ავტორი:

როგორ ხსნიან ლარის გაუფასურებას ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკი - რა ბედი ეწევა ეროვნულ ვალუტას

როგორ ხსნიან ლარის გაუფასურებას ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკი - რა ბედი ეწევა ეროვნულ ვალუტას

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება კორონავირუსის გამო შექმნილ გაურკვევლობას უკავშირდება, რომელიც მოლოდინის არხით ფინანსურ ბაზრებს გადაეცა.

სებ-ის განცხადებაში ლარის გაუფასურების მიზეზებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის.

„კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა.

აღნიშნულ გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა:

  • ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად და საქართველოში, ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს.
  • ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკები, რაც მოლოდინების არხით შესაბამისად აისახა სავალუტო ბაზარზე. მსგავსი სურათია ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმეტესობაშიც, სადაც ბოლო დღეებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება.

მეორე მხრივ, ავიამიმოსვლების შეზღუდვის გამო, მოიკლებს ვალუტის გადინება საქართველოდან უცხოეთში, ასევე შემცირდება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული იმპორტი, რაც გაცვლით კურსზე პოზიტიურად იმოქმედებს. ამავე დროს, საქართველოს დამოკიდებულება გზავნილებზე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ასევე დადებითი ფაქტორია.

ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ანუ დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო მოთხოვნის შესუსტება ინფლაციის შემცირებაზე მოქმედებს, გაცვლითი კურსის გაუფასურებას საპირისპირო ეფექტი აქვს და ინფლაციურ რისკებს ზრდის. საბოლოო გავლენა ინფლაციაზე და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის რეაგირება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ფაქტორის გავლენა გადაწონის. ამ ეტაპზე მოვლენათა შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ბაზრის დინამიკას და, როგორც ყოველთვის, საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატის, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, როდესაც მსოფლიოში შოკია, ლარის კურსზე საუბარი სწორი არ იქნება. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, სიტუაციის დასტაბილურებამდე ლარის კურსს დააკვირდებიან, რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს.

„ლარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ შოკია მსოფლიოში და ჩვეულებრივი რეაქციაა. იცით რა ხდებოდა რუსეთში, იცით რა ხდება ზოგადად მსოფლიოში, ამიტომ დღეების მიხედვით ლარის კურსზე საუბარი არ იქნება სწორი. ცოტა უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან. შევხედავთ რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს, ამიტომ ამაზე საუბარი არავისგან იქნება სწორი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს გეგმა, როგორ უნდა დაეხმარონ ეკონომიკას, თუმცა ეს გეგმები ჯერ დამტკიცებული არ არის.

„ასევე ვითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, როგორ რეაგირებენ ამაზე. ჩვენც გვაქვს ჩვენი ხედვები, ეროვნულ ბანკსაც აქვს ხედვები მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე არის სექტორთან დაკავშირებული ხედვები, რა შეიძლება გაკეთდეს მათთვის, ვინც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ზარალდება. მაგრამ ყველაფერს რა გადაწყვეტს იცით? - რა ხანგრძლივობის და სიმძიმის იქნება ეს პანდემია თითოეულ ქვეყანას და გლობალურად. ეს არის გადამწყვეტი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

თუ კურსი 3.3 ნიშნულზე შენარჩუნდა, იმპორტირებული პროდუქტების უმრავლესობაზე აპრილში ფასები აუცილებლად მოიმატებს - ივა ჭყონია

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება, სამშობლოში დაბრუნებულები 14-დღიან კარანტინს გაივლიან

1 აშშ დოლარი 3.4494 ლარი გახდა - ეროვნული ბანკი აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის