ავტორი:

"დედა რომ გარდაიცვალა, მამა სამსახურში აღარ დადიოდა... გადაგვატანინა ეს ტრაგედია" - რას ყვება პაატა იმნაძის ოჯახზე მისი ქალიშვილი

"დედა რომ გარდაიცვალა, მამა სამსახურში აღარ დადიოდა... გადაგვატანინა ეს ტრაგედია" - რას ყვება პაატა იმნაძის ოჯახზე მისი ქალიშვილი

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის შესახებ გახდა ცნობილი, ყოველდღიურად მთელი საქართველო ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის ბრიფინგებს ელოდება. საქმის მიღმა, დაავადებათა კონტროლის სფეროში ქვეყნის ნომერ პირველი სპეციალისტების პირადი ცხოვრებაც ყველას აინტერესებს.

ამჯერად AMBEBI.GE პაატა იმნაძის ოჯახს გაგაცნობთ. 67 წლის მეცნიერი ორი ქალიშვილის მამაა. პირველი მეუღლე - მაკა მეძმარიაშვილი 2011 წელს, სიმსივნით დაეღუპა. წყვილს ტყუპი ქალიშვილი დარჩა, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ, მამას განსაკუთრებულად დაუახლოვდნენ.

2017 წელს, პაატა იმნაძემ ბიოლოგ ხათუნა გოგელიაზე იქორწინა.

AMBEBI.GE დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილქს ქალიშვილს ლიზი იმნაძეს ესაუბრა. მისი ტყუპისცალი ტატა, მამის გზას გაყვა.

- მე და ტატა ტყუპები ვართ. სხვათაშორის ტატა ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობს, მას ჯერ კიდევ ბავშობიდან ჰქონდა მამის პროფესიისადმი ინტერესი. პაატა ყოველთვის დაკავებული იყო, თითქმის სულ სამსახურში, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა, შაბათ-კვირას გამოენახა დრო და სადმე წავეყვანეთ. ვსეირნობდით ვაკის პარკში, როგორც შეეძლო ისე გვითმობდა დროს.

მაშინ ვიცოდით, რომ მამა დირექტორი იყო (1992 წლიდან იმნაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი გახლდათ, ავტ.) და ტელევიზიით ხშირად ჩანდა. ჩვენთვის მამა იყო ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი.

- დები გულახდილები იყავით მამასთან?

- პირად ცხოვრებაზე მამასთან არ ვსაუბრობდით, მაგრამ ძალიან გამგები იყო, გვენდობოდა და არასოდეს არ ჰქონია ის მომენტი, მშობლებმა რომ იციან მეგობრებთან "ჩამორეკვა". ჩვენც არასოდეს ვატყუებდით. თან როცა ჩვენთან ერთად იყო, იმდენად ავსებდა იმ დროს, ვერ ვიტყვი, რომ რაღაც დავკარგეთ მაშინ. ახლაც ასეა, ყოველთვის გამონახავს დროს, მოვიდეს და მნახოს მეც, ჩემი შვილებიც.

- დედაზე მოგვიყევით, ძალიან ლამაზი დედა გყავდათ...

- დედა მაკა მეძმარიაშვილი მხატვარი იყო. დედასთან უფრო მეტ დროს ვატარებდით. ბავშვობაში ყველგან თან დავყავდით, სადაც დადიოდა. ძალიან გვიყვარდა ოჯახს ერთად დასვენება, ბედნიერები ვიყავით ოთხივე თუ შევიკრიბებოდით და სადმე წავიდოდით...

ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ყველა დედას მამსგავსებს. როდესაც დედა გარდაიცვალა სხვა სიახლოვე ვიგრძენით მამასთან. სამსახურში აღარ დადიოდა და სულ ჩვენთან იყო. როგორც შეეძლო, მარტივად გადაგვატანინა ეს ტრაგედია. ერთმანეთი გვყავდა, ასე გამოვიდა.

- თქვენ სწავლას თუ აკონტროლებდა მამა?

- პაატას სკოლაში კრებებზე სასიარულოდ არ ეცალა, მაგრამ ყველაფერში ჩართული იყო. აკონტროლებდა ჩვენ კვებას. გაზიან სასმელებზე ახლაც მეუბნება ხოლმე, რას აკეთებ შვილო, ამას როგორ სვამო.

ავად რომ ვხდებოდით, მამამ იცოდა როდის რა წამალი უნდა მოეცა. ახლაც ჩემ შვილებს როგორც კი სიცხე მისცემს, მაშინვე მამას ვურეკავ და რასაც მეტყვის იმას ვასმევ პატარას. მართალია, პედიატრი არ არის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ჭკვიანი ადამიანია და ბოლომდე ვენდობი.

- შვილების დაოჯახება როგორ მიიღო?

- არ ჩარეულა, კარგად მიიღო ორივე სიძე. თავიდანვე სიმპატიებით იყო მათ მიმართ განწყობილი. პაატა ძალიან თბილი, ყურადღებიანი მამაა, ზუსტად ისეთი ადამიანია, როგორიც ტელევიზიით ჩანს.

- მოგვიანებით მამა მეორედ დაოჯახდა...

- ძალიან გაგვიხარდა, ვგიჟდები ხათუნა ისე მიყვარს, ძალიან კარგი ქალია და ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ პაატა ბედნიერია.

- პროფესია როგორ შეარჩიეთ ტყუპებმა?

- მე შევცდი, იურიდიულზე ჩავაბარე, რაც საერთოდ არ მაინტერესებდა. ახლა დიზაინის განხრით ვსწავლობ და ჩემ მეგობართან ვმუშაობ, რომელიც ჩანთებს კერავს, შოპინგ მენეჯერი ვარ.

ჩემს დას, ტატას ყოველთვის აინტერესებდა მამას სამსახური, უამრავ კითხვას უსვამდა. ძალიან კარგად სწავლობდა სკოლაში ბიოლოგიას, ფიზიკას, ქიმიას. პაატას რჩევით, მამის პროფესია აირჩია და ძალიან კმაყოფილია არჩევანით. ახლა ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობს და ბაქტერიებს იკვლევს.

განსხვავებული დები ვართ, მაგრამ ის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. ყოველთვის ერთად ვართ, როდესაც კი დროს გამოვნახავთ. ორი შვილი მყავს, ოთხი წლის და 11 თვის. მიხარია, რომ უფროსი ძალიან მეხმარება და საერთოდ არ ეჭვიანობს დედმამიშვილზე.

- კორონავირუსის შემდეგ მამა ყურადღების ცენტრშია, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

- მამა და ბატონი ამირანი ყველა ბრიფინგებზე ისე ამომწურავად საუბრობენ, რომ სახლში დამატებით აღარ ვუსვამთ კითხვებს. ჭორები რომ ვრცელდებოდა, ცხრა ადამიანს დაუდასტურდა კორონაო, ეგრევე ტატას ვწერ, ტატ, ჰო ტყუილია? - ისიც მამშვიდებს ხოლმე.

მამაზე ასეთ დროს ვნერვიულობ, იმიტომ რომ სულ დაკავებულია და ვერ იცლის. ვცდილობ ხშირად არ შევაწუხო ჩემი ზარებით. ერთადერთი რაც ვკითხე ამ პერიოდში კორონაზე, ბავშვი ხომ გავუშვა ბაღში-მეთქი.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, ბაღში დაიგვიანა ჩემმა შვილიშვილმა და დიდი ამბავი ატყდაო...

- დიახ, ჩემ შვილზე საუბრობდა. ბაღში მეხუმრნენ, გუშინ რომ დაიგვიანეთ, ვიფიქრეთ, ბაღი ხომ არ დავკეტოთ-თქო. რა თქმა უნდა, მის გამო ბაღს არავინ დაკეტავდა.