ავტორი:

"დილა რომ თენდება, ვიცი, საჭირო ვარ" - ქართველი დიზაინერი, რომელიც "ფეშენ" პირბადეებს კერავს და მსურველებისთვის სახლში თვითონვე მიაქვს

"დილა რომ თენდება, ვიცი, საჭირო ვარ" - ქართველი დიზაინერი, რომელიც "ფეშენ" პირბადეებს კერავს და მსურველებისთვის სახლში თვითონვე მიაქვს

სადეზინფექციო და ვირუსისგან დამცავი საშუალებები დიდი ხანია აფთიაქებიდან გაქრა. ამიტომ, ადამიანებმა სხვადასხვა ხერხს მიმართეს -. ზოგი სადეზინფექციო ხსნარს თვითონ ამზადებს, ზოგიც - პირბადეს იკერავს. დიზაინერმა ნინო ზენაიშვილმა, იგივე ზენკამ ძალიან ლამაზი პირბადეები შექმნა, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა და ამ მეტად მძიმე და ემოციებისგან გადაღლილ პერიოდში ადამიანებს ახალისებს კიდეც.

Ambebi.ge დიზაინერ ზენკას ესაუბრა.

- პირბადეების შქმნა, ცხადია, ამ ახალმა კორონავირუსმა გადაგაწყვეტინა. თუ მანამდეც ფიქრობდი ამაზე, ან იქნებ ამზადებდი კიდეც პირბადეებს?

- არ ვამზადებდი, მაგრამ იდეა როცა მომაწოდეს, იმ პერიოდში ვირუსს არ ეხებოდა. კლუბებში გავიკეთებთო - მითხრეს, რადგანაც ჩემი ნახატები მოსწონდათ და ასეთი აზრი შემომთავაზეს. მოკლედ, მითხრეს შენი ნამუშევრები ამ ფორმითაც (პირბადე) სიამოვნებით მექნებაო.

დავიწყე ფიქრი, მოვიძიე ინფორმაცია, მოდელები, რა, როგორ შეიძლებოდა და იმ პერიოდში დაიქცა ქვეყანაც - გაჩნდა ეს საშინელი ვირუსი. თუმცა აქ მაინც ბოლო წვეთი ჩემი სხვა მეგობარი იყო, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი იმ საშინელი, ერთჯერადი პირბადით რომ დავინახე. გავგიჟდი, სხვებზეც არ მომწონდა ის. ვნერვიულობდი, რომ ისედაც დათრგუნვილები, კიდევ საშინელი ერთჯერადი პირბადეებით დადიოდნენ.

მოკლედ, ღამე გავათენე და 22 მოდელი (ქალისაც და მამაკაცისაც) მოვიფიქრე. რომ ვხატავდი, თან იმ ნამუშევრების ფოტოებს მეგობრებს ვუგზავნიდი, რამდენად მოეწონებოდათ. რატომღაც პანდები მქონდა დახატული, რადგანაც ეს ცხოველი მიყვარს... უცებ, ერთი მეგობარი მეუბნება - ეს პანდები პანდემიის ამბავში დახატეო? და იქიდან წავიდა მერე უკვე საქმე.

ახლა ვდგავარ და ჩემს პირბადეებს სახლებში ვარიგებ, რომ მათ არ მოემატოთ მიტანის ფასი. ეს არის ჯანმრთელობის დაცის კამპანია და ცოტა „ფეშენიც“, რომ პირბადით გაპრანჭვა ამ სტრესულ სიტუაციაშიც შეიძლება, რომ არაა ეს სიმახინჯე. მოკლედ, ლამაზია და გიცავს.

- მრავალჯერადია?

- კი, უნდა გაირეცხოს. ფერი არ გადასდის. არ ფუჭდება, უთოვდება და კიდევ დიდხანს გამოდგება. ამასთან, კორონა რომ ჩაივლის, გუდაურში და კლუბშიც გამოიყენებენ.

მიხარია, რომ ტანსაცმელთან შეხამებული პირბადეები მაქვს და არც სუნთვა მიჭირს. მაქსიმალურად ვეცადე, რომ კომფორტული ყოფილიყო. ჯერ ჩემი ოჯახის წევრებზე გამოვცადე.

მგონი, სხვა მოდელებსაც დავამუშავებ. გაჩერებას არ ვფიქრობ. უკვე იმდენი ადამიანი გავახარე და გავახალისე, რომ ამით მეც დიდი სტიმული მომეცა. მარტო ის რად ღირს, რომ უყურებ, როგორ არჩევენ შენს ნამუშევრებს და ყველა რა ბედნიერია - მამაკაციც და ქალიც.

დილა რომ თენდება, ვიცი, რომ საჭირო ვარ და თბილისში უამრავი ადამიანი მელოდება იმისთვის, რომ გავაფერადო.

- კიდევ ერთხელ რომ გვითხრა, შენი პირბადეები ერთჯერადები რომ არ არის, ამას როგორ მიაღწიე?

- როგორც ვთქვი, ირეცხება და უთოვდება. სამშრიანი ქსოვილია და ისეთი, რომ უთო არ წვავს, თუმცა ძალიან სქელიც არაა. რეცხვისას არც ფერი გადასდის. საერთოდ, გაუთოვება მიკრობებს ანადგურებს, ამიტომაც არის უსაფრთხო. აირწინაღის შეხედულება არ აქვს, სამედიცინო კვლევა არ გაუვლია, მაგრამ საერთოდ, ლაბორატორიის დასკვნა ვიცი, თუ პირბადე კარგად გიკეთია სახეზე, მორგებულია და იცავ ჰიგიენის წესებს, ვირუსისგან მეტ-ნაკლებად დაცული ხარ.

ეს პირბადე ყოველდღიურად უნდა იცვალო, რეცხო. ასევე შეგიძლია შიგნიდან მარლის თხელი ფენა დაუდო. ვისაც ძლიან ეშინია, მინდოდა, შიგნიდან ჯიბე გამეკეთებინა, მაგრამ არ ვიცოდი, სასუნთქად რამდენად კომფორტული იქნებოდა და გადავიფიქრე.

- პირბადისთვის ლამაზი ნახატები გაქვს შექმნილი...

- რასაც ვხატავ, ქსოვილზე ზემოდან იპრინტება. ამ ნახატების შექმნაზე, ხომ ვთქვი, ღამე გავათენე. გრაფიკული დიზაინი შესწავლილი მაქვს და ამ მიმართულებით ბევრი რამ მაქვს უკვე გაკეთებული, მათ შორის, ჩემი შარფები, რომელიც ჟენევაში ჰერმესის მაღაზიასთან გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა. თანდათან ბევრი იდეა მოდის, რომელსაც ნელ- ნელა განვახორციელებ.

- ე.ი. "ფეშენ“ პირბადეებზე მოთხოვნა დიდია?

- კი... ვცდილობ, ყველას მოვუსწრო და მივუტანო. რაც შეეხება ამ პანდემიას, რომელშიც ჩვენც აღმოვჩნდით, მგონია, რომ ქართველები ყველაფერს გავუძლებთ და დავძლევთ. კარგია, რომ ბევრ რამეს იუმორით ვუყურებთ და ვფიქრობ, აქამდეც ამან მოგვიყვანა. ამიტომ, ყველაფერი კარგად იქნება. პრობლემაც აუცილებლად წავა.

Bosch-მა კორონავირუსის სწრაფი ტესტი შექმნა

ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა

24 მარტს ცეცხლოვანი და მოულოდნელობებით აღსავსე ახალმთვარეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს