ავტორი:

"აპრილში "გაზაფხულის წაყინვებს" ველოდებით" - რას ამბობენ სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ვარდნაზე

"აპრილში "გაზაფხულის წაყინვებს" ველოდებით" - რას ამბობენ სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ვარდნაზე

მიმდინარე კვირაში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და ეს მაშინ, როცა უკან ჩამოვიტოვეთ თბილი ზამთარი და ასევე თბილად დაწყებულ გაზაფხულზე, უკვე ხეხილიც აყვავდა.

17 მარტს თბილისში გაზაფხულის თოვლი მოვიდა, თუმცა როგორც გავარკვიეთ, თოვლი მარტში სხვა წლებშიც მოსულა.

რამ გამოიწვია ტემპერატურის ვარდნა, აციება და როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში? - ამაზე AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგეტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე ესაუბრება:

- 15 მარტიდან გავაფრთხილეთ ხალხი იმის თაობაზე, რომ საქართველოში ცივი, ნოტიო ჰაერის მასები უნდა შემოსულიყო და გავრცელებულიყო.

16 მარტს დაბლობში ყველგან წვიმდა - როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე - აღმოსავლეთში, მაღალმთაში - თოვდა. ღამითაც და დღისითაც აღმოსავლეთ საქართველოში ბარში უკვე ყველგან თოვდა, მათ შორის, თბილისში. გარეუბნებში უმეტესად თოვლი იყო და ცენტრალურ უბნებში - თოვლ-ჭყაპი, დროგამოშვებით წვიმდა, იყო ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი.

დღეს გამოიდარა, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ვვარაუდობთ, რომ ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -4 გრადუსამდე დაეცეს. თბილისში -1 გრადუსზე დაბალ ტემპერატურას არ ველოდებით. საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ერთი ღამით ხდება.

21-22 მარტს ღამის საათებში ტემპერატურა მოიმატებს. ველოდებით დადებით ტემპერატურას ბარში/დაბლობში, ხოლო მთაში და მაღალ მთაში ჯერჯერობით ღამით უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

საერთოდ ადრეული წაყინვების საშიშროება აპრილის პირველ დეკადაში არსებობს ხოლმე, ამიტომ, ჯერ დაზღვეულები არაფრისგან ვართ. საბედნიეროდ, ღამის საათებში ღრუბლიანობას ვინარჩუნებთ, ამიტომ, ძალიან არ მოყინავს. კარგია, რომ ჯერ ყველაფერი არ აყვავებულა და არ მგონია, ამ წაყინვებმა რაიმე სერიოზულად დააზიანოს.

მარტის თოვლიანი თბილისი, ფოტო: ნათული ფანოზიშვილი‎

- ე.ი. ტემპერატურის ვარდნას ისევ აპრილში პირველ დეკადაში ველოდებით?

- კი, ამას "გაზაფხულის წაყინვებს" ვეძახით და ის ყოველთვის აპრილის პირველ დეკადაშია მოსალოდნელი. შეიძლება არც არაფერი იყო, მაგრამ ბოლომდე გამორიცხული არაფერია.

- თბილისში თოვლის მოსვლას, ჭარბ ნალექს ხალხი იმას უკავშირებს, რომ ახალი კორონავირუსის გამო ქუჩაში ნაკლები ტრანსპორტი მოძრაობს და თვითმფრინავებიც ისე აქტიურად აღარ დაფრინავენ...

- თოვლი წელს ძალიან ბევრჯერ მოსულა აღმოსავლეთ საქართველოში... ტრანსპორტი არაფერ შუაშია. სხვა წლებში თოვლი მოსულა მათ შორის დედაქალშიც, ნალექს ვგულისხმობ...

გუშინ მაქსიმალური ტემპერატურა მთელს კახეთში +1-დან +2 გრადუსამდე მერყეობდა. თბილისში +3 გრადუსი დაფიქსირდა. ტრანსპორტის გაჩერებას ტემპერატურის დაცემაზე არ უმოქმედია, ეს ატმოსფეროში ჰაერის მასების გადაადგილების ბრალია. ამას ველოდებოდით და ზუსტად ასეც მოხდა.

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

"დათო ყოველთვის ჩემს გვერდითაა, რა საქმეც არ უნდა წამოვიწყო" - 2000-ინი წლების ცნობილი კლიპების რეჟისორის ახალი ცხოვრება კეთილი ნახატების სამყაროში

როდემდე იქნება ძალაში ძველი სანომრე ნიშნები