ავტორი:

როგორი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში ვრცელდება ყველაზე მეტად COVID-19? - მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის კვლევის შედეგები

როგორი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში ვრცელდება ყველაზე მეტად COVID-19? - მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის კვლევის შედეგები

შეაჩერებს თუ არა სითბო კორონავირუსის გავრცელებას? - ეს პანდემიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. არსებობს ვარაუდი, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში ვირუსი დასუსტდება, თუმცა ეს ვარაუდი ასევე მოიცავს იმ ფაქტორსაც, რომ ადამიანები ზაფხულობით ერთმანეთისგან მეტ დისტანციას იჭერენ და გადაცემის შემთხვევათა რაოდენობის შემცირებაზე, სხვა შესაძლო მიზეზებთან ერთად, ესეც უნდა აისახოს.

ტემპერატურა ერთ-ერთი მთავარი საკითხია მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორის, მოჰამედ საჯადის უახლეს კვლევაში, სადაც ნავარაუდევია, რომ COVID 19-ის გავრცელებას გარკვეული ტემპერატურა და ტენიანობა უწყობს ხელს.

მან შეისწავლა ის რეგიონები, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელდა და შეამჩნია, რომ ინფექციის ეპიცენტრი ჩრდილოეთ განედის 30-დან 50-ე პარალელამდე მოექცა და მოიცვა შემდეგი ქვეყნები: სამხრეთ კორეა, იაპონია, ირანი და ჩრდილოეთ იტალია, შემდეგ კი აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთი, ესპანეთი და საფრანგეთი.

თუ შევადარებთ ერთი მხრივ, 2020 წლის იანვარში, ქალაქ უხანში დაფიქსირებულ ტემპერატურასა და ტენიანობას, ხოლო მეორე მხრივ, ამავე მონაცემებს თებერვალში, იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი ფართოდ გავრცელდა, თვალში მოგვხვდება ის, რომ ორივე შემთხვევაში ტემპერატურა საშუალოდ 5-11 გრადუს ცელსიუსს, ხოლო ტენიანობა - 47-84%-ს შეადგენდა.

მეცნიერი აღნიშნავს, რომ უხანის მსგავსი სურათის შექმნას და კორონავირუსის განსაკუთრებით მაღალ აქტივობას უფრო სამხრეთ აზიაში, განსაკუთრებით ბანგ-კოკში ელოდნენ, რომელსაც ჩინეთთან გეოგრაფიული სიახლოვე და მნიშვნელოვანი სამოგზაურო ურთიერთობები აკავშირებს, თუმცა, ეს ასე არ მოხდა. ყურადღებას იქცევს ის, რომ ტაილანდში 2020 წლის იანვარსა და თებერვალში ბევრად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა.

ამავე პერიოდში, ოფიციალური მონაცემებით, COVID 19-მა გავრცელება ვერ მოახერხა ვერც უშუალოდ ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებში - რუსეთსა და მონღოლეთში, და ვერც - ჩინეთის სამხრეთით. სამხრეთ აზიაში პაციენტებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ზემოთ ჩამოთვლილ, უფრო ზომიერი კლიმატის მქონე რეგიონების ანალოგიურ მონაცემებს.

აღნიშნული რეგიონები ერთი თვის ინტერვალში, ტემპერატურისა და ტენიანობის შედარებითი სტაბილურობითაც გამოირჩევა. არც ერთ მათგანში ტემპერატურა 0 გრადუს ცელსიუსის ქვემოთ არ დაცემულა, რაც, როგორც კვლევაშია მითითებული, იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ კორონავირუსის გავრცელებისთვის "მყარ ნიადაგს" შეიძლება, მინიმალურ ზღვარი ჰქონდეს.

მერილენდის უნივერსიტეტის დოქტორის კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ ამ შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ვარაუდების გაკეთება, მსოფლიოს რა ნაწილებშია მოსალოდნელი კორონავირუსის გავრცელება უახლოეს კვირებში.

ესაა დიდი ქალაქები, სადაც კორონავირუსის გავრცელებას ვარაუდობენ: ლონდონი, მანჩესტერი, ბერლინი, პრაღა, ჰამბურგი, ვანკუვერი, ნიუ იორკი, ვარშავა, გლაზგო, კიევი, სენტ ლუისი და პეკინი.

მეცნიერი ტემპერატურის 2019 წლის მარტისა და აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელება შეეხოს მანჯურიას (ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი პროვინცია), ცენტრალურ აზიას, კავკასიას, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას, ბრიტანეთის კუნძულებს, აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთსა და ცენტრალურ დასავლეთს და ბრიტანეთის კოლუმბიას. თუმცა, აღნიშნული კვლევა არ ითვალისწინებს ტემპერატურის მოსალოდნელ აწევას. დათბობა შესაძლოა იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ შემცირდა უხანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა...

მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის კვლევაში აღნიშნულია, რომ ვირუსი რაც უფრო ჩრდილოეთით გავრცელდება, პოპულაციის უფრო და უფრო ნაკლებ სიმჭიდროვეს შეხვდება, შესაბამისად, მისი გავრცელების შესაძლებლობა ამ მიმართულებით დაიკლებს.

საჯადი ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსების ოჯახი, რომელსაც მეცნიერები უკვე იცნობენ (მაგალითად, ე.წ. SARS და MERS) დეკემბერი-აპრილის პერიოდში ყველაზე აქტიურია, თუმცა, ზაფხულის თვეებში, ზომიერი კლიმატის მქონე რეგიონებში არ მჟღავნდება. შესაბამისად, შეიძლება იმ ოპტიმისტური ვარაუდის გაკეთებაც, რომ მომავალ თვეებში, ჩრდილოეთ განედის 30-ე პარალელის ზედა ნაწილში არსებულ ტერიტორიაზე, COVID-19 საგრძნობლად შემცირდება.

ნალებად დამაიმედებელია ის, რომ მეცნიერი მსჯელობისას არ გამორიცხავს, ახალი კორონავირუსი სეზონური აღმოჩნდეს, რაც ინფექციური დაავადებების ბევრ სახეობას, მათ შორის, კორონავირუსების სხვა სეროტიპებს ახასიათებს.