ავტორი:

"ერთმა აქ მყოფმა ქართველმა თქვა, 1 ევრო მაქვს დარჩენილიო... გვწერენ: დაეტიეთ, სადაც ხართო" - რას ყვება სტუდენტი, რომელიც ესპანეთიდან საქართველოში ვერ ბრუნდება

"ერთმა აქ მყოფმა ქართველმა თქვა, 1 ევრო მაქვს დარჩენილიო... გვწერენ: დაეტიეთ, სადაც ხართო" - რას ყვება სტუდენტი, რომელიც ესპანეთიდან საქართველოში ვერ ბრუნდება

მარია შაველაშვილი ესპანური ენის 3-თვიან კურსზე, ესპანეთში მანამდე გაემგზავრა, სანამ ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქება დაიწყებოდა. 22 წლის სტუდენტი, რომლის დედაც მადრიდში ცხოვრობს, ესპანეთის დედაქალაქში 13 იანვარს ჩავიდა, აპრილში კი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო.

მარიამ ამასობაში ესპანური მუსიკალური შოუს "ვოისის" ქასთინგშიც მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ეტაპზეც გადავიდა, თუმცა შექმნილი მდგომარეობის გამო, როგორც პროექტი, ისე ენის კურსიც გაუქმდა. ამჟამად სტუდენტი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

მარია შაველაშვილს AMBEBI.GE ესპანეთში დაუკავშირდა:

- წინა ზაფხულს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ყოველთვის ვამბობდი, რომ მომღერლობა მინდოდა, სწავლის პარალელურად არასდროს დამინებებია თავი და უნივერსიტეტის დამთავრების მერეც, 1 სეზონით კონსერვატორიის საოპერო გუნდში ვიყავი, მესამე წელია, თსუ-ს სტუდენტური კაპელის სოლისტი ვარ.

მქონდა მიზანი, საზღვარგარეთ, რომელიმე პროექტში მიმეღო მონაწილეობა. ჩემი ესპანეთში ჩამოსვლის მიზანი ენის 3-თვიანი კურსის გავლა იყო, აქ ჩამოსვლის მერე გავიგე, რომ „ვოისის“ ქასთინგები ტარდებოდა, თუმცა, უკვე დაწყებული იყო და მადრიდში ვიდეოს ატვირთვა დამაგვიანდა. ჩემი მონაცემები მადრიდის ნაცვლად სხვა, პატარა ქალაქში გავაგზავნე. შეცდომა მალევე გავიაზრე, მაგრამ გადავწყვიტე, თუ შემდეგ ეტაპზე გადავიდოდი, იმ ქალაქში ჩავსულიყავი - ეს მეტ თავგადასავალთანაც იქნებოდა დაკავშირებული. ძალიან დამეხმარნენ ქართველები, როგორც ჩემი მეგობრები და ნაცნობები, ისე - უცნობებიც.

ამ პატარა ქალაქში სხვა ქალაქებიდანაც იღებდნენ მონაწილეობას და სამეულში მოხვედრა ნიშნავდა იმას, რომ შემდეგ ეტაპზე ავტომატურად გიბარებდნენ, ჟიური აღარ გარჩევდა. ქართველების წყალობით, სამეულში მოვხვდი. ხმის მიცემა 8 მარტს დასრულდა, 12 მარტისთვის კი ცოცხალ ქასთინგზე დამიბარეს. თუმცა, 1 დღით ადრე, 11 მარტს ენის სკოლაში სწავლა შეწყდა, ქასთინგის გაუქმებაზე კი არავის შეუტყობინებია და 12 მარტს, როცა ბარგს ვალაგებდი, 3 საათით ადრე მომწერეს, რომ გაუქმდა. ასევე მითხრეს, რომ ყველაფრის აღდგენის შემდეგ აუცილებლად დამიკავშირდებიან, თუმცა, არავინ იცის, რა როდის აღდგება...

- ცდილობდი თუ არა სიტუაციის დამძიმებისთანავე საქართველოში დაბრუნებას და რა ბარიერები შეგხვდა?

- 11 აპრილს ჩემი აქ ჩამოსვლიდან 90 დღე გადის, მანამდე უნდა მომეხერხებინა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ მგონი, ამ წესს ყველა შემთხვევაში დავარღვევ, რადგან 10 აპრილამდე დანიშნული ჩარტერული რეისები ესპანეთს არ უკავშირდება. ენის სკოლაში სწავლა ქასტინგზე ადრე გამიუქმდა, მაგრამ ქასთინგი იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მასზე მთლიანად ვიყავი გადართული. ესეც რომ გაუქმდა, ვიფიქრე, აქ რაღა მინდა-მეთქი, იტალიის შემხედვარეც ვხვდებოდი, რომ ძალიან გაუარესდებოდა სიტუაცია.

15 მარტს შევძელი 21 მარტის რეისზე ბილეთის შეძენა, მანამდე ბილეთები დაუჯერებელი ფასი ღირდა - 1000 ევრო უნდა გადაგეხადა უბარგო, ერთი გზის ბილეთში. ასეთ სიტუაციაში ამ თანხის გადახდა შეუძლებელია, ფიზიკურად ვერსაიდან მოიტან, თან დედაჩემი ამჟამად უმუშევარია

რეისი მადრიდი-ამსტერდამი-თბილისი იყო, 20 მარტს კი კომპანიამ მომწერა, რომ მადრიდიდან ფრენამ 5 საათით გადაიწია, ამსტერდამი-თბილისზე გადაჯდომას კი ვერ ვასწრებდი. საქართველოს საელჩომ ესპანეთში, სტუდენტებისთვის WhatsApp-ჯგუფი გააკეთა, სადაც ერთმანეთს სულ ვწერთ, საელჩოც ინფორმაციებს გვაწვდის. იქ ბევრი ქართველი გავიცანი, ზოგს სამჯერ გაუუქმდა ფრენა, ზოგი ისეთი ბილეთით წავიდა, რომ რამდენიმე ქალაქის გავლა უწევდა - ასე ძალიან ბევრი ჩარჩა, მაგალითად, მიუნხენში.

მე ვერ გავრისკე, რადგან ყოველ საათში რაღაც ფრენა უქმდებოდა და თან, ასეთ სიტუაციაში ამდენი აეროპორტის გამოცვლა კიდევ უფრო სახიფათოდ მეჩვენება. მანამდე ათენის და კიევის ბილეთების ყიდვასაც ვაპირებდი, რომელიც გაუქმდა - კიდევ კარგი, ვერ მოვასწარი, თორემ ბევრმა კომპანიამ თანხა ვაუჩერად დააბრუნა.

არავის ეგონოს, სპეცრეისების იმედზე ვართ, ყველა ეცადა, როგორმე წამოსულიყო. ვიღაცები იმასაც ამბობდნენ, თუ დაბრუნება გინდოდათ, დროზე დაბრუნებულიყავითო

ერთადერთი თხოვნა გვაქვს, რომ სპეცრეისი აქაც დაინიშნოს, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მესმის, რომ ყველგან არიან ქართველები, მაგალითად, საბერძნეთში უფრო მეტი ქართველია, მაგრამ ახლა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ისინი ასეთი ცხელი წერტილებიდან დაბრუნდნენ. ესპანეთში 3 ქართველი უკვე გარდაიცვალა, ღმერთმა დაიფაროს ყველა, მაგრამ არავინ არაფრისგანაა დაზღვეული.

წაიკითხეთ მარია შაველაშვილის ბლოგი მადრიდიდან: "გაკვირვებული ვუყურებდი, ქომაგთა არმია "ბორჯღალოსნებთან" მოედანზე როგორ შევარდა..."

- ამჟამად, რა გარემოებებში გიწევს ესპანეთში ყოფნა და რამდენად ახერხებ უსაფრთხოების ზომების დაცვას?

- მე შეიძლება სხვა ბავშვებზე კარგად ვარ, რადგან დედაჩემთან ერთად ვარ, რაც სულიერად მაძლიერებს. ბევრი მარტოა და ვერაფერს აკეთებს, ბინის ქირა როგორ უნდა გადაიხადონ, ესეც არ იციან. სახლში, სადაც ახლა ვარ, 4 ქართველი ქალი ცხოვრობს, მათგან ორს ჯერ კიდევ უწევს მუშაობა. ეს მათთვისაც და შეიძლება, ჩვენთვისაც დამატებითი საფრთხე და რისკია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ აბაზანას ვიყენებთ... ჩვენ უსართხოების ნორმებს ვიცავთ, მაგრამ სახლიდან რომ გადიხარ, უკვე ყველგან შეიძლება ვირუსთან გქონდეს შეხება.

ერთმა აქ მყოფმა ქართველმა ამას წინათ დაწერა, 1 ევრო მაქვს დარჩენილიო. შეგვეცოდა, ვკითხეთ, რომელ ქალაქში იყო, საჭმელი თუ ჰქონდა, რათა დავხმარებოდით, მაგრამ გვითხრა, რომ ჯერჯერობით, დახმარების მიღების საშუალება სხვებისგან ჰქონდა. ბევრი ადამიანია, ვისაც უჭირს, სტუდენტები, ვინც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. სტუდენტები ვართ, არც ვმუშაობთ - რა უნდა გავაკეთოთ?

ძალიან ბევრი ქართველის კომენტარი შემხვდა, სოციალურ ქსელში ჩემს გვერდზეც შემოვიდნენ და დაწერეს, დაეტიეთ, სადაც ხართო. არ ვიცი, რატომ ჰგონიათ, რომ ჩამოსულები საფრთხეს შევუქმნით? რომც შემომთავაზონ თვითიზოლაციაში წასვლა, კარანტინს მოვითხოვ, რადგან არც კი მეცოდინება, მაქვს თუ არა ვირუსი. ჩვენ აქ რეალურად ვხედავთ, რამხელა საფრთხის წინაშე ვართ.

საქართველოში ბევრი ადამიანი ვერ ხვდებოდა, რასთან ჰქონდა საქმე. ეს ვირუსი ბომბივითაა, ერთ დღეს შეიძლება, 1 ადამიანი იყოს ინფიცირებული, მეორე დღეს - 1000

ყველა სტუდენტი თანახმაა, ჩამოსვლის შემთხვევაში კარანტინის ზომები დაიცვას, სირბილს არავინ ვაპირებთ.

- როგორც აღნიშნე, საელჩოსთან აქტიური კონტაქტი გაქვთ. რა ინფორმაცია მოდის მათგან?

- საელჩოს მადლობლები ვარ, შეგვკრიბეს, გააკეთეს სიები, სადაც ჩვენი პირადი ინფორმაციაა, ვინ სად ვიმყოფებით. გვეგონა, სიები სპეცრეისისთვის იყო, მაგრამ ამაზე არაფერი ისმის. საელჩოც სავარაუდოდ, მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება. გასაგებია, 10 აპრილის მერე სხვა ქალაქებსაც დავამატებთო, მაგრამ რატომ არის რეისი პირველ რიგში პოლონეთსა და ათენში? ეს ქვეყნები საერთოდ არაა რისკ-ზონაში.

ესპანეთის კლინიკებში ადგილები აღარაა. არ მინდა, ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ რამე რომ დაგვემართოს, არ ვიცი, ვის უნდა მივმართო.

ამჟამად, გარეთ გასვლა იკრძალება, ეს მხოლოდ პროდუქტის საყიდლადაა შესაძლებელი - პოლიცია გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებს, გაჩერებენ და ინტერესდებიან, გარეთ რა გინდა. თუ პასუხი არ გექნება ან გამოგიჭერენ, რომ დასეირნობ ან ვიღაცასთან მიდიხარ, სერიოზულ ჯარიმას დაგაკისრებენ. ყოველდღე, საღამოს 8 საათზე ხალხი ერთმანეთს ამხნევებს, აივნებიდან და ფანჯრებიდან ერთმანეთს ტაშს ვუკრავთ და მადლობას ვუხდით ექიმებს, პოლიციას და ყველას, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული. თუმცა, ქალაქი ფაქტობრივად, მკვდარია.

- რა იქნება შენი თხოვნა და მოწოდება ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის მიმართ?

- ზოგადად, ჩემს ქვეყანას ვთხოვ, დამიდგეს გვერდში მე, დანარჩენ 50 სტუდენტს და ქართველებს, რომლებიც აქ ჩარჩნენ, არავის აქ ასე ჩარჩენა არ უნდოდა. ჩვენ აქ ქირით ვართ და ჩვენი თხოვნაა, რაც შეიძლება მალე დაინიშნოს სპეცრეისი. ისიც გავიგე, თითქოს პრიორიტეტი ესპანეთი არ არის, აბა, სხვა რაღა უნდა იყოს პრიორიტეტი? ყველას თუ შეგვხვდა ეს ვირუსი, ვინ მოგვხედავს?

მოსახლეობისადმი მექნება თხოვნა: მეტი ადამიანობა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ, დაანებონ თავი ყველანაირ უარყოფითს და ნეგატივს, მითუმეტეს, ამის დრო ნამდვილად არ არის. დაიცვან უსაფრთხოების ყველანაირი წესი - ჩვენ ახლა ყველაზე კარგად ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, თუ წესებს დაარღვევენ...

4-5 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი მძიმე პაციენტია ქვეყანაში და რამდენი ადამიანი იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე

417 ახალი ინფიცირებული და 2 469 გამოჯანმრთელებული - როგორია ბოლო დღე-ღამის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით