ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება - მარინა ეზუგბაია დეტალებზე

კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება - მარინა ეზუგბაია დეტალებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ეს შემთხვევა ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფიცირებული პაციენტის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

“ცენტრში დილით ჩატარდა დაახლოებით 10 პაციენტზე ტესტირება და ერთ პაციენტზე პასუხი დადებითი იყო, დანარჩენზე უარყოფითი. ანუ, სულ 91 პაციენტია, აქედან 47 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული, დანარჩენი 44 კორონავირუსით ინფიცირებულების მიმღებ 6 დაწესებულებაში. წყარო ცნობილია, მოგზაურობას უკავშირდება და ეს არის ქვეყანა ინგლისი. დადასტურებიდან ერთ საათში კონტაქტების გამოვლენა ვერ ხერხდება. რა თქმა უნდა, მოხდება ამ კონტაქტების კვლევა თავიდან ბოლომდე, შესაბამისად, მათ კვლევა ჩაუტარდებათ“, - აცხადებს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი, 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის.

მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში კვლავ 4 პრობლემური პაციენტი რჩება, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„დილის შემდგომ ვითარება არ შეცვლილა. ჯერჯერობით, კვლავ გვრჩება პრობლემური 4 პაციენტი, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი ძალიან მძიმე პნევმონიით. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არსებული მონაცემებით მძიმე არ არის“, - აცხადებს ეზუგბაია.

მან აღნიშნა, რომ ინფიცირებული ახალი პაციენტი საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ჩამოსვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, კორონავირუსზე 7 პაციენტის ტესტია აღებული და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

„დღის მეორე ნახევარში აღებულია დაახლოებით 7 პაციენტზე ტესტირება და ვნახოთ ხვალ დილით ამ 7 პაციენტიდან რამდენს დაუდასტურდება“, - აღნიშნავს ეზუგბაია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91 -მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირი. 91 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა

"დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით" - როგორია თვითიზოლაცია-კარანტინის წესები

არც ერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს... ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს - თენგიზ ცერცვაძე