ავტორი:

საპატრიარქოს მიმართვა მრევლს

საპატრიარქოს მიმართვა მრევლს

საქართველოს საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საპატრიარქო მოსახლეობას მიმართავს, რომ გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და დაიცვან თვითიზოლაციის წესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს მოძღვრის ბინაზე მისვლა და მრევლის ამგვარად ზიარება.

„როგორც ცნობილია, კორონავირუსის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით საერთაშორისო მასშტაბით განსაკუთრებული ზომებია მიღებული. დღეისათვის ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებს გარკვეული რეგულაციები და არსებობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის რჩევები. სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვავალდებულებს ამ მითითებების გათვალისწინებას. ამიტომ საქართველოს ეკლესიაც მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად. ვურჩევთ ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან, ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი. პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში, მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს,” - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, საპატრიარქო დასაშვებად მიიჩნევს, რომ ზიარების შემდგომ სასმელის ("სიტკბოების") მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით. ამასთან, საპატრიარქო მოსახლეობას მოუწოდებს ხშირად გამოიყენოს ნაკურთხი წყალი და გულში ლოცვები თქვას. განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ჰიგიენის ნორმების დაცვის აუცილებლობაზეც.

„ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად. შეგახსენებთ, იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ „იესოს ლოცვა“ ან მოკლედ, - "უფალო შემიწყალე". როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს.

"განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას. ასევე, საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობისას შემოთავაზებული წესების დაცვა"

უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქომაც მიიღო და ეკლესიებისათვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია.

ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის ("სიტკბოების") მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთისმყოფობისა, აქ აღსრულებული ლიტურგია კი ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურებაა დედამიწაზე. წირვა-ლოცვაში რწმენით მონაწილე ადამიანი მიეახლება ცოცხალ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელიც თავად არის წყარო სიცოცხლისა და მშვიდობისა, იმედისა და სიხარულისა და ამ მადლს არ უნდა განვეშოროთ,” - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 683-მდე გაიზარდა

წვიმა და ძლიერი ქარი - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

23 წლის ბექა გოგოლაძეს, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, დახმარება ესაჭიროება