ავტორი:

რა მდგომარეობაში აქვს მაკო გომურს თვალი ბოლო ოპერაციის შემდეგ - "ქსოვილი მუცლიდან აიღეს"

რა მდგომარეობაში აქვს მაკო გომურს თვალი ბოლო ოპერაციის შემდეგ - "ქსოვილი მუცლიდან აიღეს"

20 ივნისის აქციის დროს დაშავებულ 19 წლის მაკო გომურს გერმანიაში თვალზე ბოლო ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ გომური "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავს უზიარებს:

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ისევ ისეთი პრინცესული და ლამაზი ვარ, შედეგი რამდენიმე კვირაში გვექნება, მანამდე აიტანეთ ჩემი წუწუნი. 8 თვე გასულა დღეს..." - დაწერა გომურმა სოციალურ ქსელში.

ოპერაცია გოგონას თებერვლის ბოლო კვირას ჩაუტარდა და სამშობლოში უკვე დაბრუნდა. რამდენიმე დღის წინ თვალიდან სახვევიც მოიხსნა და წერს რომ თვალი საბოლოოდ 6 თვეში ჩადგება ფორმაში, თუმცა ფოტოზეც ჩანს, რომ გომურს ოპერაციის შემდეგ კარგი შედეგი აქვს:

"ეს დასრულებული რომ არ არის ხვდებით მგონი თქვენც და ნუ შეგიფიჩინდებათ გულები. 1-2 თვე დასჭირდება, რომ შედეგი იყოს. საბოლოო შედეგი კი, 6 თვეში იქნება. მერე გადავწყვეტთ რამეს დავამატებთ თუ არა. ის, მუქ ფერში, დამატებული ქსოვილია, რომელიც მუცლიდან აიღეს" - წერს გომური.

მოგვიანებით, კომენტარებში აქტივისტმა მეგობრებს ხუმრობით მოუწოდა, რომ წამწამები შეუგროვონ, რადგან დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ გომურმა აქციის დარბევის ღამეს თვალი დაკარგა, როდესაც სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

დაშავებულს თავდაპირველად ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა, მაგრამ ექიმებმა მისი თვალის შენარჩუნება ვერ შეძლეს. მოგვიანებით, კი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ხელოვნური თვალი ჩაუსვეს.