ავტორი:

"არავის ვკოცნი... ჩანთაში მუდამ მიდევს სპირტი" - როგორ იცავენ თავს კორონავირუსისგან ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოეთში ხშირად მოგზაურობენ

"არავის ვკოცნი... ჩანთაში მუდამ მიდევს სპირტი" - როგორ იცავენ თავს კორონავირუსისგან ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოეთში ხშირად მოგზაურობენ

უკვე რამდენიმე კვირაა მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. ვირუსით საქართველოში უკვე ათზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, რომლებიც საქართველოში უცხოეთიდან, ძირითადად იტალიიდან დაბრუნდნენ.

AMBEBI.GE იმ ცნობილ ქართველებს დაუკავშირდა, რომლებიც საზღვარგარეთ ხშირად მოგზაურობენ და შეეცადა გაერკვია, როგორ ცდილობენ ისინი ვირუსისგან თავის დაცვას.

მომღერალი და ტელეწამყვანი ანრი ჯოხაძე, ვირუსს არ შეუშინდა და ისრაელში გაემგზავრა, სადაც ქართველ მომღერლებთან ერთად კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

- ვითვალისწინებ ყველა რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. ხშირად ვიბან ხელებს, ჩანთაში მიდევს სპირტი და თუ ვერ შევძლებ უცებ ხელების დაბანას, სპირტით ვიწმინდავ, რადგან ყველა მიკრობს კლავს.

ახლახანს დავბრუნდი ისრაელიდან, სადაც აბსოლუტურად ყოველგვარი შემოწმების გარეშე შევედით მომღერლები, კი გამიკვირდა ასეთი უსაფრთხო ქვეყნისგან ეს, მაგრამ როგორც ჩანს, იქ ამის საჭიროება არ არის. საქართველოში დაბრუნებისას კი მკაცრი შემოწმება გავიარეთ, კარგად კონტროლდებოდა ყველაფერი, თავდაპირველად კარანტინისთვის მოვემზადეთ, მაგრამ არ გადაგვიყვანეს, რადგან ჯანმრთელები დავბრუნდით. ის მგზავრები, რომლებიც ეჭვს იწვევდნენ, ცოტა მოშორებით გადაჰყავდათ.

რაც შეეხება ჩემს შიშს, კორონავირუსის არ მეშინია, ვიცავ ჰიგიენის ნორმებს და ჩემს გარშემო პანიკას არ ვქმნი.

მომღერალი ნინი ქარსელაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ვირუსის არ ეშინია, თუმცა დედის ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უსაფრთხოების ყველა ნორმას იცავს.

- მე არ მეშინია კორონავირუსის, მაგრამ ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებ. ანტიბაქტერიული ხსნარი კორონავირუსის შემოსვლამდეც სულ მქონდა ჩანთაში, პირბადეს რაც შეეხება, მგონია, პირბადით სიარულს აზრი არ აქვს.

სამწუხარო ის ფაქტია, რომ ადამიანებმა მოიხსნეს პასუხისმგებლობა და მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნებული პირები, პრევენციის ზომებს არ მიმართავენ, უფრო მეტიც ხალხმრავალ ადგილებშიც დადიან. ჩემი აზრით, თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა ასეთ დროს და დაიცვას უსაფრთხოების ზომები. მე 8 თვეა უკვე ასე ვცხოვრობ, არავის ვკოცნი, სეზონური ვირუსების უფრო მეშინია.

კორონავირუსისგან მაქსიმალურად იცავს თავს მომღერალი ნინო ჩხეიძე, თუმცა ამის გამო საზღვარგარეთ დაგეგმილი კონცერტები არ გაუუქმებია. ნინომ ანრი ჯოხაძესთან ერთად ისრაელში კონცერტი ჩაატარა, საიდანაც შვედეთში მიემგზავრება.

- კორონავირუსისგან თავის დასაცავად ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებ. საქართველოდან ისრაელამდე, სულ შეფუთულმა ვიმგზავრე, რეზინის ხელთათმანები, პირბადე და სათვალე მეკეთა. გავიგე, რომ ვირუსი თმაში ჯდება კარგად, ამიტომ ქუდიც მეხურა თავზე.

მომარაგებული მაქვს ანტისეპტიკური სითხეები, ხელსახოცები და ხშირად ვიყენებ მათ. ისრაელის აეროპორტში სიცხე არავის გაუზომია ჩემთვის, ახლა შვედეთში მივფრინავ და იქ რა მდგომარეობა დამხვდება ვნახოთ. მე მაინც სათანადოდ მომზადებული ვარ.

სხვა კოლეგების მსგავსად, კორონავირუსისგან თავს ყველა წესით იცავს მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი და მიიჩნევს, რომ ეს ყველას მოქალაქეობრივი ვალია.

- კორონავირუსით უკვე 15 ადამიანია დაინფიცირებული, რამდენია ამ ვირუსის მატარებელი და სად დადიან ეს ადამიანები, ჯერჯერობით არავინ ვიცით, ამიტომ ამას სერიოზულ საფრთხედ მივიჩნევ. მანქანაში მაქვს სპეციალური სპირტი და სხვა სადეზინფექციო საშუალებები, ასევე, პირბადე, რომელიც ირეცხება.

ვცდილობ ხალხმრავალ ადგილებს მოვერიდო, მაგრამ გუშინ კონცერტი მქონდა სალომე ბაკურაძესთან ერთად დაგეგმილი, რომლის ორგანიზატორებსაც დიდი ხნის წინ შევუთანხმდი, ამიტომ უარს ვერ ვიტყოდი იქ ჩასვლაზე. მიმაჩნია, რომ ყველას მოქალაქეობრივი პოზიციაა, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და ხელი არ შეუწყონ ვირუსის გავრცელებას.

მომღერალი სალომე ბაკურაძე მცირეწლოვანი შვილის დედაა, ამიტომ კორონავირუსისგან თავს მაქსიმალურად იცავს სხვადასხვა მეთოდით.

- ზომიერად მეშინია კორონავირუსის, თუმცა პანიკაში არ ვარ. უბრალოდ ფრთხილად ვარ და ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებ, რაც გასცა ჯანდაცვის სამინისტრომ. ვსვამ ბევრ წყალს, ვატარებ სადეზინფექციო ხსნარებს, ვატარებ პირბადეს და ა.შ.

რეკომენდებული არ არის ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, ჩემი პროფესია კი, სწორედ ასეთ ადგილებზე ყოფნას ნიშნავს, რადგან კონცერტზე უამრავი ადამიანი დადის. ამიტომ ბავშვი იზოლირებული მყავს სახლში და ჩემი იზოლაციისგან ღმერთმა დაგვიფაროს".

"ეროვნული ბიბლიოთეკა" საზოგადოებას ვირტუალურ მუზეუმში ეპატიჟება - დაათვალიერეთ "დედა ენების" გამოფენა

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს

ანდრეა ბოჩელის ემოციური სააღდგომო სოლო კონცერტი მილანის ცარიელ ტაძარში - "ამ გზით, ჩვენ დედამიწის დაჭრილ გულს გულში ვიკრავთ"