ავტორი:

"გარდაცვალებამდე დედამ გვითხრა, მიხედეთ, სანამ იცოცხლებსო..." - ძაღლებზე შეყვარებული და-ძმა და უჩვეულო მეტისის სევდიანი ამბავი

"გარდაცვალებამდე დედამ გვითხრა, მიხედეთ, სანამ იცოცხლებსო..." - ძაღლებზე შეყვარებული და-ძმა და უჩვეულო მეტისის სევდიანი ამბავი

და-ძმას, ქეთო და გიორგი ხელაძეებს ოთხფეხა მეგობრების სიყვარული, მათზე ზრუნვა ოჯახიდან, კერძოდ, დედისგან მოჰყვებათ და დღეს, როგორც ბევრი ადამიანი, ისინიც ზრუნავენ ძაღლზე, რომელმაც ოჯახის წევრის ფუნქცია თავიდანვე შეიძინა. და ეს მაშინ, როდესაც ბოლო დროს ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები საქართველოში გახშირდა.

ძაღლს მიკი ჰქვია, 16 მაისს სამი წლის გახდება, არის ყავისფერი, მეტისი და როგორც ქეთო გვეუბნება, 10 კილოგრამს იწონის. ის სხვა ძაღლებისგან დიდად გამორჩეული ოთხფეხაა, თუ რატომ, ამაზე თავად ქეთო ხელაძისგან შეიტყობთ.

- მიკი სოფელში დაიბადა, მანამდე იქ მის მშობლებს ვუვლიდით... მოკლედ, გაჩდნენ ლეკვები და მიკი მათგან ერთ-ერთია. მას სერიოზული პრობლემა აქვს - ვერ დადის. ეს კი თავიდან დედამ აღმოაჩინა მაშინ, როდესაც ლეკვს, წესით, უნდა გაევლო.

გაირკვა, რომ ვერ მოძრაობდა, ვერ გადაადგილდებოდა. დედამ თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში წამოყვანა გადაწყვიტა, რომ მისი მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი დადგენილიყო... 2 თვის მიკი დედამ ჩანთით ქალაქში ჩამოიყვანა და ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანა. მრავალთვიანი კვლევების შემდეგ, დადგინდა, რომ ცენტრალური ნერვული სისტემა ჰქონია დარღვეული. არავის რომ არ ეწვალა, ძაღლისთვისაც და ჩვენთვისაც, ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ მიკი „დაგვეძინებინა“. ეს კვლევების ბოლოს გვითხრეს.

დედამ თქვა, - ამდენი თვე ვზრდიდი და მას სასიკდილოდ ჩემი ხელით ვერ გავიმეტებო... ძაღლები უზომოდ უყვარდა.

მოკლედ, ასე შემოგვრჩა მოსავლელად ჩვენი ცუგა... თავიდან ჭირვეული იყო, მწვავე ნერვული პრობლემები ჰქონდა, - დაძინება უჭირდა, სხეულს აქტიურად ამოძრავებდა, თავს მშვიდად ვერ დებდა, რომ მოესვენა. ამიტომ მე, ჩემი ძმა და დედა ჩვენს კალთაში პლედშემოხვეულს ვაძინებდით, ამ მდგომარეობასაც ვერ ეგუებოდა, შემოტევები ჰქონდა და თავის თათებს კბენდა - სულ დაკბენილიყო იყო. მერე ამ პერიოდმა გადაუარა. ცოტაც გაიზარდა, დამშვიდდა, - ახლა უკვე დინჯია. წონაშიც მოიმატა, თავიდან 5 კილოგრამს იწონიდა, საბოლოოდ ლამაზ ტანზე დადგა. ეგ არის, რომ ვერ დადის“ - ასე მოგვიყვა ქეთო მიკის სევდიან ამბავს და ჩვენი დიალოგი კიდევ უფრო სევდიანი გახდა, როდესაც შევიტყვე, რომ ქეთოს და გიორგის დედა 46 წლის ასაკში გარდაცვლილა. ადამიანი, რომელმაც მიკის სიცოცხლე შეუნარჩუნა.

„დედა ავადმყოფობის შედეგად, ერთი წლის წინ გარდაგვეცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, „დასაძინებლად“ მით უფრო ვეღარ გავიმეტებდით. თან, დედამ გვითხრა, - ძაღლს მიხედეთ, სანამ იცხოვრებს, იყოსო. ამიტომაც, მე და ჩემი ძმა ვუვლით... გვაქვს საბავშვო მანეჟი, სადაც წევს (მანეჟი დედამ შეუძინა, რომ იქ თავისთვის წოლილიყო).

ჰოდა, ძირითადად წევს, მხოლოდ ჭამის დროს ან წყლის დალევისას ამოგვყავს იქიდან, ხელში ვიკავებთ, კალთაში ვისვამთ და ისე ვაჭმევთ. მანეჟში პამპერსი აქვს დაგებული, დღეში ორჯერ ბანაობს. სხვა ძაღლებისგან დიდად განსხვავდება-მეთქი, - ამას ვერ ვიტყვი, რადგანაც სითბოს და სიყვარულს ყველას მიმართ, ვისაც კი ხედავს, ასე გამოხატავს. თანათან სხვა ძაღლებსაც შეეჩვია, ყეფა რომ ესმის, ცდილობს, ჩაერთოს.

- რა რეაქცია აქვს სხვა ძაღლების დანახვისას და სხვებს მისი დანახვისას?

- ისინი ახლოს მოდიან, აკვირდებიან, ალბათ უკვირთ, რომ არ მოძრაობს და ძირითადად, როგორც ვთქვი, ხელში გვიჭირავს, ან მანეჟში წევს. ისინი მიდიან მანეჟთან და ჩახედავენ ხოლმე. ესეც, მათ რომ დაინახავს, ყურებს უკან ისე გადასწევს, როგორც ძაღლებმა იციან ხოლმე... მიუხედავადად იმისა, რომ მის გამო ბევრი ღამე გვაქვს გათენებული, ძალიან გვიყვარს. ან როგორ არ უნდა გვიყვარდეს? როგორც პატარა ბავშვი, ისე გავზარდეთ.

- სპეციალისტები რას ამბობენ, სულ არ აქვს პერსპექტივა?

- არნაირი პერსპექტივა და იმედი არ არსებობს იმის, რომ მიკიმ გაიაროს. თუმცა სხვა მხრივ, ჯანმრთელია, ბოლოს ლაბორატორიულმა კვლევებმაც ეს დაადასტურა... თათებს აქტიურად ამოძრავებს, ხანდახან თითქოს გაქცევაც უნდა და გარბის, - ფეხებს იქნევს. წონასწორობას ვერ იცავს და ფეხზე ვერ დგება, სად უნდა წავიდეს?!. მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ ის უზომოდ გვიყვარს.

მკვლელობა მარნეულში - "ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა"

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"მე ვფიქრობ, IQ აკლიათ, ყველას აკლია" - მეუფე იაკობი პოლიტიკოსებზე