პოვნის შემთხვევაში, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მისი დაკრძალვის ადგილსამყოფელის დადგენა შესაძლებელია.

მთავარ ფოტოზე: გერმანიის ერთ-ერთი ტყვეთა ბანაკის სასაფლაო

ვინ არის და რა დამსახურება აქვს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს უხელმძღვანელებს

ქართველი ძმები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში - "ოთარ შალიკაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ვარ ჩემს ნაწილში, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!"

პუტინი ახალი თაობის უნიკალურ რუსულ იარაღზე - "ჩვენ შევძლებთ სასიამოვნოდ გავაოცოთ ჩვენი პარტნიორები"