ავტორი:

"მარიამის მამამ თავი მოიკლა, რადგან შვილის მკურნალობის თანხა არ ჰქონდა" - 22 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მარიამის მამამ თავი მოიკლა, რადგან შვილის მკურნალობის თანხა არ ჰქონდა" - 22 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

22 წლის მარიამ ოთანაძეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს. მას თირკმლების ქრონიკული დაავადება მე-5 ტერმინალური სტადია დაუდგინდა. ახალგაზრდა გოგონა მკურნალობის კურსს "მაღალ სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ, საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადის. მას კვირაში სამჯერ, ხუთი სააათის განმავლობაში, დიალეზის გადასხმა უტარდება. ოთანაძეების ოჯახს ცოტა ხნის წინ მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს. გოგონას მამა ერთი კვირის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავდაპირველად მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა:

"ამ კვირას 22 წლის მარიამ ოთანაძის მამამ როინ ოთანაძემ თავი მოიკლა იმის გამო, რომ ავადმყოფი შვილის გადასარჩენად არ ჰქონდა მკურნალობის თანხა- 50 000 დოლარი. ეს ხდება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაქალაქევში. რამდენადაც ვიცი, არ გაშუქდა მასმედიით.

მივმართავ თხოვნით ტელევიზიებს და მასმედიის სხვა საშუალებებს: დაინტერესდით 22 წლის მარიამის ბედით, რადგან ამ უპატრონო ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, ხელმოკლე ადამიანი განწირულია სიკვდილისათვის მასმედიის თანადგომის გარეშე.

მარიამი ახლა თბილისშია, იმდენად ცუდადაა, მამის დაკრძალვაზეც კი ვერ ჩამოიყვანეს, დიალეზზეა, დასუსტდა ორგანიზმი და კიდევ სხვა პრობლემებმა იჩინა თავი. მისი დაავადებაა: თირკმლების ქრონიკული დაავადება, მეხუთე ტერმინალური სტადია, ორივე თირკმელი გათიშული აქვს და დიალეზზეა. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, გადანერგვა..." - დაწერა ჭიღლაძემ.

AMBEBI.GE გარდაცვლილის შვილს გიორგი ოთანაძეს ესაუბრა. მისი თქმით, მამამ მარიამის ტანჯვას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მარიამ ოთანაძის ძმა, გიორგი ოთანაძე AMBEBI.GE -ს საკუთარი ოჯახის მძიმე ისტორიის შესახებ ესაუბრა.

"ჩემს დას ბავშვობიდან ჰქონდა პრობლემები, ექიმები ვერ იგებდნენ, რისი ბრალი იყო მისი ავადმყოფობა. 2013 წელს დაუსვეს დიაგნოზი, რომ სათავეს ყველაფერი თირკმელების პრობლემიდან იღებდა. შეიქმნა პროგრამა ამ დაავადებისთვის და ამერიკიდან ჩამოიტანეს საცდელი მედიკამენტი. მთელ საქართველოში ეს წამალი პირველმა მარიამმა დალია. ექვსი თვე სვამდა და ეს პერიოდი კარგად იყო. ექვსი თვის შემდეგ შეუწყვიტეს. ვცდილობდით ამ წამლების მოპოვებას ჩვენი ძალებით, მაგრამ გავიგეთ, რომ ის საწარმო დახურულა, სადაც ამ მედიკამენტს ამზადებდნენ. ამასობაში თანდათან უარესდებოდა მარიამის მდგომარეობა. მაღალი ტემპერატურები ჰქონდა, თავის ტკივილები, შარდი არ გამოეყოფოდა და სულ დასიებული იყო.

ვერ დადიოდა თავისი ფეხით, ლოგინად ჩავარდა. მივიყვანეთ ექიმთან და აღმოჩნდა, რომ კრეატინი ჰქონდა არანორმალურ ნიშნულზე. თუ ჯანმრთელ ადამიანს აქვს 95, მას ჰქონდა 8. ამის შემდეგ დიალეზზე გადაიყვანეს. კვირაში სამჯერ ხუთი საათის განმავლობაში უტარდება დიალეზის გადასხმა. ეს რომ არ ჩაუტარდეს ექიმები ამბობენ, ვერ იცოცხლებსო. 22 წლის გოგო მთელი ცხოვრება გადასხმებზე ხომ არ იქნება დამოკიდებული.

საჭიროა, თირკმლის გადანერგვა. საქართველოს კანონმდებლობით თირკმლის გადანერგვა მხოლოდ ოჯახის წევრისთვის შეიძლება. ან მშობელი უნდა იყოს, ან დედმამიშვილი, ანაც ქმარი. თანაც საჭიროა, რომ დონორს იმავე ჯგუფის სისხლი ჰქონდეს, რაც - ავადმყოფს. მამაჩემი იმთავითვე გამოირიცხა, რადგან სხვა ჯგუფის სისხლი ჰქონდა, განსხვავებული ჯგუფი აღმომაჩნდა მეც. დედაჩემისა და მარიამის სისხლის ჯგუფები ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ დედა ასაკშია, თან არ აქვს ჯანმრთელი თირკმელები და არ უნერგავენ.

როგორც გვითხრეს, საქართველოს კანონმდებლობით, გვამური დონაცია არ არის დასაშვები. ასეთი ოპერაციები საზღვარგარეთ კეთდება. მაგალითად, გავარკვიეთ, რომ თურქეთში თავის დონორიანად ოპერაცია 60 000 დოლარი ჯდება. ამხელა თანხის მოძიების საშუალება, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. არ ვიცი, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ახლა მარიამი სულ სახლშია, ვერც ლექციებზე დადის და საერთოდ მაღაზიაშიც ვერ გადის დამოუკიდებლად.

ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ მამა გარდაგვეცვალა. გუშინ დავკრძალეთ. ძალიან განიცდიდა, სულ ნერვიულობდა მარიამის მდგომარეობაზე. ჩვენ თბილისში ვიყავით, მე და მარიამი, ჩემი მშობლები სოფელში ცხოვრობდნენ. მამამ მარიამის ტანჯვას ვერ გაუძლო.

ვერაფრით რომ ვერ ეხმარებოდა შვილს, ერთ დღესაც ადგა, გაიხურა სახლის კარი და უკან აღარ დაბრუნებულა.

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში ვიპოვეთ დამხრჩვალი. როგორვც ჩანს, გადახტა... მესმის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა საქართველოში. ყველას თავისებურად უჭირს, თუმცა ჩვენი მდგომარეობაც გაუსაძლისია ჩვენი ოჯახისთვის" - ამბობს მარიამ ოთანაძის ძმა.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

თიბისი ბანკი /TBC Bank - GE46TB7414645061100083

საქართველოს ბანკი/Bank of Georgia - GE42BG0000000131130183

ლიბერთი ბანკი/Liberty bank - GE32LB0711119671868000

მიმღები მარიამი ოთანაძე

საკონტაქტო პირი - 599 26-18-70 მარიამის ძმა (გიორგი ოთანაძე)

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა - უახლესი ცნობები ინფექციური საავადმყოფოდან

"მეღვინეების ბრძოლაში" ქართველები ლიდერობენ

პაატა იმნაძე - ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და ახლა, მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები?