ავტორი:

ინციდენტი ზუგდიდში - რა მოხდა ქალაქის ბულვარში, სადაც მიხეილ სააკაშვილის შტაბი პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს არიგებდა

ინციდენტი ზუგდიდში - რა მოხდა ქალაქის ბულვარში, სადაც მიხეილ სააკაშვილის შტაბი პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს არიგებდა

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციას, სადაც პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს და ხელთათმანებს არიგებდნენ, ინციდენტი მოჰყვა. იმ პირობებში, როცა ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ბულვარში სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება "რადიო ათინათი" იუწყება, მიუხედავად პოლიციელების ადგილზე ყოფნისა და მოწოდებისა, მოქალაქეებს დისტანცია დაეცვათ, ხალხი ერთად იყო შეჯგუფებული და ყველა ცდილობდა ზემოაღნიშნული ნივთები მიეღო.

ინციდენტთან დაკავშირებით, თავის მართლება მოუხდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ზუგდიდთან დაკავშირებით... ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე. სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში - რიგის, დისტანციის დაცვით.

ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც, რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში.

როგორც კი საფრთხე გაანალიზდა, დარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი. ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს.

ზუგდიდის ინციდენტმა აჩვენა ერთის მხრივ ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორეს მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა" - დაწერა მელიამ.

ინციდენტს გამოეხმაურა "მიხეილ სააკაშვილის შტაბიც":

სააკაშვილის ბიბლიოთეკაში გახსნილ შტაბში პირბადეებს აფასოვებენ

"პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო სითხე რიგდება უკვე 2 კვირაა მთელი საქართველოს მასშტაბით მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის ეგიდით ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფების მიერ, რადგან მთავრობამ ვერ უზრუნველყო ამ დამცავი საშუალებების ხელმისაწვდომობა მოსახლეობისათვის.

ყველა დარიგების პროცესი იყო დაგეგმილი მთავრობის გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, რიგის რეგულირებას და ადამიანთა შორის დისტანციის დაცვა უზრუნველყოფილი იყო პოლიციის მიერ.

დღეს ზუგდიდში მოვიდა იმაზე მეტი ადამიანი ვიდრე პოლიციას წარმოედგინა, და მოხალისეებს დარიგების შეჩერება მოუწიათ.

განმეორებით მივმართავთ ხელისუფლებას, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, და ვთხოვთ რომ ტყუილების გავრცელების ნაცვლად ხელისუფლებამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად დაეხმაროს ხალხს" - ნათქვამია ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერთა მიერ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი ფოტო: რადიო ათინათი

"სხვა ტესტები შემოვა ქვეყანაში... თუმცა PCR ტესტების, ოქროს ტესტების მარაგი გვაქვს" - კახა კალაძე

იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა, განთავსდება ბლოკ-პოსტები, გაკონტროლდება მანქანები - რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა სამეგრელოში

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ღონისძიებები მკაცრდება - გუბერნატორი