ავტორი:

რა ღირს პირბადეები თბილისის აფთიაქებში და რას მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებს

რა ღირს პირბადეები თბილისის აფთიაქებში და რას მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებს

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე პირბადეების დეფიციტია. დეფიციტის გამო, რამდენიმე ადგილას პირბადეების ფასი სამჯერ ან ხუთჯერ გაიზარდა, რაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამენ მომხმარებლები.

ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და დაავალა მწარმოებლებსა და შემომტანებს, პირბადეების მარაგები მყისიერად შეავსონ. კითხვაზე, როდის შეივსება ფარმაცევტულ ბაზარზე პირბადეების დეფიციტი, სამინისტროში პასუხი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ დავალება უკვე გაცემულია.

ამასთან, სამინისტრო მოუწოდებს ფარმაცევტულ კომპანიებს, პირბადებიის რეალიზაციისას შესაბამისი ფასი გამოიყენონ.

პირბადეებზე ფასის გაზრდას უარყოფენ "ავერსი" და "პსპ" და აცხადებენ, რომ ნიღბები მათ ქსელში 15-18 თეთრი ღირს.

„ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლალი ბრეგვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ მათ ქსელში 1 ცალი პირბადის ფასი 18 თეთრია და არც დეფიციტია.

VIDEO: რას ეუბნებიან აფთიაქებში პირბადეებისა და ანტიბაქტერიული სითხეების ყიდვის მსურველებს - მობილურით გადაღებული ექსპერიმენტი

PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნათია ხაბეიშვილის განმარტებით კი, ერთი ცალი პირბადე "პსპ"-ში 15 თეთრი ღირდა და ახლაც 15 თეთრი ღირს. „პსპ“-ში აცხადებენ, რომ პირბადე ამ ეტაპზე აქვთ, თუმცა „მარაგი ამოწურვადია“.

ინფორმაცია პირბადეების არსებობის შესახებ AMBEBI.GE-მ ფარმაცევტულ კომპანიებში თავად გადაამოწმა. როგორს "პსპ"-ს ცხელ ხაზზე გვითხრეს, ამ ეტაპზე პირბადეების მარაგი ქსელში სრულად ამოწურულია. მსგავსი სიტუაციაა "ჯიპისი"-შიც, თუმცა სააფთიაქო ქსელში განგვიცხადეს, რომ პირბადეების მარაგი დღის მეორე ნახევარში კვლავ შეივსება.

რაც შეეხება "ავერსს", პირბადეები არც მათ აქვთ ქსელში და ჯერჯერობით არ იციან, როდის დაემატება.

ის რომ, ზოგიერთ ადგილას პირბადეებს მომატებულ ფასად ყიდიან, AMBEBI.GE-ს ჟურნალისტმა ექსპერიმენტით დაადასტურა - "იმპექსის" აფთიაქებში ამ ეტაპზე ერთი ცალი პირბადის შეძენა 1ლარად და 40 თეთრად არის შესაძლებელი. პეკინის ქუჩაზე მდებარე "იმპექსის" აფთიაქში ჩვენმა ჟურნალისტმა 5 ცალი პირბადე 7 ლარად შეიძინა.

აფერხებს თუ არა პირბადე ვირუსის გავრცელებას?

აღსანიშნავია რომ, სპეციალისტების რეკომენდაციით, ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უვლის ან კონტაქტი აქვს ვირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან.

ლონდონის St George's-ის უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი დევიდ ქერინგტონი BBC-სთან ამბობს, რომ ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბები საჯარო სივრცეებში ჰაერით გადამდები ვირუსებისა და ბაქტერიებისგან დამცავი ეფექტური საშუალება არ არის, რადგანაც მას არ აქვს დამცავი ფილტრი და ასევე, თვალები მაინც დაუცველი რჩება.

"მაგრამ ამ ნიღბებს შეუძლიათ მცირედით შეამცირონ ვირუსის გადადების რისკი, თუ აღმოჩნდებით ვირუსიანი ადამიანების გარემოცვაში. ასევე ის დაგიცავთ ხელიდან პირით გადამდები ვირუსებისგან“, - ამბობს ექიმი.

2016 წელს ახალ სამხრეთ უელსში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანები სახეს ხელით ერთი საათის განმავლობაში, დაახლოებით, 23-ჯერ ეხებიან და თუ საქმე ხელიდან პირით გადამდებ ვირუსთან გვაქვს და სამედიცინო ნიღაბი გვიკეთია, ამ შემთხვევაში, შედარებით დაცულები ვიქნებით.

მაგრამ როგორც მოლეკულური ვირუსების სპეციალისტი, ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონათან ბოლი ამბობს, საერთო ჯამში, ნიღბის ტარება მაინც არაეფექტურია.

"თუკი ჩავხედავთ კვლევას, სადაც ნიღბის ეფექტურობაზეა საუბარი, ვნახავთ, რომ არც ისე ეფექტურია და ამას თავისი ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანები ერთსა და იმავე ნიღაბს დიდი დროის განმავლობაში იყენებენ“, - ამბობს პროფესორი ბოლი.

ექიმ კონორ ბამფორდის თქმით კი, სამედიცინო ნიღაბზე უფრო ეფექტური ჰიგიენის მარტივი წესების დაცვაა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"