ავტორი:

"მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი" - ნათია ფანჯიკიძე

"მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი" - ნათია ფანჯიკიძე

კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღეა მიდის მსჯელობა, შეიცვალოს უნდა თუ არა ზიარების წესი. აღნიშნულ საკითხზე ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საკუთარ მოსაზრებას "ფეისბუქზე" აქვეყნებს:

"რწმენას რომ სასწაულის მოხდენა შეუძლია, მეცნიერებაც არ დაობს, მედიცინაც აღიარებს ამ ფენომენს, უბრალოდ, როგორც მეცნიერებას სჩვევია, სხვანაირ სახელს არქმევს - პლაცებო და ნოცებო ეფექტი ჰქვია, ადამიანის თვითგანკურნების ან თვითგანუკურნებლობის სასწაულს. სწორედ ამიტომ და არამარტო ამიტომ, მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი. მთავარია, გავიგოთ, რომ მედიცინა და ჰიგიენა არ უპირისპირდება რწმენას. პლანეტის მოსახლეობა ბევრად უფრო ღრმადმორწმუნე იყო, პენიცილინის (ანტიბიოტიკის) გამოგონებამდე და მიუხედავად რწმენისა, მილიონობით ადამიანი იხოცებოდა სხვადასხვა ტიპის ეპიდემიის დროს. განუვითარებელი მედიცინის და ჰიგიენის საშუალებების არარსებობის პირობებში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წელი იყო.

თქვენც გემახსოვრებათ ისტორიული წყაროებიდან, რომ სწორედ სასწაულმოქმედ ხატებზე და ჯვრებზე საწამლავის წასმით კლავდნენ სამეფო კარზე დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს. ხატი, მიუხედავად იმისა, რომ მოპირკეთებული იყო ძვირფასი მეტალით, რომელიც ნამდვილად ნაკლებად იკარებს "ჭუჭყს", ვერ ახერხებდა საწამლავის განეიტრალებას. მოკლედ, ბრაზის გარეშე სამსჯელოა ეს საკითხი. ბოლოს და ბოლოს ზიარების საიდუმლოში მთავარი "მოქმედი პირი" კოვზი ხომ არაა. და თუ კოვზია, ასეთი ვარიანტი გამოდგება ნეტავ, რომ სპეციალურად შევიძინოთ ვერცხლის კოვზები და ვაკურთხოთ კიდეც და მხოლოდ ზიარებისთვის გამოვიყენოთ?...

...ადამიანი ყოველთვის სწორ გზაზეა, როცა იმას აკეთებს, რისიც სჯერა და სწამს...

მე ადამიანებს შორის პატივისცემა და სიყვარული ასე მესმის, რომ ყველამ ერთმანეთის შიში უნდა გაითვალისწინოს და კომპრომისი გამონახოს. თქვენ რომ გეშინოდეთ პეპლების, რომლებიც მოფრინავენ ნათურის გარშემო, მე ჩავაქრობ ნათურას, ან დავკეტავ ფანჯარას, იმიტომ რომ პატივს გცემთ. მე რომ მეშინოდეს ბუღდაჯანების და გთხოვოთ სინათლეში დაძინება, თქვენ უნდა დამიტოვოთ ანთებული ნათურა და ასე.. რა ვიცი...

მოკლედ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ურთიერთობის და სიყვარულის არცოდნაა. გამოგიტყდებით და მე თვითონ სიკვდილამდე სიკვდილზე ნერვიულობა არაფრით არ შემიძლია, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სხვის შიშს არ ვცე პატივი, ან სხვას არ გავუფრთხილდე. რა უნდა იყოს, რაც სტრესს შეუმსუბუქებს ვინმეს და უპრობლემოდ არ მივიღო...", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის რეკომენდაციას ზიარების დროს ერთჯერად კოვზებს გაუწევდა.

„მე ვერ ჩავერევი რელიგიის კომპეტენციაში, მაგრამ მე რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ერთჯერად კოვზს გავუწევდი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია, რაც შეეხება ერთჯერადი კოვზების გამოყენებას, ეს პრინციპულად არასწორია“.

გუშინ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან, - კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა.

ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს", ნათქვამია განცხადებაში.

"აეროპორტში საოცარ ამბებს შევესწარი..." - რას წერს მილანიდან საქართველოში დაბრუნებულ მგზავრებზე ინტერნეტმომხმარებელი

რა ფოტოთი ულოცავს სალომე ზურაბიშვილს შვილი დედის დღეს

"ყოველდღე მხვდება უცხო ადამიანების დატოვებული საჩუქრები..." - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა