რატომ ესაუბრა ნათია გამცემლიძე გივი თარგამაძეს კაბინეტში

რატომ ესაუბრა ნათია გამცემლიძე გივი თარგამაძეს კაბინეტში

გადაცემა "პოლიტმეტრის" პროდიუსერმა ნათია გამცემლიძემ "მაესტრო" ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად დატოვა. ნათია ამ ნაბიჯს არ ნანობს, მაგრამ განიცდის, რომ საყვარელმა ტელევიზიამ ორჯერ დასწყვიტა გული. ნათიას თავის "მეორე ოჯახში" შევხვდი. ასე ეძახის რადიო "უცნობს". საუბარი დასვენებით დავიწყეთ.

- ნათია, ბაკურიანში დასვენება მოგისწრია.

- სამი დღით გავეპარე რადიო "უცნობს", იქ ჩემი დები და დისშვილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო გადაცემები დახურულია და არც პოლიტიკაში ხდება რაიმე მნიშვნელოვანი, რადიოს მაინც ვერ ვტოვებ. შიდა სამუშაო გვაქვს, ახალი პროექტებისთვის ვემზადებით.

- სამ დღეში გარუჯვაც მოგისწრია.

- დიახ, მაგრამ აგვისტოს დასაწყისში სხვა დროს უფრო გარუჯული ვარ ხოლმე, ახლა სიტუაცია არ მიწყობდა ხელს. შვებულებას ვერასოდეს ვგეგმავ. ხომ იცით, ჟურნალისტებს ამის ფუფუნება არ გვაქვს.

- ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ, რომ საერთოდ არ ისვენებ.

- როგორ არა, პირიქით, კარგად ვისვენებ. მაგალითად, მარტის დასაწყისში ათი დღით დავტოვე საქართველო. ეს ის პერიოდი იყო, როცა "მაესტროს" ახალმა ხელმძღვანელობამ დამიბარა, "უცნობი კავკასია" იხურებაო. მაშინ ძალიან დამწყდა გული, მაგრამ დადებითი რაც გამახსენდა, დასვენება იყო. "უცნობის" ხელმძღვანელობას თავი შევაცოდე, გადაცემა დამიხურეს, სტრესულ მდგომარეობაში ვარ და გამიშვით-მეთქი. ბასა ჯანიკაშვილს შევეცოდე და მითხრა, კარგი წადიო. დღემდე ყველა თანამშრომელს ეგ აქვს სალაპარაკო, შენ ხომ იყავი შვებულებაშიო (იცინის).

- ნახე ეგვიპტეში პირამიდები?

- სამწუხაროდ არა, შარმ-ელ-შეიხში ვიყავი. ზღვამ ისე გამიტაცა, გადავწყვიტე ბოლომდე სანაპიროზე დამესვენა.

- დასვენების დროს ინფორმაციული ვაკუუმი არ გაწუხებს?

- სულ იმას ვამბობ, დასასვენებლად რომ წავალ, არც ერთ საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციას არ ვნახავ, არც წავიკითხავ და ტელევიზორს არც ვუყურებ-მეთქი, მაგრამ ერთი დღის შემდეგ პირობა დავარღვიე და თბილისში დავრეკე. სხვათა შორის შარმ-ელ-შეიხში სასტუმროში ინტერნეტი "ჭედავდა" და ბოლოს ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რუსული პრესის კითხვა დავიწყე.

- ნათია, განახლებულ "მაესტროში" მუშაობის დროს გვეგონა, რომ რადიო "უცნობი" მიატოვე.

- სხვათა შორის, ბევრს ეგონა ასე, არადა, ერთი მეორეს ხელს არ უშლიდა. "პოლიტმეტრი" შაბათობით გადიოდა ეთერში. საღამომდე რადიოში ვიყავი, მერე ტელევიზიაში გავრბოდი.

- თუმცა ძველ "მაესტროში" ეკრანზეც ჩანდი, ამჯერად კი კადრს მიღმა დგომა არჩიე.

- ხანდახან საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რადგან ასე მოხდა, ალბათ არ იყო საჭირო შენი ეკრანზე გამოჩენა-მეთქი. თუმცა ეს თავად გადავწყვიტე. "უცნობი კავკასია" დღესაც ისე მახსოვს... ხუთშაბათი იყო, კახა ბექაურმა რომ დამიბარა და მითხრა, ხვალ გადაცემა იხურებაო. ძალიან დამწყდა გული, ბევრი შრომა დამჭირდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ეთერში მომეწვია. ცხელი და საინტერესო გადაცემები გამოგვდიოდა.

- თუმცა მაშინ ეს ფაქტი არ გაგვიპროტესტებია.

- იცით, არხის ხელმძღვანელობის პოზიცია იყო ასეთი. სამივე წამყვანს საკუთარი თოქ-შოუს გაკეთება შემოგვთავაზეს. ზვიადმა "მაესტროსთან" თანამშრომლობაზე უარი თქვა, ნინოს შაბათს ანალიტიკური გადაცემა უნდა წაეყვანა. მე კი კვირაში ერთხელ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთან უნდა მქონოდა ინტერვიუ. ძალიან კარგია ჩინეთის ელჩთან ინტერვიუ, მაგრამ ამ ფორმატში საკუთარი თავი ვერ დავინახე.

- ამიტომ დათანხმდი "პოლიტმეტრის" პროდიუსერობას?

- ეს ნინოს გადაწყვეტილება, მეტიც, მოთხოვნა იყო. განსაკუთრებით მსიამოვნებს მასთან მუშაობა, რადგან კარგი პროფესიონალია. ექვსი გადაცემა გავიდა ეთერში და ყოველი შაბათის შემდეგ მეორე გადაცემამდე ყველა ლაპარაკობდა. ჩემთვის ეს იყო მთავარი. ასევე ძალიან მთხოვა მამუკა ღლონტმაც. რომ არა ნინო ჟიჟილაშვილი და მამუკა ღლონტი, შეიძლება განახლებულ "მაესტროში" მუშაობაზე უარი მეთქვა.

- არადა, ყოველთვის ხაზს უსვამდი, რომ "მაესტროში" ჟურნალისტები არ იზღუდებოდნენ.

- რა თქმა უნდა. მე ამ ტელევიზიაში დიდი ხანი ვიმუშავე. იმ პერიოდშიც იქ ვიყავი, როცა ბომბებს ესროდნენ და კამერებს უმტვრევდნენ. ასეთ პრობლემას არასოდეს შევჯახებივარ, რადგან მამუკა სრულ თავისუფლებას გვაძლევდა. აქვე ხაზს ვუსვამ, რომ არც კახა ბექაურს უკითხავს, ვინ იყო ჩემი გადაცემის სტუმარი და რა თემა მქონდა.

მერე მოხდა ისე, რომ ბექაურმა გვითხრა, ბოკერიასთან ჩაწერილი ინტერვიუ არ გავა, ფორმატი ირღვევაო და მაშინვე გავაპროტესტე. ჩემთვის მთავარია კითხვა დავსვა და პასუხი მივიღო. ეს რესპონდენტის კაბინეტში იქნება, ეზოში თუ სტუდიაში, მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, ბექაურმა არ მოინდომა ამ მიმართულებით მუშაობა. მე პირადად ვესტუმრე კაბინეტში გივი თარგამაძეს და ვთხოვე, "პოლიტმეტრის" სტუმარი ყოფილიყო. მან მომცა ამის პირობა და მჯერა, ნამდვილად მოგვცა. ბევრ ექსკლუზივს ვგეგმავდით მე და ნინო.

- ჭორიც გავრცელდა, რომ ეკა ბერიძეს სურდა გადაცემაში გიგა ბოკერიას მიყვანა, რადგან თქვენი გადაცემები ერთმანეთს დაეჯახა, ბექაურმა არჩევანი მეუღლის სასარგებლოდ გააკეთა.

- ეს აბსურდია. კატეგორიულად გამოვრიცხავ. თუ ეკა ბერიძეს რაღაც სწყინდა და თქვენ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ეკას პროდიუსერისგან ვიცი, რომ მათაც ჰქონდათ ამის მცდელობა. გიგა მათ თუ დათანხმდებოდა, ეს იქნებოდა ჩვენთვის კარგი და პირიქით. ჩვენ ერთ გუნდად ვმუშაობდით.

- ტელევიზიის დატოვების გადაწყვეტილება პირველად ნინომ მიიღო?

- რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ თვითონ იყო გადაცემის ავტორი და წამყვანი. მისი პოზიცია ასეთი იყო, თუ ინტერვიუ არ გავიდოდა, არხს დატოვებდა. გულწრფელად გეუბნებით, პირველად "უცნობი კავკასიის" დახურვაზე და ახლა, ამ მეორე შემთხვევაშიც დამწყდა გული. ორჯერ დამწყვიტა გული "მაესტრომ".

- მამუკა ღლონტი არ შეეცადა თქვენს გადარწმუნებას?

- მამუკა ტელევიზიის საქმეებში არ ერევა. მან მართვის უფლება ეროსი კიწმარიშვილის კომპანიას გადასცა, არხს კი კახა ბექაური ხელმძღვანელობს.

- ანუ ერთ დღეს კახა ბექაურმა რომ ყველა ჟურნალისტი დაითხოვოს, მამუკა ხმას არ ამოიღებს?

- არა, რადგან კახას თავის არგუმენტი ექნება, რატომ გაათავისუფლა ჟურნალისტები. რა თქმა უნდა, ეწყინა ჩვენი წამოსვლა, ამ ადამიანს დიდ პატივს ვცემ, არ მახსოვს, საქმიან ურთიერთობაში ჩემთვის გული დაეწყვიტოს, თუმცა დღეს ის ჩემთვის მხოლოდ ყოფილი უფროსი და უფროსი მეგობარია.

- სხვა ჟურნალისტებმა სოლიდარობა არ გამოგიცხადეს?

- არც მე და არც ნინოს არ გვქონია ისეთი პოზიცია, რომ ვინმეს ჩვენთან ერთად დაეტოვებინათ არხი. მხოლოდ ჩვენ შეგვექმნა პრობლემა და არა თამარ ჩიქოვანს და თეა სიჭინავას. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ტელევიზიაში ღია დისკუსია გვქონდა და აზრი იქაც ორად გაიყო.

- ამ ამბების შემდეგ გიგა ბოკერია თუ შეგეხმიანათ?

- ნინოს ესაუბრა პრესსამსახური. გაოცებული იყვნენ, რადგან გიგა ბოკერიაც ემზადებოდა ამ ინტერვიუსთვის. მწარე და მწვავე კითხვებისთვის უნდა ეპასუხა.

- ბევრი ამბობს, რომ "მაესტროს" თავისუფალი მედიის იმიჯი შეერყა.

- სამწუხაროა, თუ ჩვენმა წასვლამ ასეთი ეჭვი გააჩინა. იმედი მაქვს, ტელევიზიის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი ეჭვები გააქარწყლოს. მართალია, მე დღეს იქ აღარ ვარ, მაგრამ როცა ჩემს საჭიროებას დავინახავ და მივხვდები, რომ "მაესტროს" ვჭირდები, აუცილებლად დავბრუნდები.

- უცნობს თუ ესაუბრე ამ თემაზე?

- ძალიან გაუკვირდა გიას და, რა თქმა უნდა, გული დასწყდა. ნინო ჟიჟილაშვილი მისი ერთ-ერთი საყვარელი ჟურნალისტია და მის მიმართ კეთილგანწყობა დააფიქსირა. მტყუან-მართალი არ გაგვირჩევია.

- ნათია, ბევრი ვისაუბრეთ და ეჭვი მაქვს, მხოლოდ სამსახურით ცხოვრობ...

- დიახ, ცუდად მაქვს დრო განაწილებული. ახლა გამახსენდა, შარშან სწორედ ამ პერიოდში "რეიტინგის" ჟურნალისტი წერდა ჩემთან ინტერვიუს და მკითხა, პირად ცხოვრებაზე რას მეტყვიო. ვუთხარი, ვერაფერს გეტყვი, რადგან საინტერესო არაფერი ხდება, როგორც კი მოხდება, გეტყვი-მეთქი. ერთი წელი გავიდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

- შენზე ჭორებიც არ ვრცელდება...

- ჰო, ეგ მიკვირს და თან მიხარია. ზოგ ჩემს კოლეგაზე ისეთი საშინელი ჭორი წამიკითხავს, მიფიქრია, ახლა ეს რომ ჩემზე დაწერონ, ნუთუ რეაქცია არ მექნება-მეთქი?

- მე მაინც გავიგე ერთი ჭორი. ნათიას მოხიბვლას განსაკუთრებით პოლიტიკოსები ცდილობენო.

- (იცინის) მერე ამაში ცუდი რა არის?.. არა, ვხუმრობ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე ჩემს რესპონდენტებთან არ მაქვს ასეთი ურთიერთობა. ყველას ბატონოთი მივმართავ და არც ერთი მათგანი არ მიქცევია ინფორმაციის წყაროდ, თუმცა ბევრი ჩემი კოლეგა სხვანაირად ფიქრობს.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები