ავტორი:

"ხანძრის შედეგად განადგურდა... 30 წლის შემდეგ აღადგინეს" - რეზო ჩხიკვიშვილი უცნობ ფილმზე, სადაც მირზა გელოვანს თამაშობს

"ხანძრის შედეგად განადგურდა... 30 წლის შემდეგ აღადგინეს" - რეზო ჩხიკვიშვილი უცნობ ფილმზე, სადაც მირზა გელოვანს თამაშობს

კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ფილმი განადგურდა... სამი ათეული წლის და უფრო გვიან მერაბ თავაძემ შეძლო ძალიან ძველი ფირიდან ფილმის - "მე დავბრუნდები" რესტავრაცია. ფილმში აღიარებული ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი მთავარ როლს, პოეტს და ჯარისკაცს მირზა გელოვანს განასახიერებს... მსახიობისთვის თავიდან გაცოცხლებული ფილმი უზომოდ სასიხარულო აღმოჩნდა. მან თავის ემოციები AMBEBI.GE-ს გერმანიიდან გაუზიარა...

- ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი და ემოციებით სავსე ვიყავი, როცა მეგობარმა სოციალური ქსელის საშუალებით მომაწოდა მერაბ თავაძის ქართული მხატვრული ფილმი "მე დავბრუნდები", სადაც მე პოეტს, ჯარისკაცს – მირზა გელოვანს ვანსახიერებდი. ეს ფილმი 1982 წელს არის გადაღებული, შემდეგ იყო პირველი ჩვენებები, პრემიერები და მერე ამ ფილმის არსებობა შეწყდა...

ამ ფილმის დედანი, უამრავ სხვა ქართულ ფილმებთან ერთად განადგურდა, კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გაჩენილი ხანძრის შედეგად... და აი სამი ათეული წლის და უფრო გვიან მერაბ თავაძეს ძალიან ძველი ფირიდან რესტავრაცია მოუხდა. ფილმი რესტავრირებულია, ასე ვთქვათ, მეორედ გაცოცხლდა, თუმცა ქართული კინოს სამსახურში მყოფნი მპირდებიან, რომ ამ ფილმის ასლს ( მოსკოვში ინახება ძველი ფილმების ასლები) მალე ჩამოიტანენ და მერე ფილმი სრულ რენესანსს განიცდის.

მართალია, ფილმი ძირითადად მირზა გელოვანის ცხოვრების ფრაგმენტებს ასახავს, მაგრამ იგი აგრეთვე ეძღვნება უდროოდ წასული ახალგაზრდა პოეტების - ლადო ასათიანისა და ალექსანდრე საჯაიას ხსოვნას. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი, იური კვაჭაძის მონაწილეობით გახლავთ მერაბ თავაძე. კომპოზიტორი – ბიძინა კვერნაძე, ოპერატორი – დავით სხირტლაძე, მხატვარი – ნიკა ყაზბეგი.

ფილმში მონაწილეობდნენ მსახიობები: გია ძნელაძე, ჯემალ ნიორაძე, ხათუნა მჭედლიშვილი, ბადრი კობახიძე, იზა გიგოშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, თემურ გვალია, რუსლან მიქაბერძე და სხვა...

ძალიან მინდა, რომ დღევანდელმა თაობამ, ახალგაზრდობამ აუცილებლადდ ნახოს ეს ფილმი. ნახონ როგორი ნიჭიერი, თავდადებული და გულანთებული თაობა იყო მე-20 საუკუნის 30-იან წლებში – მირზა გელოვანის, ლადო ასათიანის, ალიოშა საჯაიას და სხვა პოეტების სახით...

გურამ დოჩანაშვილი ამბობდა, რომ წარმოვიდგინოთ, რომ არსებობდეს პეზიის რუკა, სადაც ქვეყნების სიდიდე და სიმცირე განისაზღვრება იმის მიხედვით, ქვეყანას რამდენად კარგი პოეტები ჰყავს, მაშინ საქართველო სულაც აღარ გამოჩნდება პატარა, არამედ გამოჩნდება როგორც დიდი ქვეყანაო... საქართველო რომ პოეზიის ქვეყნად მოიხსენიება, ამაში თავის წვლილი, რა თქმა უნდა, მირზა გელოვანსაც მიუძღვის, რომელიც სულ სამიოდე წელი ცხოვრობდა და ტრიალებდა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში ( თბილისში ჩამოვიდა 36-39 წლებში)...

1939 წელს ჯარში გაიწვიეს და შემდეგ ომში წასული პოეტი ომიდან აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებს და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა...

"... წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს, და საშინელი ბრძოლების ნისლში, მე მომეჩვენა სადღაც ჩვენს უკან, აღელვებული იდგა თბილისი..."

სულ რაღაც ათიოდე წელი გაგრძელდა მისი შემოქმედებითი ცხოვრება... 1944 წელს მდინარე დვინის გადალახვის დროს გარდაიცვალა, 27 წლის იყო... დაკრძალულია ბელორუსში, ვიტემსკის ოლქის სოფელ – სანიკის საძმო სასაფლაოზე... ამ ფილმის გაცოცხლებით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ასეთი პოეტის და ჯარსკაცის ნათელ ხსოვნას...

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია ინფექციურიდან

აეროპორტიდან ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში ახალგაზრდა ქალი გადაიყვანეს

"მართლმადიდებლები არ უშინდებოდნენ საერთო კოვზით ზიარებას" - საპატრიარქო ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება