ავტორი:

"შვილივით მიმიღო ქმრის ოჯახმა, არასოდეს უგრძნობინებიათ, რომ განსხვავებული ვარ" - ცხოვრება თმების გარეშე და ქალი, რომელიც ალოპეციას დაუმეგობრდა

"შვილივით მიმიღო ქმრის ოჯახმა, არასოდეს უგრძნობინებიათ, რომ განსხვავებული ვარ" - ცხოვრება თმების გარეშე და ქალი, რომელიც ალოპეციას დაუმეგობრდა

36 წლის სალომე სოხაძეს ალოპეციის დიაგნოზი 10 წლის ასაკში დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება, რომელსაც ახასიათებს სხეულის ან თავის თმიანი ნაწილის ცვენა არ იკურნება, ექიმი დედა ყველაფერს აკეთებდა შვილისთვის და სამკურნალოდ სხვადასხვა ქვეყანაშიც წაიყვანა, თუმცა სალომეს დედას უთხრეს, რომ ბავშვს ალოპეციასთან ერთად ცხოვრება უნდა ესწავლა.

მას შემდეგ 26 წელი გავიდა და გოგონა ახლა უკვე ორი შვილის დედაა. არ თვლის, რომ მის ცხოვრებაში რაიმე ტრაგიკული ხდება, პირიქით, ქალმა ალოპეცია დაიმეგობრა.

- ალოპეციის დიაგნოზი 10 წლის ასაკში საქართველოში დამისვეს. დედა ექიმია და მაინც ვერ ისვენებდა და მოსკოვში და გერმანიაში გადავამოწმეთ, იქაც დაგვიდასტურეს. გერმანიაში გადაჭრით თქვეს, თავი დაანებეთ ბავშვს, შეაგუეთ ალოპეციასო.

ამ დაავადებას რეალურად სხვა არანაირი სიმპტომი არ აქვს, თავს ჩვეულებრივად ვგრძნობ. არც დაორსულებისას შემქმნია პრობლემა. ერთადერთი ორგანიზმი ებრძვის თმას, ჰგონია უცხო სხეული და იცილებს. ამან, შეიძლება მხოლოდ ფსიქიკურ დონეზე გამოიწვიოს პრობლემები...

ფოტო: სალი დუნდუა

- თმა ერთიანად დაგცვივდა?

- არა, იყო პერიოდები, როდესაც დამცვივდებოდა და შემდეგ ამოდიოდა. მე ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ცხოვრებას, გავაჩინე შვილები და ბოლო ათი წელია, უკვე ამ მდგომარეობაში ვარ, მოიცვა მთელი სახის არე, დაემატა, წარბი და წამწამი. შარშან გადავწყვიტე, რომ ბევრი რაღაც შემეცვალა. ვიცნობდი ადამიანებს, რომლებიც ჩემ მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ მალავდნენ. უმალავდნენ ოჯახის წევრებსაც, დედამთილს, ქმრის ნათესავებს, ვერ ამბობდნენ სამსახურში.

უცხოელმა მეგობრბემა მითხრეს, რომ რატომ არ გინდა, რომ ქართველებმა ერთმანეთს გაუზიაროთ საკუთარი პრობლემები და ასე გადავწყვიტე, რომ კლუბი ჩამომეყალიბებინა.

- მეუღლე რა ასაკში გაიცანი?

- მაშინ ჯერ კიდევ თმა მქონდა, მერე ცვენა რომ დამეწყო, ვიპარსავდი ან ჩალმებით დავდიოდი. შეყვარებულობის პერიოდში მქონდა შინაგანი ნერვიულობა, როგორ მიიღებდა არ ვიცოდი. როდესაც ავუხსენი რა მჭირდა, ძალიან ჩვეულებრივად მიიღო, ერთადერთი მკითხა, ამის გამო, ჩემს ჯანმრთელობას ხომ არ შეექმნებოდა საფრთხე. შვილივით მიმიღო მისმა ოჯახმაც, არასოდეს უგრძნობინებიათ, რომ განსხვავებული ვიყავი.

- შვილებმა თუ დაგისვეს კითხვები?

- იყო პერიოდები, მქონდა თმა ან არ მქონდა. მაგრამ როდესაც ძალიან დამეწყო ბუდობრივი ცვენა, იმ ასაკში იყვნენ, ავუხსენი, რომ მთელი ცხოვრება ასე ვიქნებოდი. მათაც იგივე კითხვები გაუჩნდათ, მხოლოდ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

მახსოვს ჩემი უფროსი გოგონა რომ წამოიზარდა და პატარა თმა გავიზარდე, ანასტასიამ მითხრა, ისე უფრო მომწონდი თავზე რომ გქონდა მოხვეულიო. ძალიან შემართებით ვარ, მე რომ ვნერვიულობდე და უარყოფითი განცდები მქონდეს, მათაც გადაედებოდათ ნერვიულობა. ახლა პირიქითაა, ისინიც მშვიდად არიან და მამხნევებენ.

- ყველაზე მძიმე ისტორია ალოპეციაზე რა გახსენდება?

- ერთი გოგონაა, რომელიც წლებია ამ პრობლემით იტანჯება და ვერაფრით დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ჯგუფში შემოგვიერთდეს. ცალკე მწერს მხოლოდ და ველოდები იმ დღეს, როდესაც მომწერს, სალომე, მზად ვარ, რომ შემოგიერთდეთ.

მინდა, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი დაავადება არ დამალონ და ალოპეცია არ უნდა იყოს სირცხვილი. როდესაც ვიკრიბებით და ბევრი ჩალმიანი გოგო ვართ, გვიხარია ხოლმე ერთმანეთის დანახვა. ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები გახდნენ. ძალიან მიყვარს ხალხი და რასაც გავცემ მათ მიმართ სითბოს და სიყვარულს მინდა, რომ დავინახო, ეს მათ როგორ აბედნიერებთ.

- პროფესიით ვინ ხართ?

- თარჯიმანი ვარ, მაგრამ წლებია საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომელი ვარ. გამიმართლა, რომ საოცარი კოლექტივი მყავს გარშემო. შეიძლება ჰქონდეთ კითხვები, ზოგს აინტერესებდა, ქიმიას ხომ არ ვიკეთებდი, კიბო ხომ არ მქონდა, მაგრამ სასწაული ხალხია, არასოდეს ჩავუყენებივარ უხერხულ მდგომარეობაში...

- ალბათ ბევრს ეგონე ონკოპაციენტი...

- ძალიან მიჭირდა ამის ახსნა, როდესაც შედარებით პატარა ვიყავი და ამ ორი სხვადასხვა დაავადების ერთმანეთისგან გამიჯვნა მიჭირდა. არასოდეს დამიმალავს, რომ ალოპეცია მქონდა, მიმძიმდა იმ ხალხის რეაქციების მოგერიება და თვალის გასწორება, რომლებსაც ეგონათ, რომ სიმსივნით ვიტანჯებოდი. ონკოპაციენტებს დროებით არ აქვთ თმა და ქიმიის შემდეგ დაუბრუნდებათ, ჩვენ ალოპეციით დაავადებულებს, არასოდეს.

- სალომე, მაშინ როდესაც მსოფლიომ ძალიან ბევრი დაავადება დაამარცხა, ალოპეცია არ იკურნება? თუნდაც თმის გადანერგვა თუ არის შესაძლებელი?

- არა, თმის გადანერგვა ვერ იქნება ეფექტური, რადგან ორგანიზმი ებრძვის თმას. ძალიან ბევრი მიფიქრია ამ თემაზე. დედა, როგორც გითხარით, ექიმია და ყველანაირ ღონეს ხმარობდა, რომ რაიმე საშველისთვის მიეგნო. მისი ნერვიულობა უფრო გადამდები იყო ჩემთვის.

ალოპეციას უნდა დაუმეგობრდე და ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვიმეგობრებთ. შეიძლება ამის გარეშე უფრო მოსაწყენიც ყოფილიყო ჩემი ცხოვრება. მე ეს ბრძოლა უფრო მაძლიერებს!