ავტორი:

აამოქმედებს თუ არა NATO მე-5 მუხლს კორონავირუსის წინააღმდეგ - რა სცენარებზე საუბრობენ მსოფლიო ექსპერტები

აამოქმედებს თუ არა NATO მე-5 მუხლს კორონავირუსის წინააღმდეგ - რა სცენარებზე საუბრობენ მსოფლიო ექსპერტები

შეინარჩუნებს თუ არა დასავლეთი ერთიანობას კორონავირუსის წინაშე? - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "ამერიკის ხმა".

კორონავირუსი საზოგადობრივი ჯანდაცვის კრიზისთან ერთად ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ეროვნული უსაფრთხოების საკითხად იქცა. საზღვრების დახურვასთან ერთად, ქვეყნები ცდილობენ იმ ეკონომიკურ რეცესიის შეჩერებას, რაც შესაძლოა პანდემიას მოჰყვეს. კოვიდ-19 ის პანდემიამ განაახლა საუბარი საერთაშორისო მოთამაშეების როლზე, იმაზე თუ რამდენად ერთიანია დასავლეთი, უმკლავდება თუ არა ევროკავშირი გამოწვევას და რა უნდა გააკეთოს ნატომ და სხვა რეგიონულმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, გლობალურ პანდემიასთან საბრძოლველად.

კვლევითი ორგანიზაცია, „ატლანტიკური საბჭოს“ პრეზიდენტმა ფრედერიკ კემპმა საკუთარ სტატიაში შეერთებულ შტატებს მოუწოდა ატლანტის ოკეანის ორივე სანაპიროზე არსებული უნდობლობის გადასაჭრელად ნატოს ეგიდით მეხუთე მუხლი აამოქმედოს კორონავირუსთან საბრძოლველად.

„კორონავირუსი გლობალური კრიზისია, ის არ არის ლიმიტირებული არცერთ კონტინენტზე და ის თანამშრომლობას მოითხოვს და არა ცალკეულ ქმედებას“, - განაცხადა მან „სი-ენ-ბი-სი“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

კემპი პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებს, გადადგას „თუნდაც სიმბოლური“ ნაბიჯი, ევროპელი მოკავშირეებისთვის მხარდაჭერის საჩვენებლად.

„ევროკავშირმა არ მოიწონა ფაქტი, რომ შეერთებულმა შტატებმა მოგზაურობის აკრძალვის გადაწვეტილება ცალმხრივად და კონსულტაციის გარეშე მიიღო“, - ამბობს ის.

"თუ ნატომ მოახერხა მეხუთე მუხლი აემოქმედებინა არა-სახელმწიფოებრივ მოთამაშესთან საბრძოლველად, რომელმაც გაილაშქრა შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ რატომ არ უნდა ვებრძოლოთ ჩინეთიდან წამოსულ კოვიდ-19-ს ასევე", - წერს ის.

„გამომდინარე არსებული ტრანსატლანტიკური უთანხმოებებიდან, ახლა ერთიანობის სიმბოლური ნაბიჯის უფრო დიდი საჭიროებაა ვიდრე 11 სექტემბრის შემდეგ იყო“, - წერს ის.

თუმცა, ამ შეხედულებას ყველა არ იზიარებს. „თანამედროვე ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის“ მკვლევარი, რეიჩელ რიზო, ამბობს, რომ ნატოს მისია არაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისთან გამკლავება.

„ნატო არ შექმნილა მსოფლიოს გარშემო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის საპასუხოდ, და მას არ აქვს საჭირო უნარები, რომ პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე ეფექტური ორგანიზაცია იყოს“, - ამბობს ის.

„სხვა თუ არაფერი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები უფრო ახლოს უნდა თანამშრომლობდნენ, ორმხრივად და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად. მართალია, ამ კრიზისს ნატოს წევრ ყველა ქვეყანაზე აქვს გავლენა და ორგანიზაციის შიგნით და საჯაროდაც კომუნიკაციის არხები უნდა იყოს ღია, მაგრამ ზოგადად, მე სკეპტიკურად ვუდგები იმ მოსაზრებას, რომ ნატომ [კორონავირუსს] კოლექტიურად უნდა უპასუხოს“, - უთხრა მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას.

ნატოს ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს, ასევე „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ პრეზიდენტი ალინა პოლიაკოვა. თუმცა პოლიაკოვა ხაზს უსვამს, რომ მეხუთე მუხლის ამოქმედების საჭიროებას ვერ ხედავს.

„ნატო მოკავშირეების პასუხის კოორდინაციაში უნდა იყოს ჩართული. თუმცა მეხუთე მუხლი არ არის საუკეთესო მექანიზმი ამის გასაკეთებლად. ნატო შეიქმნა სამხედრო თავდასხმის და არა საზოგადოებრივი კრიზისის საპასუხოდ“, - ამბობს ის.

ამ დრომდე, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, კრიზისთან ბრძოლაში მისი როლის შესახებ ჯერ არ უსაუბრია. თუმცა 6 მარტის განცხადებაში, ნატომ აღნიშნა, რომ იღებს საჭირო ზომებს მისი ჯარების დასაცავად ვირუსისგან და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ორგანიზაციის ადმინისტრაციულმა ორგანომ უწყვეტად განაგრძოს კრიტიკული სამუშაოს შესრულება.

ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირი კრიზისმა ყურადღების ცენტრში მოაქცია. ბრიუსელი ფინანსურ ზომებზე მუშაობს, რათა ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენა შეამციროს. ეს პირველი კრიზისი არაა, რომელთანაც უკანასკნელ წლებში გაერთიანებას გამკლავება უწევს. ევროკავშირის ინსტიტუტები საიმიგრაციო თუ ფინანსურმა კრიზისმა ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა. ბრიუსელის ნაბიჯებით უკმაყოფილებას წარსულში, კონტინენტზე ევროსკეპიტიციზმის გავრცელება მიოჰყვა. მათ შორის იტალიაში, სადაც ახლა ბრიუსელს მკაცრად აკრიტიკებენ. რომი, ევროკავშირის წევრებს შორის, ვირუსმა ყველაზე მეტად დააზიანა. იტალიელი პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის პოპულისტი ლიდერი მატეო სალვინი, გაერთიანებას იტალიისთვის სათანადო დახმარების არგაწევაში სდებს ბრალს, და აცხადებს, რომ კრიზისის დასასრულთან ერთად, ისინი ბრიუსელთან სამომავლო თანამშრომლობას გადახედავენ.

"ატლანტიკური საბჭოს" ევროპული ინიციატივის ხელმძღვანელმა ბენჯამინ ჰადადმა, "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში, ერთი კვირის წინ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ერთიანობა უნდა აჩვენოს და შეერთებულმა შტატებმა ევროპელ მოკავშირეებს მხარი უნდა დაუჭიროს. "რადგან არ არსებობს ნაციონალისტური პასუხი, გლობალურ კრიზისზე", - ამბობს ჰადადი.

"ახლა დროა ევროპელებმა აჩვენონ ერთმანეთის სოლიდარობა. იქ, სადაც [ტრანსატლანტიკური] ალიანსი წარუმატებელია, ევროკავშირმა უნდა აჩვენოს ერთიანობა და უნარი, რომ შეუძლია მოქალაქეებს დაეხმაროს. თავდაპირველად, გაყოფილი და ქაოტური პასუხის შემდეგ, ევროპის ლიდერებმა ეკონომიკური ვარდნის საპასუხოდ 25 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირეს მხარი", - წერს ჰადადი.

2008-2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, მიმდინარე პანდემია პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიო ეკონომიკა კვლავ მოექცა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე. კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, კითხვები თუ რამდენად მოახერხებენ მოკავშირეები ატლანტის ოკეანის ორ მხარეზე ამ კრიზისის გადაჭრას, და შეინარჩუნებენ, თუ არა ისინი ერთიანობას, კვლავ უპასუხოდ რჩება.

წყარო: "ამერიკის ხმა"

"შევაჩეროთ მოპარვა" - ტრამპი 6 იანვარს, ვაშინგტონში დიდ საპროტესტო მსვლელობას აანონსებს

"უეცარად გაუმწვავდა რადიკულიტი..." - ჯანმრთელობის პრობლემის გამო რომის პაპი ახალი წლის მესას ვერ გაუძღვება

ახალმა ზელანდიამ 2021 წლის დადგომა აღნიშნა