ავტორი:

რატომ არის საშიში კორონავირუსი მარიხუანას მომხმარებლებისთვის - პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი რისკ-ჯგუფებზე საუბრობს

რატომ არის საშიში კორონავირუსი მარიხუანას მომხმარებლებისთვის - პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი რისკ-ჯგუფებზე საუბრობს

საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ამშვიდებენ მოქალაქეებს და ამტკიცებენ, რომ საქართველოში ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკი და ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, მოსახლეობის ნაწილი მაინც ღელავს.

პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რეალურად კორონავირუსი მხოლოდ კონკრეტული დაავადებების მატარებელი ადამიანებისთვისაა საშიში. როგორც აღმოჩნდა, ასევე საშიშია მათთვის, ვინც მარიხუანას ხშირი მომხმარებელია.

ექიმის პროგნოზი დამაიმედებელია: მისი თქმით, თუ მზიანი ამინდები გაგრძელდება, ვირუსი ნაკლებად საშიში გახდება და შესაძლებელია ქვეყანა ეპიდემიას გადაურჩეს.

- ბატონო დავით, რატომ არის მარიხუანას მომხმარებლებისთვის კორონავირუსი განსაკუთრებულად საშიში?

- ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება, ჰორმონი, ეს არის ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ჩვენი იმუნური სისტემის შესუსტებას. მათ იმუნოდეპრესანტები ჰქვია და იმუნურ სისტემას აქვეითებენ. როდესაც ვირუსის შესვლის გზა არის ფილტვები, ნარკოტიკების საშუალებით უჯრედული იმუნიტეტი ლოკალურად დაზიანებულია და ის ადგილი დასუსტებული, საიდანაც ვირუსის შეჭრა ხდება.

სიგარეტის ბოლიც მოქმედებს ფილტვებზე, მაგრამ სიგარეტის ბოლი არ არის ისეთი იმუნოდეპრესანტი, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკი რა გზითაც არ უნდა მოხვდეს ორგანიზმში, იმუნოდეპრესიას იწვევს, მაგრამ მარიხუანას მოწევა, პირდაპირ ფილტვებზე მოქმედებს.

- ასევე ამბობთ, რომ საშიშია მათთვისაც, ვისაც გლანდები აქვს ამოჭრილი...

- ღმერთმა მოგვცა ორი ორგანო, რომლებიც ბარიერს წარმოადგენენ ვირუსული ინფექციებისადმი. ნებისმიერ ვირუსს, რომელიც იჭრება სასუნთქი გზებიდან, პირველი ბარიერი ხვდება გლანდების საშუალებით და ებრძვის შემოჭრილ ვირუსებს. მეორე ორგანო არის ჭიანაწლავი ანუ აპენდიქსი, რომელიც საჭმლით შეყოლილ ვირუსებს ბლოკავს. ამ დროს ადამიანები გლანდებსაც ვიჭრით და აპენდიქსაც. თუ მოსაჭრელია უნდა ამოვჭრათ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოდას აყოლა, რომ ბარემ მოვიშორო და მოვიჭრა. ეს არ ნიშნავს, რომ თუ აღარ გვაქვს, ვირუსს ვეღარ გავუმკლავდებით, მაგრამ ამ დროს შესუსტებულია ორგანიზმის დაცვისუნარიანობა.

- ამბობენ, რომ კორონავირუსი საშიშია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაც.

- მხოლოდ დიაბეტის არა, ნებისმიერი დაავადების დროს, რომელიც იწვევს სისხლის მიმოქცევის მოშლას. კორონავირუსი, რეალურად, ვირუსული ფილტვების ანთებაა. ნებისმიერი ანთების დროს, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის სისხლის მიმოქცევის მოწესრიგება. ვირუსები და ბაქტერიები ვერ მრავლდება იქ, სადაც ჟანგბადის მაღალი კონცეტრაციაა.

ამიტომ ზუსტად იქ ახერხებს ვირუსი გამრავლებას, სადაც ჟანგბადის დონე ნაკლებია და კომფორტს იქმნის, არღვევს სისხლის მიმოქცევას. დაავადებები, რომელთა დროსაც სისხლის მიმოქცევა მოშლილია (ასეთებია დიაბეტი, ათეროსკლეროზი, სისხლის გასქელება), უფრო მეტად მოქმედებს. სწორედ ამიტომ ვურჩევთ ადამიანებს ახლა ბევრი სითხის დალევას.

ახლაც უფრო მეტი რაოდენობით სითხის დალევა სჯობს, ვიდრე სხვა დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანს აქვს თირკმელების პათოლოგია. თუ ადამიანს არ აწუხებს თირკმელები, ზამთარში უნდა დალიოს 2 ლიტრი დღე-ღამეში, ზაფხულში ნახევარი ლიტრით მეტი.

- სეზონური გრიპი უფრო საშიშია თუ კორონავირუსი?

- გააჩნია, რასთან შედარებით. სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი კორონავირუსს უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე სეზონურ ვირუსს, მაგრამ იმის გამო, რომ ჩინურმა ფაქტორმა იმუშავა და დასნებოვნებული ადამიანების რიცხვი ძალიან მაღალია, დაღუპულიც მეტი გამოვიდა.

თუ დაემართება 100 კაცს, 2-3-ზე მეტი არ უნდა დაიღუპოს, მაგრამ 1000 კაცს რომ ემართება, მაშინ დაიღუპება 20-25. შეფარდებით დასნებოვნებულსა და გარდაცვლილს შორის პატარაა პროცენტი და არაა დიდი ხიფათი, გააჩნია რამდენს გადაედება.

- გაზაფხულზე უნდა ველოდოთ ვირუსის შესუსტებას?

- დიახ, ყველა მაჩვენებლით უნდა დაიწიოს, გააჩნია როგორი ამინდები იქნება. თუ უფრო მეტი მზიანი ამინდი იქნება და არა მოღრუბლული და ცივი, უფრო სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი. დღეს მზიანი ამინდია თბილისში, თუ ასე გაგრძელდა, ნაკლებია საფრთხე, რადგან მზის სხივი წუთებში კლავს ვირუსს.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"