ავტორი:

"ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ქათმის ხორცს აღარ ჭამენ" - ინდოელზე დაქორწინებული ქართველი ქალის ინტერვიუ დელიდან

"ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ქათმის ხორცს აღარ ჭამენ" - ინდოელზე დაქორწინებული ქართველი ქალის ინტერვიუ დელიდან

თამარა ლაშაური სამი წელია ინდოეთის დედაქალაქ დელიში ცხოვრობს და ინდოელ მეუღლესთან ერთად 1 წლის ბრაიანს ზრდის. ახალგაზრდა ქართველი ქალი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია და "ინსტაგრამზე" 60 000-მდე გამომწერი ჰყავს.

კორონავირუსის გავრცელებამ, მთელი მსოფლიოს მსგავსად ბევრი ინდოელის ყოველდღიურობა შეცვალა. კარანტინის გამოცხადების შემდეგ თამარა სულ სახლშია, რაც აზიის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დედაქალაქისთვის უჩვეულოა.

- როგორ მოხვდით ინდოეთში? გვიამბეთ თქვენი ქართულ-ინდური ოჯახის შესახებ...

- პირველად სამოგზაუროდ 2016 წელს ჩამოვედი ინდოეთში, რადგან ბავშვობიდან მიყვარდა ეს ქვეყანა. უცნაურია, მაგრამ ჩემი ინდოელი მეუღლე საქართველოში გავიცანი, კლიპის გადასაღებად იყო ჩამოსული. ძალიან მალე გადავწყვიტეთ დაქორწინება. ჩვენ ოჯახებს არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, პირიქით.

ინდოეთში ამ ეტაპზე არაფერს ვსაქმიანობ, ვზრდი ერთი წლის ბრაიანს. მოდის დიზაინი მაქვს დამთავრებული თბილისის სამხატვრო აკადემიაში. "ინსტაგრამზე" პოპულარული ვარ, ხალხი ქუჩაში მცნობს კიდეც, ამიტომ პერიოდულად ფოტოსესიებზე მიწვევენ და ჩემი საკუთარი მცირეოდენი შემოსავალი მაქვს. მაგრამ კოორნავირუსის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა...

- ინდოეთი ახლა კარანტინშია, შეგიძლია გვითხრა, რა ხდება რეალურად?

- კორონავირუსი როგორც კი დაფიქსირდა მთავრობამ ფრენები ჩაკეტა, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვინც საზღვარგარეთიდან იყვნენ ჩამოსულები კარანტინში მოაქციეს. შეჩერდა შიდა ფრენებიც, მატარებლები აღარ მოძრაობენ, ერთ კვირაში ყველაფერი დაიკეტა, მას შემდეგ, რაც 50-მდე ინფიცირებულის შესახებ გახდა ცნობილი.

ტესტირება აქაც მიმდინარეობს, 700-მდე ადამიანია დაინფიცირებული და 14 გარდაცვლილი. თუმცა, ინდური მედიცინა ძალიან განვითარებულია და ინდოელი ექიმები მსოფლიოში ცნობილები არიან. ამიტომ ხალხი არ ნერვიულობს და არც პანიკაში არიან. ქუჩაში გასვლა საჭირო არ არის, ონლაინ შეგიძლია შეუკვეთო და სახლში მოაქვთ საჭმელი. ვინც უაზროდ გადის ქუჩაში, პოლიციამ შეიძლება კეტი აიღოს და ფეხებზე მოსცხოს, ასევე ფულადი ჯარიმებია, როდესაც ყველანაირი პირობა გაქვს გარეთ არ გახვიდე, არც უნდა გადიოდე.

- ადამიანების ნაწილს სახლი არ აქვთ, ქუჩაში ცხოვრობენ, რა მდგომარეობაში არიან ახლა ისინი?

- ასე ქუჩაში არავინ ცხოვრობს, პატარა ადგილები მაინც აქვთ, ბუნაგები სადაც სძინავთ და საჭმელს ამზადებენ. ყველას აქვს ამის შესაძლებლობა მაინც. ახლა მათთან პოლიცია დადის და ასეთ ხალხს საკვებს ურიგებს, რათა ერთმანეთთან არ ჰქონდეთ კონტაქტი.

სოციალურ ქსელში სტატუსიც დავწერე, რომ ინდოელებს ნუ დასცინით-თქო, ნუ იგონებენ, რომ გაზი, დენი და წყალი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, არიან გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც სახლი არ აქვთ, მაგრამ ისინი დღიურად მუშაობენ, ჩამოივლიან სახლებს ალაგებენ, ან სარეცხს აგროვებენ, რეცხავენ და შემდეგ უკან აბრუნებენ.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენთან პირბადეების დეფიციტი არაა. ყველგან იშოვება სადეზინფექციო ხსნარებიც და ტუალეტის ქაღალდიც არავის დაუტაცია კარანტინის წინ.

- საქართველოში დაბრუნებაზე არ გიფიქრია?

- არა, რატომ უნდა ჩამოვიდე? სტუმრად ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე, ახლახან ვიყავი და ინდოეთში თებერვალში დავბრუნდი. დელიში 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და კარანტინის პირობებში საოცარი წესრიგია ქალაქში და ძალიან ვნერვიულობ, როდესაც სამმილიონიან საქართველოზე ვკითხულობ, რომ ხალხი თვიიზოლაციას არღვევს.

- ინდური კლასტერი როგორია, თქვენთან ვინ შემოიტანა პირველად კორონავირუსი?

- ერთმა ინდოელმა ბიზნესმენმა, რომელიც იტალიიდან დელიში ჩამოვიდა. იმკურნალა და ახლა კარგადაა. რაც შეეხება გავრცელებას, ვარაუდობენ, რომ ქალაქ ჯაიპურში მოგზაური იტალიელი ტურისტებისგან გავრცელდა.

სხვათაშორის ერთ-ერთ ბოლივუდელ მომღერალს დაუდგინდა, კანიკა კაპურის, რომელიც ლონდონში მოგზაურობდა. რამდენიმე კვირის წინ ის პრინც ჩარლზს შეხვდა, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდგინეს.

- თამარა, არსებობს ვარაუდი, რომ ვირუსი მაღალ ტემპერატურაზე კვდება, მაგრამ ინდოეთის მაგალითზე ფაქტია, რომ ეს მოსაზრება მცდარია...

- სიცხეზე რომ კორონავირუსი კვდება არარეალური მგონია, ჩვენთან 30 გრადუსია, საკმაოდ ცხელა და მაინც ვრცელდება. კორონავირუსისგან როგორ უნდა დავიცვათ თავი ტელევიზიით უამრავი რეკლამა გადის, ფილმის მსვლელობისას აპაუზებენ და ირთვება ოცწამიანი მოწოდება, რომ გახვიდე და ხელები დაიბანო.

- თქვენთანაც თუ გავრცელდა მითები, რა არის ვირუსისგან დასაცავად უკეთესი და პირიქით, რისი მიღება არ შეიძლება?

- რეკომენდაციაა რომ ისეთი საკვები მიიღო, რომელიც C ვიტამინს შეიცავს, ესენი ციტრუსებს ისედაც ჭამდნენ. ვირუსის გავრცელების შემდეგ ქათამს არ ეკარება არავინ, არადა ძალიან უყვარდათ. დაიწია ქათმის ფასმა, არავინ ყიდულობს. არ ვიცი რატომ ეშინიათ, მაგრამ ხორცს აღარ ეკარებიან. ყველამ იცის რომ ქათმით არ ვრცელდება, მაგრამ ხომ გეუბნებით, ინდოელების დიდი ნაწილი აღარ ჭამს, როცა ქათამი ისე უყვარდათ, რომ ყოველდღე ჰქონდათ სუფრაზე.

- ინდოეთში უამრავი დღესასწაულია, როგორ მიიღო ხალხმა მთავრობისგან ასეთი მკაცრი ჩაკეტვა?

- დიახ, დღესასწაულები აქ ხშირადაა, რადგან ბევრი რელიგიაა და ყველა თავისი სარწმუნოების მიხედვით აღნიშნავს. ახლა ყველა რელიგიური ადგილი დაიკეტა, არადა საოცრად არის აქ ჩამწკრივებული სხვადასხვა კონფესიის სალოცავები ერთ ქუჩაზე, რაც ძალიან მომწონს და მიმაჩნია რომ ჰუმანურია.

ახლა ბოლო დღესასწაული "ჰოლი" მაინც ჩატარდა, მაგრამ ოჯახებმა აღნიშნეს თავისთვის. არადა ძალიან მასშტაბურია ხოლმე ფერების დღესასწაული. ახლა დასვენების ფაზაში ვართ, იმდენად აქტიურად ვცხოვრობდით და ჯერჯერობით დეპრესია არ დაგვწყებია.

ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონია

"თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება" - მეუფე იაკობი

"გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10-11 წლის წინო...ატყდა ერთი ამბავი" - მეუფე იაკობი ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შესახებ