ავტორი:

Facebook-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

Facebook-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

Facebook ადასტურებს, რომ სიეტლში, კომპანიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg.com ავრცელებს.

"ჩვენს კონტრაქტორს COVID -19 დაუდასტურდა. ჩვენ მივყვებით ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა რეკომენდაციებს და პრიორიტეტულია ადამიანების ჯანმრთელობა და დაცულობა“, - ამბობს "ფეისბუქის" სპიკერი, რობ ფრაისი.

ჯერჯერობით სხვა დეტალები - როდის დაუდგინდა ვირუსი, რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რამდენი წლისაა დაინფიცირებული, უცნობია. Facebook-ის სიეტლის ოფისი ამ დროისთვის დაკეტილია და როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, ის 9 მარტს გაიხსნება, ხოლო თანამშრომლებს რეკომენდაცია მისცეს, რომ 31 მარტის ჩათვლით სახლიდან იმუშაონ.

კორონავირუსს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან. ვირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, სადაც ამ დრომდე კარანტინია გამოცხადებული. ახალი ტიპის ვირუსის შემთვევები უკვე 84 ქვეყანაში გამოვლინდა. ყველაზე რთული ვითარება ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია, თუმცა დაინფიცირებულთა რაოდენობა სხვა ქვეყნებშიც მკვეთრად მატულობს.

ბოლო ინფორმაციით ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 285-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 53 688-ია.

კორონავირუსით იტალიაში 107 ადამიანია დაღუპული, ირანში - 92, სამხრეთ კორეაში - 35, იაპონიაში - 12, აშშ-ში - 11, საფრანგეთში -4, ჰონგ-კონგში, ესპანეთსა და ერაყში - ორ-ორი, ტაივანში, ავსტრალიაში, ტაილანდსა და ფილიპინებში კი ვირუსს თითო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.