ავტორი:

"წლობით უნახავი შვილების მონატრებას გავუძელით, კორონავირუსი რას დაგვაკლებს?!" - ქართველი ემიგრანტები იტალიაში არსებულ ვითარებაზე

"წლობით უნახავი შვილების მონატრებას გავუძელით, კორონავირუსი რას დაგვაკლებს?!" - ქართველი ემიგრანტები იტალიაში არსებულ ვითარებაზე

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა. ქვეყანა კორონავირუსის გამო საკარანტინო ზომებს ამკაცრებს, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კრძალავს საზოგადოებრივ თავშეყრას.

იტალიიდან დღეს საქართველოს 200 მოქალაქე ჩამოფრინდება რომი-თბილისის რეისით. მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით რომიდან ორი რეისი შესრულდება, რასაც ფინანსურად საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

თუმცა, იტალიაში კვლავ რჩება ათიათასობით ქართველი ემიგრანტი, რომლებიც შიშის მიუხედავად თავადაც გაოცებულები არიან იმ ფაქტით, რომ წითელ წონად გამოცხადებულ ქვეყანაშიც კი ნაკლებია პანიკა. კორონავირუსის გავრცელებითა და სიკვდილიანობით იტალია მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ.

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები AMBEBI.GE-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ იტალიელებმა ის ნორმები არ დაიცვეს, რაც ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი იყო და შესაბამისად, ქვეყანაში ძალიან მალე გავრცელდა COVID-19.

58 წლის ნანი უკვე 7 წელია ემიგრაციაშია:

"გარეთ მარტო საჭმლის საყიდლად თუ გავდივარ. სიტუაცია მართლა კრიტიკულია. რა მოუვათ ცოტა ხანს სახლში რომ დარჩნენ?! მილანიდან სამხრეთში გაიქცნენ და ყველგან გაავრცელეს ვირუსი. ძალიან კარგად მოიქცა მთავრობა, რომ ჩაკეტა ქვეყანა და წითელ ზონად გამოაცხადა.

დაბრუნებას არ ვაპირებ საქართველოში, ჩვენ ხალხმა თუ არ შევუწყვეთ ხელი, ისე ვერაფერს გახდებიან. მერე ვლანძღოთ მთავრობა, თავს ვერ აბავენ ვერაფერსო. ჩინელებმა გვაჯობეს ყველანაირად!" - უკმაყოფილებას ვერ მალავს AMBEBI.GE-ს რესპონდენტი.

"უდარდელები რომ არიან, მაგან მიიყვანა იტალია კრიტიკულ სიტუაციამდე, რასაც ტკივილამდე განვიცდი. გუშინ RAI-ზე ასეთი კითხვა დაუსვეს პროფესორს - სექსი თუ შეიძლება კორონავირუსის დროსო... ქვეყანა ექცევათ და რაზე ფიქრობენ... მე სამხრეთში ვცხოვრობ და ეს სამი დღეა ჩემი პატარა ქალაქიც ძალიან მიყუჩდა, იმის მიუხედავად, რომ სამხრეთში კარანტინი არ გვქონდა. კვირა საღამოს ცენტრი სულ გადავსებულია ხოლმე ხალხით და ახლა იშვიათად ნახავდი ვინმეს, ძირითადად ახალგაზრდებს" - გვეუბნება კიდევ ერთი ემიგრანტი, სახელად ქეთი.

ლელა ახვლედიანი 13 წელია იტალიაში ცხოვრობს, ამჯერად ქალაქ სალერნოშია. ამბობს, რომ მის ქალაქში და რეგიონში ჯერჯერობით ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა უსაფრთხოების ზომები მაინც გამკაცრებულია:

"დაიკეტა აუზები, კინოები, თეატრები, ეკლესიები და ზოგადად თავშეყრის ადგილები უსაფრთხოების მიზნით, თუმცა პანიკა მაინც არ არის.

გუშინ დილით ჩვეულებრივად გავედი სუფთა ჰაერზე სავარჯიშოდ, სანაპიროზე სხვებიც ვარჯიშობდნენ, არავის მივსალმებივარ, არავინ მომსალმებია, ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული.

კვირას პოლიცია და კარაბინიერები იყვნენ პირბადეებით და ამოწმებდნენ მილანი-სალერნოს რეისით გამოპარულ ხალხს, კონტროლი იყო მაგათზე. საკვებით სავსეა ქალაქი და ზოგადად სიმშვიდეა.

Salerno today-ის ამ წუთის ინფორმაცია ასეთია: კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები კამპანიის რეგიონში არის 128, მათგან 2 მძიმეა და 4 გარდაცვლილი. მთავრობის დადგენილებით, იტალია გამოცხადდა "წითელ ზონად", მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეებს არ აქვთ გადაადგილების უფლება, საყიდლებზე წასვლის საშუალება, არამედ ეს ითვალისწინებს უსაფრთხოების ზომების სიმკაცრეს. სუპერმარკეტებში აუცილებელი მოთხოვნაა სულ მცირე 1 მეტრამდე მანძილის დაცვა მომხმარებლებთან და გამყიდველთან" - უყვება AMBEBI.GE-ს ლელა ახვლედიანი.

მანანა სოფრომაძე ოთხი შვილის დედაა ქუთაისიდან. რომში წლებია ცხოვრობს, ამბობს, რომ საბუთის გარეშე უკვე ქალაქიდან ვეღარ გახვალ.

"ეპიდემია ვულკანივით განვითარდა. 14 ქალაქი იყო წითელ ზოლში, დღეიდან კი მთლიანად იტალია კარანტინშია. 3 აპრილამდე შეწყვეტილია სწავლა სკოლებში, უნივერსიტეტებში.

სუპერმარკეტები და სავაჭრო ცენტრები ჩვეული რეჟიმით მუშაობს. ქალაქში გადაადგილდები, მაგრამ ქალაქიდან ქალაქში კონტროლის და დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არ ხდება გადაადგილება. აქამდე ზუსტად მოძრაობამ გამოიწვია ეპიდემიის ასეთი განვითარება.

მე მაგრად ვდგევარ, უფლის იმედად ვარ, ვიცავ წესებს და ვუმკლავდები ყველაფერს. არ მავიწყდება რომ ქართველი ვარ! 12 წელია აქ ვარ და ძლიერი მიწისძვრები გადავიტანე, მჯერა ეს განსაცდელი გაივლის" - ამბობს მანანა სოფრომაძე.

ნონა იტალიაში სამუშაოდ 2019 წლის ზაფხულში წავიდა, იმედი ჰქონდა, რომ იმუშავებდა და მარტოხელა დედა ორი შვილისთვის ბინის ყიდვას შეძლებდა. მაგრამ მოვლენები მძიმედ განვითარდა და ახლა პანიკაშია...

"მე კასტელანეტაში ვარ და წუხელ ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებაც აგვეკრძალა, იმიტომ რომ დავირუსებული ქალაქებიდან ხალხი სხვა ქალაქში გარბოდა და ასე მოედო მთელ იტალიას.

ჩემს ქალაქში ჯერჯერობით არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გარდაცვლილები ძირითადად მოხუცები არიან. მე სადაც ვარ, არცერთი მაღაზია არ არის დაკეტილი, გარდა ჩინელების მაღაზიებისა. ოჯახი სადაც ვმუშაობ, გარეთ გასვლას არ მიშლის, მაგრამ მხოლოდ წესების დაცვით.

მკაცრად გვაქვს აკრძალული - ადამიანებმა ერთი მეტრის დისტანცია უნდა დავიცვათ ურთიერთობისას. ჩემი ახლობელი ქალაქ მოლფეტშია და როგორც ვიცი, იქ უფრო მეტია პანიკა, შეშინებული მწერს ყოველდღე, რომ დავიცვა წესები და სახლიდან არ გავიდე. ძალიან რთულია ახლა ჩემთვის საქართველოში დაბრუნება, როცა წამოსასვლელად ვალი ავიღე და ჯერ კიდევ ვისტუმრებ... არ ვიცი, ჯერჯერობით აქ ვრჩები", - ამბობს ნონა.

კიდევ ერთი ემიგრანტი ლელა თოლორდავა ვრცლად გვიყვება იტალიაში ახლანდელი მდგომარეობის შესახებ:

"მე ვიმყოფები ტოსკანას რეგიონში, პიზის პროვინციის ერთ პატარა სოფელში. აქ თითქმის ორი წელია ვარ, მანამდე ვიყავი რეჯო კალაბრიაში. ჩვენს რეგიონში აქამდე არ იყო პანიკა, თუმცა მას შემდეგ, რაც გუშინ საღამოს იტალიის პრემიერმა მთელი იტალია გამოაცხადა წითელ ზონად, შეშინდა ხალხი. მე ჩემი ოჯახის მაგალითზე ვამბობ.

დილაადრიან ბებოს სიძე გაიქცა (ასე იმიტომ ვამბობ, რომ პროდუქტების შესაძენად დიდ სუპერმარკეტში დღემდე მხოლოდ შაბათ საღამოს მიდიოდა ცოლ-ქმარი) დიდ სუპერმარკეტში პროდუქტების მოსამარაგებლად. ასე მოიქცეოდნენ ალბათ სხვებიც, რადგან შიშობენ პროდუქტების დახლები არ დაცარიელდეს.

ახლა როცა მთელი იტალია "გაწითლდა", შესაბამისად პანიკის მასშტაბიც გაიზარდა. ხალხი ბუნებრივია შიშობს, ელვის უსწრაფესად იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა და მსხვერპლი. სწორედ ვირუსის გავრცელების ამ ტემპმა გამოიწვია მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალვების დაწესება.

აუცილებელი საქმის გარდა სახლიდან არავინ არ უნდა გავიდეს. სამსახურში, ექიმთან და სუპერმარკეტში წასვლა არავის ეკრძალება, თუმცა წესების დაცვით, ერთი მეტრის დისტანცია უნდა დაიცვა, ხელი არავის ჩამოართვა, არ გადაკოცნო.

იტალიელები კოცნის მოყვარული ხალხია, შეხვედრისას ორივე ლოყაზე კოცნიდნენ ერთმანეთს. ეს მათ ქცევაში ისე არის დამკვიდრებული, წარმომიდგენია როგორ გაუჭირდებათ ახლა

ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია, შეეყარა თუ არა ვირუსი ჩვენებურებს, აქ დაინფიცირებულთა რიცხვს აცხადებენ, ეროვნებას - არა. ეს მიდგომა ძალიან მომწონს, ვირუსი არ განასხვავებს ეროვნებას. აქ მედია არ აწარმოებს გამოძიებას ქართული მედიის მსგავსად - ვის შეეყარა ვირუსი, რა პროფესიის არის, რა ეროვნების, რა პოლიტიკური მრწამსის.

ყველა ერთნაირად ვდგავართ საფრთხის წინაშე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ვირუსი ძირითადად იტალიიდან გავრცელდა, აქაც იქნებიან დაინფიცირებული ქართველები. ახლა საჭიროა, უკლებლივ ყველამ ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად, დღეს იტალია ისევე მეკუთვნის მე, როგორც იტალიელს, ყველამ უნდა დავიცვათ ერთმანეთი. დავემორჩილოთ აკრძალვებს და დავრჩეთ სახლში.

ახლა, როგორც არასდროს, დედამიწა გადაიქცა ერთ დიდ სახლად, სადაც პირველ ნომერ პრობლემად დასახელდა კორონავირუსი

პირადად მე ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე ისედაც თითქმის სულ სახლში ვარ, 24 საათიან მომვლელად ვმუშაობ, დღეში 2 საათი მაქვს თავისუფალი და ახლა ისიც სახლში უნდა გავატარო. გაფიქრებაც კი არ მინდა, ჩემი მიზეზით ამ ოჯახში ვინმეს ვირუსი რომ გადავდო და მით უფრო მოხუცს, მისი ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

რაც შეეხება საკვებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე ვიმარაგებთ, სასმელი წყალიც მომარაგებული გვაქვს. ასე იქნება თითქმის ყველა ოჯახი. ჩვენზე ნუ იდარდებთ, მართალია "წითელ ზონაში" ვართ ასიათასობით ქართველი, მაგრამ ამ "შავ ჭირსაც" გავუძლებთ. წლობით უნახავი შვილების მონატრებას გავუძელით და კორონავირუსი რას დაგვაკლებს?!" - ეუბნება AMBEBI.GE-ს ლელა თოლორდავა.

ემიგრანტები ამბობენ, რომ ერთმანეთს ხმოვან შეტყობინებას უგზავნიან, სადაც ქართულ ენაზე ქალის ხმა აძლევთ გაფრთხილებას და აუცილებელ რეკომენდაციებს, რომელიც უნდა დაიცვან კორონავირუსისგან თავის დასაცავად.

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ადამიანი მოიყოლა

გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, მაგრამ კორონავირუსი გადატანილი აქვთ - ჯანდაცვის მინისტრი

მზად ვართ, 26 მაისსაც დავამთავროთ კორონავირუსი და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ - ლევან გოფოძე