ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს პრეპარატებს, რომლითაც კორონავირუსს მკურნალობენ - "მათი მიღება დაუშვებელია ეჭვის საფუძველზე ან პრევენციისთვის"

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს პრეპარატებს, რომლითაც კორონავირუსს მკურნალობენ - "მათი მიღება დაუშვებელია ეჭვის საფუძველზე ან პრევენციისთვის"

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე იმ პრეპარატებს ასახელებს, რომლითაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, ამ მედიკამენტებს ჩვენთან სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით იყენებენ, თუმცა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, რომ მათ პირდაპირი ანტივირუსული ეფექტი აქვთ კორონავირუსის მიმართ.

"მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ რეკომენდებული არ არის მედიკამენტი, რომელსაც დადგენილი, დადასტურებული ანტივირუსული პირდაპირი ეფექტი აქვს კორონავირუსის მიმართ, იმ ქვეყნებში, სადაც ფართომასშტაბიანი ეპიდემიებია, იცდება დაახლოებით, 5-6 მედიკამენტი და ექსპერტული ცოდნის დონეზე, ცალკეული ავტორების ცალკეული კვლევის დონეზე, შექმნილია გარკვეული შეხედულება, რომ ამ 5-6-დან ზოგიერთი ეფექტურია, ზოგიერთი კი ნაკლებად.

თუმცა, საკმარისი მტკიცებულება, რომ რომელიმე ოფიციალურად აღიარო, როგორც გამოსადეგი ამ ინფექციის სამკურნალოდ, ჯერ მიღებული არ არის. ასე რომ ოფიციალურ ინსტანციებს (მათგან მთავარია ამერიკის წამლისა და საკვების პროდუქტების სააგენტო) დადასტურებული რეკომენდაცია მიღებული ამ დროისთვის არცერთს არ აქვს.

რამდენადაც სხვა ქვეყნები იყენებენ აქტიურად ამ მედიკამენტებს, ჩვენც მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ მათ მიერ რეკომენდებული იმ 5-6 მედიკამენტიდან, რომლებსაც ყველაზე უკეთესად თვლიან, გამოვიყენოთ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან კონკრეტული მედიკამენტებიც დაასახელა და ამავდროულად მოქალაქეები მკაცრად გააფრთხილა, რომ ამ წამლების მიღება ექიმების დანიშნულების გარეშე კატეგორიულად დაუშვებელია!

"რომ დავასახელო, შემდეგ ვიღაცებმა არ დაიწყონ მათი სმა პროფილაქტიკური მიზნით. ჯერ ერთი, ისინი ოფიციალურად არ არის რეკომენდებული და მეორეც, არაოფიციალურადაც, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, როდესაც ინფექცია დადასტურებულია და არავითარ შემთხვევაში, არავინ არ უნდა მიიღოს ეჭვის საფუძველზე ან პრევენციული ზომით....

ესენია მაგალითად, შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ე.წ. ლოპინავი-რიტონავირი; რიბავინი, რომელიც C ჰეპატიტის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება, ასევე ხლოროხინი და დეზოქსი ხლოროხინი, რომელიც წარმატებით გამოიყენება რევმატიული და ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ.

ყველა ისეთი მედიკამენტია, რომელიც სხვა დაავადების დროს წარმატებით გამოიყენებოდა და ახლა იცდება კორონავირუსის დროს. ცალკე მინდა გამოვყო ე.წ. რენდესევირი, რომელიც ამათგან იმით განსხვავდება, რომ ის სპეციალურად ებოლას სამკურნალოდ 2013-2014 წლებში შექმნა კომპანია "გილიადმა". ეს ის კომპანიაა, რომელმაც რევოლუციური გარღვევა მოახდინა C ჰეპატიტის მკურნალობაში და რომელიც ჩვენი მთავარი პარტნიორია.

ამ მედიკამენტმა მაშინ არ გაამართლა, მაგრამ ახლა სერიოზულად ფიქრობენ, რომ ეს მედიკამენტი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ კარგი იქნება. ჩვენ ეს ბოლო მედიკამენტი არ გვაქვს, თუმცა სახელმწიფო ზრუნავს უკვე, რომ ჩვენც მოვიპოვოთ", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისათვის, ჩამოთვლილი პრეპარატების ყიდვა აფთიაქებში შესაბამისი დოკუმენტების ან ინდივიდუალური შეკვეთის გარეშე, შეუძლებელია.

"ვემუდარები და ვთხოვ მოქალაქეებს, ნუ დამალვთ და აღიარეთ ვისთან გქონდათ კონტაქტი" - ქართველი ექიმის მიმართვა

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკა მეტრეველი

როგორ ებრძვის საქართველო დასავლურ ქვეყნებზე წარმატებულად კორონავირუსს - რას წერს ცნობილი გამოცემა