ავტორი:

"გაამართლებინეთ მკვლელობა და მომაკვდავი გოგოს საცვლები გამოფინეთ" - რატომ მოყვა კრიტიკა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას

"გაამართლებინეთ მკვლელობა და მომაკვდავი გოგოს საცვლები გამოფინეთ" - რატომ მოყვა კრიტიკა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას, რომელშიც 24 წლის ცოლის დაჭრაში ბრალდებული 27 წლის მამაკაცის დედა იმყოფებოდა, საზოგადოებაში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა გადაცემის თემამ ქალთა უფლებადამცველებისგან.

"ქალების მკვლელობა ქვეყნის სამარკო ნიშანი გახდა. დღეს გადაცემაში არა ძალადობის მსხვერპლი ქალი, არამედ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედაა, ეს ნიშნავს რომ ჩვენ მედალიონის მეორე მხარეს შემოგთავაზებთ, რაც თავისთავად უპრეცედენტოა" - თქვა გადაცემის შესავალში ნანუკა ჟორჟოლიანმა და სტუდიაში ბრალდებულის დედა მარინა ლომსაძე მოიწვია.

დაჭრილი ქალის დედამთილმა ოჯახის და დაჭრილი რძლის შესახებ ბევრი პირადი დეტალი გაასაჯაროვა. განაცხადა, რომ წყვილს კონფლიქტი არ ჰქონიათ, თუმცა სალომე ჩ. დედა მის შვილებს ცუდად ეპყრობოდა, რაც ოჯახში დაძაბულობის მიზეზი გახდა და მისი რძალი სახლიდან წავიდა. ქალი უარყოფს იმას, რომ მისი რძალი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო და სწორედ გამოუვალი სიტუაციის გამო დატოვა სახლი.

"ორი შვილი დატოვა და იმის შემდეგ მე ვზრდი. მილიციით მოვიდა და უნდოდა წაეყვანა, წაიყვანა კიდეც, სოციალური აგენტიც იყო ჩართული. სახლში მიიყვანა და მამამისმა უთხრა, რატომ წამოხვედი ოჯახიდან, შენი შვილების რჩენის თავი არ მაქვსო, მოკიდა ბავშვებს ხელი და მომიყვანა ისევ მე" - ყვება ლომსაძე და დასძენს, რომ მისი რძალი ამის შემდეგ სამუშაოდ წავიდა თურქეთში, ერთი წლის შემდეგ კი დაბრუნდა საქართველოში.

დედამთილი რძალს ორი მცირეწლოვანი შვილის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს, თუმცა ამბობს რომ არ ამართლებს შვილის საქციელს, რომელმაც ხაშურის ცენტრში, ათობით თვითმხილველის თვალწინ მეუღლეს დანით უმძიმესი ჭრილობები მიაყენა. 24 წლის სალომე ჩ. ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება, მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

დაჭრილი ქალის ცხოვრების პირადი დეტალების გასაჯაროვებას და მისი დედამთილის პოზიციას გადაცემაშივე მოყვა გამოხმაურება. შოუს მსვლელობის დროს დარეკა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ და წამყვანი ფემიციდის გაშუქების სტანდარტის დარღვევაში პირდაპირ ეთერში დაადანაშაულა.

"ვერ ვხვდები რა მიზანი გქონდათ, როცა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა მოიწვიეთ, მეორეს მხრივ მოვისმინეთ დაზარალებული, მსხვერპლი ქალის პირადი დეტალების გარჩევა, რაც არ არის პირდაპირ კავშირში დანაშაულთან. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები და ახლობლები ამართლებენ დამნაშავეს და ცდილობენ გასვარონ მსხვერპლი.

ფემიციდს არ აქვს ორი მხარე და არ შეიძლება მკვლელობის მცდელობის რაიმეთი გამართლება! მკვლელის დედა ვერ იქნება საქმეში მხარე! ეს ქალი არ არის დანაშაულის მონაწილე და ის ცდილობს გაამართლოს მკვლელი. თქვენ მიეცით საშუალება ამ ქალს, დაეფიქსირებინა სტერეოტიპული დამოკიდებულებები დაჭრილი რძლის მიმართ.

უკვე რვა შემთხვევა მოხდა ქალთა მკვლელობის საქართველოში. ფემიციდი არის სპეციფიკური დანაშაული, ახასიათებს ტალღოვანი ხასიათი და არის წამბაძველობით გაკეთებული - რასაც ადამიანები ხედავენ ტელევიზორში, იგივენაირად იმეორებენ. ამიტომ ამ თემის გაშუქებისთვის მკაცრი რეგულაციებია, რომ არ გამოვიწვიოთ კიდევ ერთი მსგავსი დანაშაული.

კონკრეტული ქალის პირადი ცხოვრების და პრობლემების განხილვა ტელევიზიით, როცა ამ კონკრეტულ ქალს არ შეუძლია პასუხი გასცეს ყველაფერს, ნამდვილად არ აღწევს იმ მიზანს, რომ შეწყდეს ფემიციდი" - აღნიშნა პატარაიამ გადაცემაში და დასძინა, რომ ეთიკის სტანდარტების დარღვევისთვის, გადაცემას ეთიკის ქარტიაში უჩივლებს.

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს კრიტიკული განხილვა მოჰყვა "ფეისბუქში" გადაცემის კომენტარებშიც:

"რა მედალი? რა ორი მხარე? რეებს ბოდავთ? ფაქტიურად გაამართლებინეთ მკვლელობა და მომაკვდავი გოგოს საცვლები გამოფინეთ. მასზე, მის ოჯახზე დაფიქრდით სულ ცოტა მაინც?? ნანუკას სირცხვილია ეს რაც გააკეთეთ!"

"ამ საქციელის შემდეგ, ბოდიში გაქვთ მოსახდელი მსხვერპლის წინაშე, მისი პირადი ცხოვრების ასე გასაჯაროებისთვის, რამდენად სიმართლეა მაგ ქალის მონაყოლი კიდევ სხვა თემაა, ასევე ბოდიში უნდა მოუხადოთ მის ოჯახსაც, რახან მათი ტრაგედია და ტკივილი ასე ფეხქვეშ გათელეთ"

"სამარცხვინო გადაცემა! კიდევ ერთი დამცირებული მსხვერპლი"

"თავები ჩაღუნეთ მკვლელების დედებო, ის თავები, რომლებსაც უნდა იკლავდეთ მკვლელი შვილების გაზრდისთვის და გამბედაობა არ გყოფნით. თავები ჩაღუნეთ და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ასე იარეთ, არათუ ერთი სიტყვა მაინც დაგცდეთ მკვლელი შვილების გასამართლებლად";

"ასეთი თემების გაშუქება არ შეიძლება, ასეთი დეტალებით, თქვენ გაამჟღავნეთ სხვისი პირადი ცხოვრების დეტალებიც. სავალდებულო უნდა გახდეს ჟურნალისტების ტრენინგი, დიდ საფრთხეს უქმნით საზოგადოებას ასეთი სიუჟეტებით. ფაქტია რომ გააღვივეთ და ხელი შეუწყვეთ მსხვერპლის დადანაშაულებას. დასვით არასწორი აქცენტები და მომაკვდავი ადამიანი, გახადეთ საზოგადოების განკითხვის მსხვერპლი!"

"ვერ ხვდებით რომ ამით სიტუაციას ამძაფრებთ და ამ ბნელ მასას კვებავთ ? რამდენი ქალიც მოკლეს აბსოლიტურად ყველა ბოზად გამოიყვანეს!! დგახართ და უსმენთ მეზობელ-ნათესავებს, რომლებიც მოკლულ ქალებს ადანაშაულებენ. საერთოდ ნუ ეძებთ მიზეზებს! საერთოდ არ იცით მსგავსი თემების გაშუქება, არ აქვს მნიშვნელობა ცუდი დედა იყო, ცუდი ცოლი თუ საყვარელი ყავდა, მთავარია რომ ეს შედეგი არუნდა დადგეს! რატომ აძლევთ უფლებას, მკვდარ ქალებს საქვეყნოდ შეურაცხყოფა მიაყენონ? ისინი თავს ხომ ვეღარ დაიცავენ?!"

დღეს კრიტიკულ გამოხმარებებს "ფეისბუქის" პირად გვერზე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:

ყველამ იცით რომ ჩემთვის თუ რამე არაა პრობლემა, ბოდიშის მოხდაა, მაგრამ... ჩემი აზრით უფლებების დამცველებმა, არ აქვს მნიშვნელობა რისი, რეგიონებში უნდა იარონ და საკუთარ 2% ბაბლს გასცდნენ. რატომ?

იმიტომ რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა ფიქრობს რომ ქალი "ბოზია" თუ ოჯახს დაანგრევს და დიახ, მას ქმარმა ჭკუა უნდა ასწავლოს. უფრო მეტიც, საკუთარმა მამამ არ მიიღო გოგო, რომელიც ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობდა და იძულებული გახადა, სადისტ ქმარს დაბრუნებოდა. აი ასეთ ხალხს რომ ეტყვი "ჩემი ფ... ჩემია", ან უცეკვებ, პრობლემა მოგვარდება თურმე...

ჩემი აზრით, უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს. დიახ, ყველა სტიგმა მხოლოდ საჯარო დისკუსიებით მოირღვა. ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ ყველას აქვს საკუთარი პირადი სივრცის ქონის უფლება. თურმე, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მხარეს მოტივზე საუბრის უფლება არ ჰქონია და სტიგმებს ვამყარებთ საუბრით და ქუჩაში ცეკვა ამ სტიგმებს ხსნის!

ჩემი საყვარელი ისტორიაა, ბენდუმ გვითხრა ერთხელ, ძალიან მსაყვედურობენ, რატომ დადიხარ ასე ხშირად ნანუკას შოუშიო, არადა მარტივიაო, ნანუკას მაყურებელმა მინდა გაიგოს, რომ იუდა არ ვარ, იმათმა ისედაც იციანო.

გამოდით კომფორტის ზონიდან და ესაუბრეთ მათ, ვინც თქვენ პრიზმაში არ უყურებს ამბავს. ერთმანეთს ნუ ელაპარაკებით. სტატისტიკას არქივი ამბობს, რამდენი ძალადობის მსხვერპლი ქალი გვყოლია სტუდიაში და მათთვის ცხოვრება რეალურად შეგვიცვლია" - წერს ჟორჟოლიანი.

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

"შოკშია სრულიად, გაოგნებულია, ნუთუ ეს ასე ხდება მართლაო?" - ბასილაშვილის საქმის რა დეტალებზე და ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს ადვოკატი

"ტრაგედიაზე საუბრობდა, როცა მაყურებელმა დარეკა და ბინა აჩუქა..." - როგორ შეცვალა "სხვა ნანუკამ" 3 ოჯახის უმძიმესი ცხოვრება