ავტორი:

"არც მეგობრები მყავს სახლში, არც დაბადების დღეს ვიხდი... არ არის ამის დრო" - იუბილარი სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

"არც მეგობრები მყავს სახლში, არც დაბადების დღეს ვიხდი... არ არის ამის დრო" - იუბილარი სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საზოგადოებას დაბადების დღის მოლოცვისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ იუბილეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, ტრადიციულად ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში არ აღნიშნავს.

როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, ამჟამად უსაფრთხოების გამო, არც დაბადების დღის აღნიშვნის და არც ქელეხის გადახდის დრო არ არის.

"პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ, ვინც დღეს გამიხსენეთ, გაიხსენეთ ჩემი დაბადების დღე. მართლაც ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთ მდგომარეობაში კიდევ იმის გრძნობა გაქვთ, სხვა ადამიანები გაიხსენოთ, ეს არის ჩვენი სიძლიერე. საერთოდ, დაბადების დღეს ყოველთვის ტრადიციულად ჩემს ქალიშვილთან ერთად ვიხდი. სამწუხაროდ, წელს ის ამერიკაშია, ვერ ჩამოდის, მეორე შვილი თეიმურაზი პარიზშია, იქედან ვერ ჩამოდის და ვერ მოვახერხეთ, რომ ერთად, ოჯახურად გადაგვეხადა ეს დაბადების დღე, მაგრამ ეს დღევანდელ დღეს ბევრის ხვედრია.

ვიცი, რომ ბევრი თქვენთაგანი ასევე აქ იმყოფება, როცა ოჯახის წევრები სხვადასხვა ქვეყნებში არიან: იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც ძალიან მძიმე პირობებია. ვიცი, ყველანი ფიქრობთ იმ ადამიანებზე და სწუხართ, თუ რა პირობებში არიან. ნაწილი მათგანი ალბათ ჩამოვა. ყველანაირად ვეცდებით, რომ ვისაც ექნება სურვილი, საშუალებაც ჰქონდეს, რომ ჩამოვიდეს, მაგრამ ეს ძალიან მძიმე პერიოდია ჩვენთვის. მესმის, რომ ეს უნდა გადავიტანოთ. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ და გავუმკლავდეთ ერთად, თუმცა დღევანდელ დღეს დისტანციურად.

ამ მიმართვით მინდა იმის მაგალითი მოგცეთ, რომ მე დღეს არც მეგობრები არ მყავს სახლში და არც დაბადების დღეს ვიხდი. უნდა შევიგნოთ, რომ არ არის დრო, არც დაბადების დღის გადახდის, სამწუხაროდ, არც ქელეხის, არც ქორწილის, ეს ყველაფერი ცოტა ხნით უნდა გადავდოთ, მერე ბევრად უფრო სხვანაირად გადავიხდით ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ დღეს არც მეგობრებთან არ უნდა შევიკრიბოთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება მეგობრების მიმართ, რომ მათ არ შევუქმნათ რაიმე საფრთხე.

დღეს ნებისმიერი ჩვენთაგანი ისე, რომ არც ვიცით, შეიძლება გადამდები იყოს, შეიძლება ჩვენ ვატარებდეთ ვირუსს. ასე, რომ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ახლობლებს, ოჯახს, მეზობლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მკვიდრია. ჩვენ ყველაზე პასუხისმგებელი ვართ, მეც პირველ რიგში და თქვენც ჩემთან ერთად. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ, მინდა გაგამხნევოთ, ეს მხოლოდ დროებითია, მაგრამ გასავლელი დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ განსაცდელისგან გამოვალთ, თუ პასუხისმგებლობით მოვიქცევით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად. ხვალინდელი დღეზე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. ეს უნდა შევიგნოთ და ყველამ ერთად ეს ტვირთი ვატაროთ. ძნელია, ალბათ, კიდევ უფრო ძნელი იქნება მომავალ დღეებსა და კვირებში, მაგრამ საბოლოო გამარჯვება ჩვენი იქნება, თუ შევძლებთ, რომ მოვიქცეთ, როგორც ცივილიზებული ქვეყანა, პასუხისმგებლიანი ერი. მჯერა ჩემი თავის და თქვენი, ამას ერთად შევძლებთ", - აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

LIVE: "შუადღის სტუდია" - დავით ბაქრაძე

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიაზე წასვლას არ აპირებს

როგორ დაადგენს მთავრობა იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამსახური დაკარგა - ვიცე-პრემიერის განმარტება