ავტორი:

რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი მყარ ზედაპირზე? - რა შედეგები აჩვენა ექსპერიმენტებმა

რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი მყარ ზედაპირზე? - რა შედეგები აჩვენა ექსპერიმენტებმა

ახალი ტიპის კორონავირუსს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 165 ქვეყანა ებრძვის. ჯერჯერობით, ვირუსი სრულად შესწავლილი არ არის და ამიტომაც, არ გვაქვს მკურნალობის ზუსტი მეთოდები, არ გვაქვს მედიკამენტები და ვაქცინა, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებს. თუმცა, მედიკოსები აქტიურად მუშაობენ Covid-19-ის გამოსაკვლევად და მას დეტალურად სწავლობენ.

იმისთვის, რომ ვირუსთან ბრძოლა ეფექტური იყოს, აუცილებელია ვიცოდეთ, რა პირობებში ძლებს ის, როგორ ზედაპირზე, რამდენ ხანს ცოცხლობს. ჩვენ ყოველ დღე ვეხებით კარებს, კიბის სახელურებს, მაგიდას, კომპიუტერს, სხვადასხვა ნივთებს თუ მყარ ზედაპირს და შესაძლოა, სწორედ ასეთი შეხება გახდეს ვირუსით დაინფიცირების წყარო.

ABCNEWS-ის ცნობით, მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა იმის დასადგენად, თუ რამდენ ხანს ძლებს Covid-19 ზედაპირზე.

კვლევის მიხედვით, კორონავირუსს პლასტმასისა და ზოგიერთი უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე შეუძლია სამი დღე გადარჩეს, ხოლო 24 საათი ძლებს მუყაოს ზედაპირზე, სპილენძის ზედაპირზე ოთხ საათამდე.

ამასთან, მკვლევარები ამბობენ, რომ ჩატარებული კვლევები არ არის საკმარისი ზუსტი სურათის მისაღებად და მოცემული ინფორმაცია არ ასახავს უტყუარ რეალობას, თუმცა სინამდვილესთან მიახლოვებულია. ამ ეტაპზე კვლევები აქტიურად მიმდინარეობს.

ზოგადად, კორონავირუსები განსაკუთრებული მდგრადობითა და გამძლეობით არიან ცნობილები.

კვლევების მიხედვით, კორონავირუსის სხვა სახეობები, Sars-ი და Mers-ი, რომლებიც 2002 და 2012 წლებში იყო გავრცელებული, მეტალის, პლასტმასისა და მინის ზედაპირზე, თუ მათ დეზინფექცია არ ჩაუტარდებათ, 9 დღის განმავლობაში ძლებენ, ზოგ შემთხვევაში კი, დაბალ ტემპერატურაზე 28 დღის განმავლობაშიც კი შეუძლიათ გადარჩენა.

სხვა რესპირატორული დაავადებების მსგავსად, Covid-19 ვრცელდება ინფიცირებულის პირიდან და ცხვირიდან. ერთი დახველების შედეგად, შეიძლება 3000 წვეთი წარმოიქმნას და ეს ნაწილები შეიძლება მოხვდნენ ადამიანის სამოსზე, ან გარშემო ზედაპირებზე.

არსებობს მოსაზრება, რომ ვირუსი დიდხანს რჩება ფეკალურ მასაში, ამიტომაც ვინმე თუ ხელებს არ იბანს საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ და დაუბანელი ხელებით ეხება საგნებს და ნივთებს, ის საფრთხეს უქმნის საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამედიცინო სფეროს ავტორიტეტები ხაზს უსვამენ, რომ ხელების დაბანა, მუდმივი დეზინფექცია, ნივთების ჰიგიენა, საკვანძო საკითხია კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

პრეპარატ "რემდოსოვირს" ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ - ამირან გამყრელიძე

უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება - სურსათის ეროვნული სააგენტო

"20 ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე იმყოფება" - ამირან გამყრელიძე უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე