ავტორი:

"მე და ანას შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს..." - თენგიზ ცერცვაძე მეუღლეზე, კარიერასა და უცნაურ ჰობზე

"მე და ანას შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს..." - თენგიზ ცერცვაძე მეუღლეზე, კარიერასა და უცნაურ ჰობზე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი - ეს არის სრული დასახელება იმ კლინიკისა, რომელსაც ყველა ინფექციური საავადმყოფოს სახელით მოვიხსენიებთ და ბოლო პერიოდში, ვირუსების გამწვავების ფონზე, დაწესებულება და მისი დირექტორი - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

ცერცვაძე ერთ-ერთია, ვისაც თითქმის ყოველდღე უწევს საზოგადოების წინაშე გამოსვლა და კორონავირუსთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაყენება. ასევე ერთ-ერთია, ვისი პროფესიონალიზმისა და სიმშვიდის იმედი აქვს საზოგადოებას.

გთავაზობთ ჟურნალ "გზის" მიერ ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კარიერაზე, უცნაურ ჰობიზე, მეუღლეზე საუბრობს, რომელიც ასევე ექიმია:

- ჩემი ინტერესის სფერო სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი იყო. ახალგაზრდობისას ნადირობა მომწონდა, ახლა დიდი ხანია, აღარ მინადირია. სპორტში ოფიციალურად დაკავებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვთამაშობდი კალათბურთს და მაგიდის ჩოგბურთს, ჭადრაკში კი სპორტის ოსტატობის კანდიდატის ტიტული მქონდა. ახლა, როდესაც ასაკში შევედი - 70 წელს გადავცილდი, აღარც დრო მრჩება და აღარც ენერგია, რომ სპორტით დავკავდე ან ვინადირო. ახლა ჩემი ჰობი ბუების შეგროვება გახდა, 1000-ზე მეტი ეგზემპლარი მაქვს.

- რატომ მაინცდამაინც ბუ?

- გულწრფელად გითხრათ, თავისით მოხდა ასე, თუმცა, მერე რომ დავფიქრდი, ალბათ ნადირობის გავლენაა, რადგან ბუ ყველაზე კოლორიტული, განსხვავებული ფრინველია და რაღაცნაირი გამოხედვა აქვს. სხვები დღისით აქტიურები არიან, ნადირობენ, ღამე სძინავთ, ბუ კი პირიქითაა. ბევრი ლეგენდაა, რომ ბუ ბრძენი ფრინველია და ა.შ. მე რა ბუებიც მაქვს აქ, ნახევარზე მეტი წიგნზე ზის ან მაგისტრის ქუდი ახურავს, რაც სიბრძნესთან, მეცნიერებასთან ასოცირდება. უცხოეთში ხშირად მიწევს სიარული და თავიდან, რამდენიმე ბუ იქიდან ჩამოვიტანე.

მერე ჩემი ამ გატაცების შესახებ მეგობრებმა და პაციენტებმა რომ გაიგეს, ისინიც მჩუქნიდნენ... ახლა დირექტორი და ხელმძღვანელი ვარ და ძირითადად, რთულ შემთხვევებში ვუწევ კონსულტაციას, მაგრამ თავის დროზე, 20-30 ათასი პაციენტი მყავს გატარებული და არასოდეს, არც ერთისგან არც ფული ამიღია, არც ფასიანი საჩუქარი. ეს იციან, მაგრამ უნდათ, რაღაცით პატივი მცენ და ერთმანეთს გადასცეს, - აი, ბუს თუ მიუტან, უარს ვერ გეტყვისო.

თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან, ანა თოფურიასთან ერთად

სხვა რამეს უკან გავატან. ამიტომ, მოაქვთ და მოაქვთ ეს ბუები. მათ შორის, უნიკალურებიცაა. მაგალითად, მარმარილოს დიდი ბუ, რომელიც თურმე, თავის დროზე სტალინის კაბინეტში იდგა. მერე, მუზეუმში მოხვდა და ბოლოს მე მისახსოვრეს. საავტორო ბუებიც მაქვს, ვენეციური შუშისგან დამზადებულიც და ა.შ. მოკლედ, აქ ნახავთ როგორც ძალზე იაფიან სუვენირებს, ისე ძვირად ღირებულ ეგზემპლარებს.

- უამრავი ჯილდოც გაქვთ მიღებული, მათ შორის, შარშან ბრწყინვალების ორდენი გადმოგეცათ, რაც ექიმებში იშვიათია.

- დიახ, ბრწყინვალების ორდენს დებულებაში უწერია, რომ განსაკუთრებული დამსახურებისთვის ენიჭებათ, ექიმებში სულ 2-3 ადამიანს აქვს. ჩემთვის მთავარი არასდროს ყოფილა ჯილდოები, მაგრამ ცხადია, დაფასება სასიამოვნოა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ყოველთვის იყო მუშაობა და პროფესიული წარმატება, პაციენტის გადარჩენა! სწორედ თითოეული განკურნებული პაციენტია ჩვენთვის ისეთი სიხარულის მომნიჭებელი, რომელსაც ვერც ერთი ჯილდო ან გამოქვეყნებული სტატია ვერ მოგანიჭებს. 21-ე საუკუნეში სამი მთავარი ინფექციაა - შიდსი, C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი.

ამ სამიდან ორის შეჩერებაში მე და ჩემმა გუნდმა მივიღეთ მონაწილეობა (ამაზე წლებია უნიკალური მუშაობა მიმდინარეობს ჩვენთან), შიდსში მთლიანად, ექსკლუზიურად, C ჰეპატიტში კი სხვებთან ერთად, თუმცა, ძირითადი ტვირთი ჩვენზე გადავიდა და რაც მთავარია, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება 2025 წელს, რომელიც არა მხოლოდ C ჰეპატიტის ელიმინაციას, ანუ აღმოფხვრას მოახდენს, არამედ შიდსის ეპიდემიასაც დაამთავრებს!

- ბატონო თენგიზ, თქვენს ოჯახზეც გვითხარით რამე...

- მყავს მეუღლე - ანა თოფურია, რომელიც ასევე ექიმია, რევმატოლოგი, ინტელიგენტის ოჯახიდან. მისი როლი უდიდესია ჩემს პროფესიულ წარმატებაში. ჩვენ დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს და ცოტა გვიან დავქორწინდით რიგი მიზეზების გამო და სამწუხაროდ, შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს. ყველაფერში, რასაც მივაღწიე, ანა თოფურიას უდიდესი დამსახურებაა. ჩემი მეგობრები ჯერ მის სადღეგრძელოს სვამენ და მერე - ჩემსას...წაიკითხეთ სრულად

"ჩემი ძმა ახლოს არ მიუშვეს, საშიშიაო" - ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილი მადრიდში სპეციალურ აკლდამაში დაკრძალეს

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე 8 მილიონ ლარამდე დახარჯა